საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე საუბარი სულ უფრო გახშირდა. როგორც ჩანს, ამ საკითხზე მთავრობაში უკვე მსჯელობენ, მაგრამ კონკრეტული თარიღის დასახელებისგან ყველა თავს იკავებს. თუმცა, უკვე ცნობილია, თუ როგორი პრინციპით მოხდება მგზართა განთავსება ავტობუსში თუ სამარშრუტო ტაქსში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის აზრით, ერთ-ერთ ადრეულ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ ეს ყველაფერი ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ყველა შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა.
დღეს, როცა შემსუბუქდა გარკვეული შეზღუდვები, ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ და ყველაფერი ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში უნდა გადავიდეს.
„ჩვენ თანდათან უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება ისე, რომ მისგან მივიღოთ მინიმალურზე მინიმალური ზიანი. ერთ-ერთ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე. ასე აკეთებს ყველა ის ქვეყანა, რომელიც გადავიდა შემსუბუქების ღონისძიებებზე.
მანამდე ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ და მომზადება ნიშნავს იმას, ყველა ის რეკომენდაცია, რასაც იძლევა სახელმწიფო, ჯანდაცვის სფერო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უნდა დავიცვათ. ყველაზე მთავარი რეკომენდაცია ეს არის სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი და პირადი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა. აღდგება საზოგადოებრივი ტრანპსორტი, მაგრამ ეს გადაწყდება საკოორდინაციო საბჭოზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს საკოორდინაციო საბჭოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც ჩანს, ამ მიმართულებით უკვე ფიქრობენ დედაქალაქის მერიაშიც. კახა კალაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ. მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღებს და ვიდრე ვაქცინა არ იარსებებს, მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევს.
„მაშინ ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როდესაც დარგის სპეციალიტების მხრიდან მითითებები გაკეთდება. რა თქმა უნდა, ადამიანებზე, რიგით მოქალაქეებზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვენ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ უნდა დასხდნენ და როგორ უნდა დადგნენ, მაგრამ საზოგადოების გონიერება და სიფხიზლე მაინც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ეთერში კალაძემ.
მერის პოზიციას აბსოლუტურად ეთანხმება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი. მეტიც, ასეთ რეკომენდაციას სწორედ რომ სპეციალისტები იძლევიან და ტრანსპორტში ფიზიკური დისტანცირების დაცვა სავალდებულო იქნება.
„საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როცა მისი მუშაობა აღდგება, დისტანციის და უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული, ასევე ზოგადი ჰიგიენის ზომები, რაც ამ ტრანსპორტის დამუშავებასა და დასუფთავებას გულისხმობს. ვფიქრობ, როცა ქვეყანაში ტრანსპორტის მიმოსვლა აღდგება, ჩვენ უკვე კარგად გვექნება გათვითცნობიერებული და ათვისებული საზოგადოებრივი ქცევები, რაც ფიზიკურ დისტანცირებას, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებას გულისხმობს.
ერთი ხანი ჩვენ დაგვჭირდება, რომ გამოვიყენოთ სწორად საზოგადოებრივი ნიღაბი, მით უმეტეს, როცა მგზავრთა გადაყვანა დაიწყება. ასევე უნდა დავიცვათ ხელების ჰიგიენა“, - განაცხადა ზახაშვილმა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა თბილისში კორონავირუსის გამო 31 მარტიდან აიკრძალა და სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე არ აღდგება.