ნავთობის ბირჟებზე წარმოუდგენელი რამ ხდება. ორშაბათს ამერიკაში ნედლი ნავთობის ღირებულება განულდა. ასეთი რამ ისტორიაში არასდროს მომხდარა. უახლოეს პერიოდში ვითარების საგრძნობი გაუმჯობესების შანსი თითქმის არ არსებობს. ლონდონის ბირჟის მონაცემების თანახმად, ამერიკული მსუბუქი მარკის ნავთობის უახლოესი ფიუჩერსების ფასი 99.9 პროცენტით 1 ცენტამდე დაეცა. ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასია.
ნავთობის ფასი კორონავირუსით გამოწვეული საკარანტინო ზომების გამო მკვეთრად დაეცა, მაგრამ მის განულებას არავინ მოელოდა. მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის საცავები გადავსებულია, მათი მყიდველი კი არა ჩანს.
„რაიფაიზენბანკის“ ანალიტიკოსების აზრით, მომავალში ნავთობის ფასი დამოკიდებული იქნება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდებ მიღებულ ზომებზე, „შავ ოქროზე“ მოთხოვნის გაზრდას კი მხოლოდ მესამე კვარტალიდან შეიძლება ველოდოთ.
ნავთობის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის დასაწყისში ნავთობის მსხვილი მწარმოებელი სახელმწიფოები და მათი პარტნიორები ყოველდღიურად მოპოვებული ნავთობის მოცულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. მოგვიანებით, „ოპეკი პლუსის“ წევრებმა შეთანხმება შეძლეს, მაგრამ ნავთობის ფასზე კორონავირუსის პანდემია აისახა და ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა.
„საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი, ანალიტიკოსი, ნიკა შენგელია ამბობს, რომ მიუხედავად ოპეკის ნაბიჯებისა, ფასის მატება უახლოესი თვენახევრის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის.
„ფაქტია, რომ გადაწყვეტილებამ, რომელიც დიდი შეთანხმების ნაწილი იყო, ნავთობზე ფასები ვერ დაასტაბილურა. ითქვა, რომ მიუხედავად მოპოვების შემცირებისა, ამ ეტაპისათვის ნავთობის ფასის ძველი ნიშნულისკენ დაძვრა მოსალოდნელი არ არის, გამომდინარე იმ საერთო ფონიდან და ვითარებიდან, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზეა.
მთელ პლანეტაზე მკვეთრად არის შემცირებული მოთხოვნა. უფრო მეტსაც გეტყვით, დღეს მსოფლიოში, ბენზინის ფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე ნედლი ნავთობის. ეს მსოფლიოში უპრეცენდენტო შემთხვევაა, მაგრამ საზოგადოებამ ჩვეულებრივად მიიღო.
მომავალი 2 თვის განმავლობაში, ნავთობის მიმართულებით რამე ძირეული ცვლილება მოსალოდნელი არ არის. მატებაზე მხოლოდ შედეგ იქნება საუბარი, როცა ეკონომიკური შეზღუდვები მსოფლიოში მოიხსნება და ბიზნესი დაიწყებს გააქტიურებას“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.
საინვესტიციო ბანკ „გოლდმან საქსის“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლოეს კვირებში ნავთობის ფასს ვერაფერი გამოასწორებს, რამდენადაც წამყვანი მწარმოებლების „ისტორიული, მაგრამ არასაკმარისი“ შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებაზე, სავარაუდოდ, ვერ დააკომპენსირებს კორონავირუსის გამო შემცირებულ მოთხოვნას.