მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა. ქვეყნის ეკონომიკის 11.6%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აკმაყოფილებს. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამოისობით გადმორიცხვები მცირდება. მთელი წლის განმავლობაში დანაკარგი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული დოლარი იქნება.
მსოფლიო ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გზავნილების წილი ყველაზე მაღალი სწორედ საშუალოზე დაბალი შემოსავლიანობის ქვეყნებშია. ამ მხრივ პირველ ადგილზეა ტონგა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის 41% სწორედ გზავნილებით ივსება. მეორე ადგილზე მშპ-ის 33%-იანი წილით ყირგიზეთია, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში არის დასაქმებული. საქართველოს მსგავსად, უკრაინასა და სომხეთშიც ეკონომიკის 10%-ზე მეტი გზავნილებზე არის დამოკიდებული.
გზავნილების შემცირებას მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სებასტიან მოლინეუსი. ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს იმ ჯგუფების დაცვა, რომლებიც პანდემიამ შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირების წინაშე დააყენა.
„ფულადი გზავნილები ოჯახებს ეხმარება სურსათზე, ჯანდაცვაზე წვდომაში და ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. რამდენადაც მსოფლიო ბანკის ჯგუფი ახორციელებს სწრაფ და ფართო ღონისძიებებს ქვეყნების მხარდასაჭერად, ჩვენ ვმუშაობთ ფულადი გზავნილების არხების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად და უღარიბესი ფენებისთვის ძირითად საჭიროებებზე წვდომის უზრუნველსაყოფად“, - ამბობს მოლინეუსი.
საქართველოში 2016 წლიდან მოყოლებული ფულადი გზავნილების შემოდინება იზრდებოდა და უკანასკნელ წლებში მშპ-ის 10 პროცენტს გადააჭარბა, სადაც აღინიშნებოდა გზავნილების შედარებით მძლავრი ნაკადი ევროკავშირის ქვეყნებიდან და ისრაელიდან. უცხოეთიდან მიღებული გადარიცხვები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. შინამეურნეობების 20 პროცენტი 2019 წელს ფულად შემოსავალს უცხოეთში მცხოვრები ნათესავებისგან იღებდა.
კორონავირუსის პანდემია და სასაქონლო ფასების მკვეთრი ვარდნა გავლენას იქონიებს ფულადი გზავნილების შემოდინებაზე საქართველოში, რამდენადაც ძირითადი ქვეყნები, საიდანაც გზავნილების მიღება ხდება, კრიზისის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ (მაგ. იტალია, რუსეთის ფედერაცია, შეერთებული შტატები).
შემცირების ტალღა უკვე დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფრომაციით, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2020 წლის მარტში საქართველოში ფულადი გზავნილები 9%-ით უკვე შემცირდა (12.5 მილიონი დოლარი) და 126 მილიონ აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. გაცილებით ცუდი შედეგები იქნება მომდევნო თვეებში.
საინვესტიციო ბანკ „გალტ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, შემცირდება ისეთი საქონლის იმპორტი, როგორიცაა ავტომობილები, მობილური ტელეფონები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა საქონელი. თუმცა, ორგანიზაციის განახლებული პროგნოზით, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება უფრო მცირე მასშტაბის იქნება, ვიდრე თავდაპირველი პროგნოზი აჩვენებდა. წლიურ ჭრილში გზავნილების შემცირება დაახლოებით 10% იქნება, რაც მათ მიერ 25 მარტს გაკეთებულ პროგნოზთან (15-20%) შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებია.
ზოგადად კი ფულადი გზავნილების ნაკადების ვარდნა მოსალოდნელია მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყველა რეგიონში: განსაკუთრებით ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (27.5 პროცენტი), საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში (23.1 პროცენტი), სამხრეთ აზიაში (22.1 პროცენტი), ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში (19.6 პროცენტი), ლათინური ამერიკის და კარიბის აუზის ქვეყნებში (19.3 პროცენტი), და აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში (13 პროცენტი).