არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს სპეციალურ საიტზე საკუთარი მონაცემების ატვირთვა 21 მაისიდან შეეძლებათ და პროცედურა პირველ ივნისამდე გაგრძელდება. უკვე თანდათან ცხადი ხდება, რომ 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას ბევრი ვერ მიიღებს. ამის მიზეზი რამდენიმეა.
სპეციალური ონლაინპლატფორმის შექმნა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, 15 მასისთვის უკვე მზად იქნება. პორტალზე თვითდასაქმებულები მარტივი წესებით მოახდენენ რეგისტრაციას და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვას.
რა ტიპის საბუთები იქნება მათგან მოთხოვნილი და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება იქნება აუცილებელი ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მიღებისთვის, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს. დახმარების დანიშვნა დამოკიდებული იქნება ნებისმიერი ტიპის დასაბუთებაზე (მაგალითად, ბანკის ანგარიში ან სხვა იურიდიული დოკუმენტი) იმის შესახებ, რომ პირმა „კოვიდ-19“-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო დაკარგა შემოსავალი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განმარტებით, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული, რომელიც ოფიციალურადაა რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ასევე ის პირები, რომლებიც თავს თვლიან თვითდასაქმებულად და ამის მტკიცებულებად იურიდიული პირის მიერ გაცემულ დოკუმენტს წარადგენენ.
კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებიან რეპეტიტორები, ძიძები, ოჯახის დამხმარეები და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური თვითდასაქმებულებად აღრიცხავს, მაგრამ მათი შემოსავლის დადასტურება ვერანაირი საბუთით ვერ ხერხედბა.
„რაც შეეხება ძიძებს და ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანებს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დოკუმენტების ვალიდურობის გადამოწმება არის შეუძლებელი და ძალიან რთული, ამიტომ ეს ადამიანები ბენეფიციარებად არ ჩაითვლებიან, თუმცა ძალიან ბევრი რეპეტიტორი გვყავს, რომელთა შემთხვევაშიც იურიდიული პირის მიერ დასაბუთება შესაძლებელია, ასევე ძიძების ნაწილი მიკრომეწარმეებად არიან რეგისტრირებულნი და შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ისინი მიიღებენ დახმარებას.
რაც შეეხება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ისინი ავტომატურად თვითდასაქმებულებად არ ითვლებიან, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაერთი პროგრამა აქვს, რომელიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა დახმარების მიმართულებითაა ორიენტირებული“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
როგორც თამილა ბარკალაიამ განმარტა, იმ ადამინების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან, ონლაინპორტალი იქნება, სადაც მოქალაქეები პერსონალური ინფორმაციის მითითებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთავს შეძლებენ, შემდეგ კი კომისიის მიერ განხილვისა და დოკუმენტების ვალიდურად ცნობის საფუძველზე, ისინი ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.
„იმ ადამიანებს, რომლებიც ოფიციალურად არ არიან თვითდასაქმებულად რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში, თუმცა თვლიან თავს თვითდასაქმებულად, შესაძლებლობა ეძლევათ, რომ შეიყვანონ ონლაინ პორტალზე თავისი პირადი ინფორმაცია, ასევე მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა ტიპის საქმიანობაში იყვანენ ჩართული და რა შემოსავალი ჰქონდათ პანდემიამდე და წარმოადგინონ იურიდიული პირისგან მიღებული საბუთი, რომელიც მათ დასაქმებას ადასტურებს. მაგალითად, ბაზარში მოვაჭრეების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ბაზრის ადმინისტრაციის მიერ გაცემული საბუთი, რომ პირს ნაქირავები აქვს დახლი, ასევე თუ ადამიანს გაქირავებული ჰქონდა ბინა და ტურისტების შემცირების გამო ვეღარ აქირავებს, საბანკო ამონაწერი უნდა წარადგინოს, ასევე შეეძლება წარადგინონ მიღება-ჩაბარების აქტები ან ქვითრები.
ასეთი ტიპის დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ კომისიური წესით მოხდება ამ საბუთების განხილვა და ვალიდურობის გადამოწმება, რის შემდეგაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამ ღონისძიების ბიუჯეტი დახლოებით 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული.