„ვინმეს ეს თანხა ყოფნის თუ არა, ამის გარჩევა არ არის სწორი, სახელმწიფოს რომ ჰქონოდა შანსი, 6 მლრდ-საც დახარჯავდა“

„ვინმეს ეს თანხა ყოფნის თუ არა, ამის გარჩევა არ არის სწორი, სახელმწიფოს რომ ჰქონოდა შანსი, 6 მლრდ-საც დახარჯავდა“

მთავრობის ანტკრიზისულ გეგმაზე პირველი შეფასებები ეკონომისტებსა და ბიზნესმენებში უკვე გაჩნდა. ერთი ნაწილი ხელისუფლებას მონდომებას უფასებს, მეორე ნაწილი კი ეკონომიკის სტიმულირების გეგმას ვერსად ხედავს.

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ თუ ეკონომიკა შედარებით სწრაფად გამოვიდა კრიზისიდან და მეტი შესაძლებლობები გაჩნდა, დახმარების მეტი რესურსებიც გამოჩნდება. მანამდე კი ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც სულმოუთქმელად ელოდა მთელი ქვეყანა, წარმოდგენილია.

„მომავალი კვირეების და თვეების მანძილზე ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვები, მათ შორის ბიზნეს ობიექტების ამუშავებაზე და სხვა ყველაფერთან ერთად, ეს მოხსნის იმ სტრესულ ვითარებას, რაც მოსახლეობაში ბუნებრივად არსებობდა საგანგებო მდგომარების გამო. სოციალურად დაუცველები იღებენ დახმარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს საკმაოდ დიდი სეგმენტია.

მიმაჩნია, რომ მართლა შესაძლებლობის მაქსიმუმი კეთდება ამ ეტაპზე და თუ ეკონომიკა შედარებით სწრაფად გამოვიდა კრიზისიდან და მეტი შესაძლებლობები გაჩნდა, დახმარების მეტი რესურსებიც გამოჩნდება“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი გეგმა სოციალური დანიშნულებისაა და მას ეკონომიკის სტიმულირებასთან საერთო არაფერი აქვს. დღესდღეობით ეკონომიკის სტიმულირებად მხოლოდ დღგ-ს დაბრუნების და საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების ნაწილი შეიძლება მივიჩნიოთ.

„პრემიერისგან რა გეგმაც მოვისმინეთ, ძირითადად, სოციალური დანიშნულებისაა და ამას ეკონომიკის სტიმულირებასთან სუსტი კავშირი აქვს. ეკონომიკური სტიმულირების დარქმევა ამ ყველაფერზე, დიდი გადაჭარბება იქნება. ეკონომიკასთან კავშირი აქვს ერთადერთი საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას თუ კომპანიები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. ტექნიკური დახმარებაა დღგ-ს ავტომატური დაბრუნებაც, რაც ისედაც კანონში არის გაწერილი და ვისაც ეკუთვნის უნდა დაუბრუნდეს.

დანარჩენი ყველაფერი ეს არის წმინდა წყლის სოციალური მოქმედებები, ამ თანხების ეკონომიკასთან მიბმა ბევრად უკეთესად შეიძლებოდა და ეს ხელისუფლებამ არ გააკეთა.

ეჭვი მაქვს, რომ ამის მიზეზი არჩევნებია, მხედველობაში მაქვს უმუშევრების 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაფინანსება, ამ თანხების ხარჯვა ბიზნესთან ერთად აზრიანი პროექტი გახდებოდა, მაგრამ მთავრობა ამას არ აკეთებს რადგან ურჩევნია, რომ არჩევნების წინ ამომრჩეველს პირდაპირ ხელიდან-ხელში თვითონ მისცეს ფული და ამით საარჩევნოდ ხმები მიიღოს. ეს ყველაფერი ცოტაა, მაგრამ მეტი რა შეუძლია ამ ჩვენ ბიუჯეტს?

განსაკუთრებით ტრაგიკომიკურად გამოიყურებოდა პენსიების 20-25 ლარით გაზრდა, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინფლაცია და სამომხმარებლო კალათა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, ამ დროს კი ასეთ მატებას რომ გთავაზობენ, საკმაოდ ცინიკურად ჟღერს, ისეც მომავალი წლიდან“, - განუცხადა „კომერსანტს“ ხუხაშვილმა.

კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონი ლარის ქვეყნისთვის გამოყოფას დადებითად აფასებს ბიზნესმენთა ნაწილი.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღევანდელ პირობებში, საქართველოსთვის ანტიკრიზისული გეგმა მაქსიმუმია, თუმცა, ის ეკონომიკურზე მეტად სოციალური სახის მატარებელია.

„ეს ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკაზე კი არა არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაზეა მორგებული. 3 მლრდ. 500 ათასს რომ სახელმწიფო ხარჯავს კრიზისული მენეჯმენტისთვის, მოტივაციას უზრდის მოსახლეობას. ვინმეს ეს თანხა ყოფნის თუ არ ყოფნის, ამის გარჩევა არ არის სწორი. სახელმწიფო მონდომებულია და რომ ჰქონოდა შანსი 6 მლრდ ლარსაც დახარჯავდა. რისი საშუალებაც აქვს იმას ანაწილებენ, თუმცა მთავარია ეს ეფექტურად იყოს გამოყენებული. მთავარია ეს თანხა სწორად გამოიყენონ იმ ერთეულებმა, ვისაც სუბსიდირება შეეხოთ. მომეწონა, კომუნალური გადასახადების კუთხით შეღავათები ხალხს“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

Aburjga Tasmanieli ვნერვიულობ და იქნებ ვერ შევნიშნე სად წერია ამ თქვენს კვირეებზე გაწერილ ეტაპებში რომელ ეტაპზე ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, მატარებელი ავტობუსი, მარშრუტკა?! მაგალითად ჩემი ოჯახის წევრს ჩემთან დარეგისტრირებულს რომელიც თბილისში ჩარჩა როდის შეეძლება სახლში დაბრუნდეს, გურიაში??!! ახლა თქვეს ტელევიზიით ორშაბათს და სამშაბათს 2 დღის განმავლობაში მოქალაქეებს ექნებათ უფლება დაბრუნდნენ რეგისტრაციის ადგილზეო! მერედა რითი უნდა დაბრუნდნენ თუ საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს ადამიანს?! გადავირიე კაცი! ვის ვკითხო ისიც არ ვიცი!
4 წლის უკან