ავტობიზნესი, რომელიც წლის დასაწყისში სწრაფად იზრდებოდა, ერთბაშად დამუხრუჭდა

ავტობიზნესი, რომელიც წლის დასაწყისში სწრაფად იზრდებოდა, ერთბაშად დამუხრუჭდა

საქსტატმა 2020 წლის მარტის ეკონომიკურ ზრდის მონაცემი გამოაქვეყნა. შედეგად გასულ თვეში 2.7%-იანი რეცესია დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც ბრუნვა შემცირებულია, საცალო და საბითუმო ვაჭრობაა, ხოლო მათ შორის მსხვილი დარგი კი ავტომობილებია. მარტში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 38%-ით შემცირდა.

ავტობიზნესით დაკავებული ადამიანები ამბობენ, რომ შეკვეთები 2-3 თვის წინაა გაკეთებული, ამიტომ შემცირება უფრო მეორე კვარტალზე აისახება. ჯერჯერობით კი სახეზე წინა თვის მონაცემებია, როდესაც, ასე თუ ისე, ნორმალური ვითარება იყო.

„კავკასიის ბიზნეს ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილე დავით გულაშვილი ამბობს, რომ ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რადგან თუ მეორე კვარტალში შემცირება დაფიქსირდა, ამ დროის განმავლობაში მოთხოვნა დაგროვდება და მესამე და მეოთხე კვარტალში მონაცემები გაუმჯობესდება.

„მარტში საკმაოდ დიდი შეზღუდვები დაწესდა საქართველოში, რაც გაგრძელდა აპრილშიც. დაიკეტა რუსთავის ავტობაზრობაც, რამაც მნიშვნელვანი გავლენა მოახდინა ავტომობილების ბიზნესზე, თუმცა, ამერიკაში ავტომობილს რომ შეიძენ, სადღაც 2-3 თვე სჭირდება საშუალოდ ტრანსპორტირებას, შემდეგ 1-1.5 თვე სჭირდება, რომ მოვიდეს სარეალიზაციო მდგომარეოაბში და შემდეგ ხდება მისი საბაჟო სტატუსის დაფიქსირება - ან იმპორტი ან რეექსპორტი. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ავტოიმპორტის მაჩვენებლები შემცირდება 2020 წლის მეორე კვარტალში. ჩვენი შესყიდვებიდან გამომდინარე, განახევრდება ეს მონაცემები, მაგრამ ამასობაში მოთხოვნა აკუმულირდება და სადღაც მესამე-მეოთხე კვარატლიდან დაიწყება აღმასვლა“, - განაცხადა „ბიემთან“ დავით გულაშვილმა.

პარალელურად სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წელს საქართველოში ავტომობილების, სპეცტექნიკისა და მათი ნაწილების იმპორტი შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელმაც დაადასტურა, რომ კორონავირუსის პანდემიამდე ამ მხრივ ძალიან კარგად მიდიოდა საქმე.

„საქსტატის“ ცნობით, ქვეყანაში შარშან ჯამში, 691 406 800 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები; 72 309 300 დოლარის - სატვირთო ავტომობილები; 74 608 700 დოლარის - სპეცტექნიკა, 42 004 000 აშშ დოლარის სათადარიგო ნაწილები შემოვიდა.

მათ შორის, მსუბუქი ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს აშშ, საიდანაც, 289 369 800 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა; მას მოსდევს იაპონია - 177 831 500 აშშ დოლარით; მე-3 ადგილზეა - თურქეთი, 62 086 000 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილების იმპორტით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი გერმანია და გაერთიანებული სამეფო იკავებს, შესაბამისად, 55 552 100 და 29 886 100 აშშ დოლარის იმპორტით. რასაკავირველია, ყველა ამ სატრანსპორტო საშუალების და პროდუქციის რეალიზაცია წარმატებით განხორციელდა. მათი საკმაო ნაწილი წლის დასაწყისში აზერბაიჯანში გაიგზავნა.

საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ავტოიმპორტიორი კომპანიის დირექტორი გიორგი სურგულაძე მეზობელ ქვეყანაში რეექსპორტის მიზეზებს განმარტავს.

„აზერბაიჯანში იანვრიდან მოყოლებული, ავტომობილებზე მაღალი მოთხოვნა იყო. სანამ ეპიდემიის გამო სიტუაცია გამწვავდებოდა, რეექსპორტი აქტიურად ხორციელდებოდა. ვერ ვიტყვით, რომ სომხეთის ბაზარი ჩანაცვლდა, რადგან აზერბაიჯანში აბსოლუტურად სხვა კატეგორიის მანქანებზეა მოთხოვნა და სეგმენტი აშკარად გამორჩეულია, რასაც იქაური ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს.

რაღაც პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანში შეზღუდული რაოდენობით შეჰყავდათ ავტომობილები, ეს ტენდენცია განსაკუთრებით 2019 წლის ბოლოსთვის შეიმჩნეოდა. ბაზარი ასე ვთქვათ, „მოშიებული“ იყო, ამიტომ მიმდინარე წლიდან ავტობიზნესი განსაკუთრებით გააქტიურდა. პანდემიის საწყის ეტაპზეც არ შექმნილა დაბრკოლება, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია", - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი 131%-ით გაიზარდა და 79.2 მილიონ დოლარს მიაღწია. როგორ იქნება ავტომობილების იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებელი გლობალური პანდემიის პირობებში, ეს დაახლოებით 2 თვეში გამოჩნდება.