დიდი შანსია, სამშენებლო ბაზარზე 2008 წლის კრიზისი განმეორდეს

დიდი შანსია, სამშენებლო ბაზარზე 2008 წლის კრიზისი განმეორდეს

ტურიზმის, რესტორნებისა და ავიაციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმას სამშენებლო სექტორი მიიღებს. მართალია აქ გლობალური პანდემიის პირდაპირი დარტყმა შედარებით ირიბი იქნება, მაგრამ პრობლემა სხვა მხრივ იჩენს თავს. პოსტეპიდემიურ პერიოდში მატერიალური რესურსებისგან დაცლილ ხალხს არავითარი საშუალება აღარ ექნება უძრავი ქონება შეიძინოს.

დეველოპერულ სექტორში კრიზისი უკვე დაწყებულია. რეალიზაცია თითქის ნულზეა და არც სხვა მიმართულებით იკვეთება იმედისმომცემი ნიშნები. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელს ირაკლი როსტომაშვილს ამ ეტაპზე წარმოდგენაც არ აქვს, რა შეიძლება იყოს ის ოპტიმალური პერიოდი, რაც სამშენებლო ბიზნესს კრიზისის დასაძლევად დასჭირდება.

„ბევრი კომპანია საერთოდ ვერ გადარჩება. ზოგს ბანკების სესხი აქვს და გადახდის შანსის მოესპო, შესაბამისად, მეტი პრობლემა ელის. ანტიკრიზისულ გეგმაში ცალკე უძრავი ქონების ბაზარზე არაფერი თქმულა, თუმცა დახმარებას კომპანიები, ალბათ, მიიღებენ. ბევრი დეტალი ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია. ახლა ბაზარი მძიმე მდგომარეობაშია, გადაუჭარბებლად შეიძლება თქმა, რომ სიცოცხლის ნიშანწყალი არ შეიმჩნევა.

ჯერ კიდევ არ ვიცით, რა გარემოში ვცხოვროთ და რა დახმარება უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოს. დანაკარგიც კი არ არის სათანადოდ დათვლილი, ამიტომ რა პერიოდი დასჭირდება კრიზისის გადალახვას, არ ვიცით. ფაქტია, რომ 2-3 წელიწადში ეს ვერ მოხერხდება, გაცილებით მეტი დროა საჭირო. უძრავი ქონების ბაზარზე თითქმის ყველა აქტივობა გაჩერებულია, ბევრი პრობლემა გამოიკვეთა და მისი მოგვარება არ იქნება მარტივი“, - განაცხადა მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

სამშენებლო ბაზარზე გაყიდვების შემცირებაზე საუბრობს, დეველოპერული კომპანია „ჯი დი ჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძეც და აცხადებს, რომ დღეს არსებული ანტიკრიზისული გეგმა არის პირველი ნაბიჯი ხანძრის ჩასაქრობად.

„როგორც ყველა ბიზნესს ისე სამშენებლო სექტორს, კორონავირუსმა დარტყმა მიაყენა. ხალხი აუცილებლად შეიკავებს თავს უძრავი ქონების შეძენისგან. დღეს გვაქვს, მხოლოდ მდგომარეობიდან გამოსავალი, ხოლო კორონავირუსის შემდეგ პერიოდისთვის, დამატებითი ღონისძიებები იქნება გატარებული მთავრობის მხრიდან. ეს არის პირველი ეტაპი, როდესაც სახელმწიფო ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, მათ ვინც ამ მძიმე დროს სამსახური დაკარგა.

პანდემიის გამო ვერავინ განსაზღვრავს, რა როგორ იქნება. ამას ჩვენ კი არა დიდი სახელწიფოები ვერ საზღვრავენ. ჯერ ნაადრევია ყველაფერზე საუბარი, თუნდაც სამშენებლო სექტორში რა იქნება. მაისიდან იმ რეგულაციების შესრულებით რაც დაწერა ჯანდაცვის სამინისტრომ, განახლდება მშენებლობის პროცესი. დღეს რთულია როგორც დადებით, ისე უარყოფით პროგნოზზე საუბარი, რადგან ზუსტი გათვლები არ არსებობს“, - განუცხადა კომერსანტს ბეჟან წაქაძემ.

მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენლის თორნიკე აბულაძის განცხადებით, თუ ვირუსის გამო დაწესებული აკრძალვები ისევ გაგრძელდა, სექტორში 2008 წლის კრიზისული პერიოდი განმეორდება.

„მშენებლებთან მიმართებაში არაფერი კონკრეტული არ თქმულა და არც ველოდებოდით, რადგან ჯერ არ ვიცით რამდენად შეგვეხო ვირუსის მიერ გამოწვეული პრობლემები. თუმცა, ერთის თქმა შემიძლია, რომ თუ აკრძალვები დიდხანს გაგრძელდა და ვირუსი დაღმავლობისკენ არ წავიდა, დიდი შანსია სამშენებლო ბაზარზე ისეთი გართულება იყოს, როგორიც 2008 წელს გვქონდა.

შეიძლება შეზღუდვები მოიხსნას, მაგრამ მოსახლეობა უძრავ ქონებაში თანხის ჩადებისგან თავს შეიკავებს. ისინი ამჯობინებენ, რომ თანხები შეინახონ და თავდაცვის მიზნით ჰქონდეთ დანაზოგი“, - განაცხადა აბულაძემ.