მსოფლიოში და საქართველოშიც შიმშილობის პრობლემა უფრო მწვავე გახდა. კორონავირუსის პანდემიამ მოსახლეობა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. გამოსავალი სულ უფრო ძნელი მოსაძებნი ხდება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიო „ბიბლიური მასშტაბების“ შიმშილის წინაშე დგას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. მსოფლიოს სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის დევიდ ბიზლის თქმით, აუცილებელია მივიღოთ საგანგებო ზომები, რათა კატასტროფის წინაშე არ აღმოვჩნდეთ.
ანგარიშის მიხედვით, შიმშილობის მქონე ადამიანების რაოდენობა, 135 მილიონიდან, 250 მილიონამდე გაიზრდება. საფრთხე ყველაზე მეტად ემუქრება კონფლიქტების ზონაში მყოფ ქვეყნებს, ასევე იმათ, ვისაც ეკონომიკური კრიზისი აქვთ და განიცდიან კლიმატურ ცვლილებას.
რისკის მქონე ქვეყნებს შორის, გაეროში გამოყოფენ იემენს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ავღანეთს, ვენესუელას, ეთიოპიას, სამხრეთ სუდანს, სუდანს, სირიას, ნიგერიას და ჰაიტის.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დროს, ბიზლიმ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიომ უნდა გადადგას „გააზრებული ნაბიჯები და რაც შეიძლება სწრაფად. დრო ჩვენს მხარეს არ არის“.
მართალია შიმშილობის წინაშე მდგარ ქვეყნებში საქართველო, საბედნიეროდ, არ მოხვდა, თუმცა მდგომარეობა აქაც საკმაოდ რთულია. ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს შეექმნა ეკონომიკური პრობლემები, საუბარია, ასიათასობით ოჯახზე, რომლებიც შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გამო საპროტესტო აქციებიც დაიწყო.
მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ შულავერში 5 სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა და საპროტესტო აქციას მართავს, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო სოფლის მეურნეობის ნაწარმს ვერ ყიდიან, უფუჭდებათ და ხალხი უმძიმეს ფინანსური პრობლემების წინაშე დგას.
პროტესტის მონაწილეებმა კიტრი გზაზე დაყარეს:
„ჩვენს მოყვანილ კიტრს ვერ ვყიდით და გარაჟში გვიწყვია. რა გავაკეთოთ? ოთხი დღეა კიტრი სახლში მაქვს. მისი გაყიდვა მინდა. მერიაში გვეუბნებიან, რომ მანქანა მოვა, თუმცა ჯერ არაფერი არ მოსულა“, - ყვიროდნენ აქციის მონაწილეები.
რთულ ფინანსური პრობლემების წინაშეა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. მათ დახმარება ახლა მთავრობის უპირველესი ამოცანაა, მაგრამ რატომღაც ეს პროცესი იჭიმება.
EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით, თუმცა მისი თქმით, ეს არ არის საკმარისი და ბევრად მეტია საჭირო, რადგან ადამიანები შეიძლება საკვების მოპოვების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
„ერთის მხრივ გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ და სახელმწიფოს სწორი ქმედებით შეიძლება ამ ადამიანებისთვის სამსახურის შენარჩუნება, ხოლო მათ ვინც შემოსავალს აღარ იღებს, იქნება ეს ფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები თუ თვითდასამქებულები, მათთვის მხარდაჭერის პაკეტი უნდა შემუშავდეს. დაანონსებული 2 მლრდ ლარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების გაძლიერებისკენ და მხარდაჭერისკენ უნდა იყოს მიმართული. იმის გათვალისწინებით, რომ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, სადაც უმუშევრობის და სიღარიბის დონე ძალიან მაღალია.
საქართველოში 88 პროცენტს არ აქვს არანაირი დანაზოგი, ძალიან ბევრ ადამიანს ფინანსური ვალდებულება აქვს და ახლა შემოსავლის გარეშე დარჩენილი შინამეურნეობები რეალურად არიან შიმშილის საფრთხის წინაშე დამგარი. ეს არის რეალური გამოწვევა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და შესაბამისი ზომები იქნეს მიღებული“, - აღნიშნა ერისთავმა.
შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის სხვადახვა მხარდასაჭერი პაკეტი უნდა შემუშავდეს, რომელიც გაითვალისწინებს, როგორც ფულად დახმარებას, ისე ვაუჩერების გაცემას და სხვადასხვა ტიპის დახმარებებს, რომელიც აუცილებელია რეალურად შიმშილის პირას დარჩენილი ადამიანების გადასარჩენად.