მკაცრი საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნების გამო, ბიზნესი ძალიან გაღიზიანდა. ხელისუფლებას უკვე ეკონომიკის მიზანმიმართულ გაჩერებაში ადანაშაულებენ. მმართველი პარტია კი ირწმუნება, რომ კვირის ბოლოს ისეთ ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს, ყველას გააჩუმებს.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას აქვს გეგმა, როგორ დაეხმარონ ბიზნესს, დარგობრივ სექტორებს, დამსაქმებლებს, რომ შევძლოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა.
„ჩვენ ახლა კინკლაობისთვის ნამდვილად არ გვცალია. ოპოზიციის პასუხისმგებლობას გამოხატავს შეკითხვა „რას ფიქრობთ?“, ჩვენი პასუხისმგებლობა კი ბევრად მეტია და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ კითხვას „რას ვგეგმავთ?“ ამიტომ აქტიურად ვიმუშავეთ ამ გეგმებზე და მას საზოგადოებას წარვუდგენთ.
ოპოზიცია ფიქრობდა, რომ ხელისუფლება ვერ გაართმევდა თავს პანდემიის მართვას, ვერ შეძლებდა ჯანდაცვის ორგანიზებას, ვერ მიიღებდა სოციალურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ რეალურად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ეს შეძლო. ჩვენ მზად გვაქვს სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმაც და ამ ყველაფერს პარასკევს უკვე საზოგადოება ნახავს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
სანამ ეკონომიკური გეგმა დღის სინათლეს იხილავს და სანამ მისი ამოქმედება დაიწყება, მანამდე საკმაოდ ბევრი დრო ჩაივლის. ამასობაში კი საგანგებო მდგომარეობა გრძელდება - ეკონომიკა და მოსახლეობა ზარალს ზარალზე ნახულობს.
ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი იმ შედეგებზე საუბრობს, რომლებსაც აკრძალვების რეჟიმი იწვევს. მისი აზრით, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნება ეკონომიკის გაჩერებით, ვიდრე ამას კორონავირუსი გამოიწვევდა.
„რატომ არ დგას საკითხი - სიცოცხლე თუ ეკონომიკა? სინამდვილეში, ეკონომიკაც მოიაზრებს სიცოცხლეს. ეკონომიკური კრიზისი ნიშნავს მეტ უმუშევარს, ნაკლებ შემოსავალს, გაუარესებულ ჯანმრთელობასა და მეტ გარდაცვალებას. მეტი უმუშევარი და ნაკლები შემოსავალი ნიშნავს: ათიათასობით ადამიანის შემოსავლის ნულამდე შემცირებას, ნაკლებ მიმართვას საავადმყოფოში, ნაკლებ განათლებას, ნაკლებ სასწრაფო-სამედიცინო გამოძახებას, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის შემცირებას (მათ შორის სასიცოცხლოდ აუცილებელ წამლებზე), უხარისხო საკვებზე გადასვლას, კიდევ უფრო უხარისხო სიგარეტსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარების შემცირებას, დაავადების საწინააღმდეგო ჰიგიენურ საშუალებებზე მოთხოვნის შემცირებას, კრიმინალის ზრდას, განსაკუთრებით - ოჯახური ძალადობის კუთხით. უბრალოდ, ამ ყველაფრის აღწერა არ ხდება და ესაა ტრაგედია, თორემ მსხვერპლი გაცილებით დიდი შეიძლება იყოს“, - განაცხადა ხორგუაშვილმა.
მკაცრი გადაწყვეტილებებით არანაკლებ გაღიზიანებულია ბიზნესი. ICC ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლისთვის გაუგებარია აზრი ამ დრომდე არსებული შეზღუდვებისა, რომელიც უფრო გამკაცრდა, რაც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა, ხოლო დღეის მდომარეობით კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა.
„ვინ გადაუხდის ხალხს ხელფასებს? ვინ შეიძენს ფერმერისგან მოსავალს? როგორ ფიქრობს მთავრობა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოსთვის დაპირებული 1.5 მილიარდი დოლარი ამისთვის საკმარისი იქნება? ჩემთვის გაუგებარი რჩება, რის მიღწევას ცდილობს მთავრობა ამით! კარანტინი გულისხმობს ინფიცირებულების იზოლაციას, საქართველოში პირიქით ხდება, ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე ვკეტავთ ჯანმრთელ ხალხს სახლში.
მთავრობას უპრეცედენტო მასშტაბის სოციალური და ეკონომიკური კატასტროფისკენ მივყავართ. სრულად ვგმობ მთავრობის გადაწყვეტილებებს და მოვითხოვ, რომ ყველა მინისტრისა და ჯანდაცვის მესვეურების საბანკო ანგარიშები და ხელფასები იქნას შეჩერებული და გაყინული სოლიდარობის ნიშნად იმ ათასობით ადამიანისადმი, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ალბათ, მაშინ, როდესაც საკუთარი ოჯახების შენახვას ვეღარ შეძლებენ, მივლენ პრობლემის ლოგიკურ, კონსტრუქციულ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებამდე, რომლებიც თავადვე გამოიწვიეს“, - წერს ასლი.
ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს კახა ხაზარაძეს კი ვერაფრით გაუგია, რატომ არის ონლაინ გაყიდვები აკრძალული, მაშინ როცა მისი უსაფრთხო განვითარება სწორედ ამ პერიოდში შეიძლებდა.
„შარშანდელი ონლაინ გაყიდვების ბაზარი საქართველოში, დაახლოებით ნახევარი მილიარდი იყო. ჩვენს გვეჭირა, დაახლოებით 0,5-2%. როგორც კი პანდემია გამოცხადდა, ჩვენ გაგვიხუთმაგდა მოთხოვნა. 10 დღის განმავლობაში ვიმუშავეთ ამ რეჟიმში, სანამ აგვიკრძალავდნენ და ამ პერიოდში ჩვენს გაყიდვებს დაახლოებით 10% ეჭირა. გახუთმაგების შემთხვევაში, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წლიურ ჭრილში იქნებოდა 2 მლრდ-იანი ბაზარი“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, სამი კვირის წინ ეკონომიკის მინისტრთან ბიზნესების შეხვედრის დროს, მათ რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ:
„როცა საწყობში ათეული მლნ საქონელი გვიდევს, შესაბამისად, შემოსავალი არ გვაქვს და თან ამ დროს კონტეინერებს ვიღებთ გასაბაჟებლად, ვთხოვეთ, რომ საბაჟო დღგ გაეჩერებინათ და გადაეტანათ გაყიდვებიდან, რაც მარტივი მოთხოვნაა. გვითხრეს, რომ სამართლიანი მოთხოვნაა და დაგვიბრუნდებოდნენ... მას შემდეგ 3 კვირაა გასული“, - აღნიშნა კახა ხაზარაძემ.