ქვეყანაში რაც მუშაობდა, იმის დახურვაც დაიწყო

ქვეყანაში რაც მუშაობდა, იმის დახურვაც დაიწყო

დამატებითმა შეზღუდვებმა ბიზნესს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა. ქვეყანაში იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების დახურვაც დაიწყო, რომელიც აქამდე, ავად თუ კარგად, მუშაობდა. საავტომობილო გადაადგილების სრული აკრძალვის გამო, ბევრი მათგანი პირველივე დღეს დაიკეტა.

კომპანია „კარფურმა“ „თბილისი მოლსა“ და „ისთ ფოინთში“ მუშაობა დროებით შეაჩერა. ორი ჰიპერმარკეტი 22 აპრილამდე დაიკეტება. ამის მიზეზი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვაა.

„აღნიშნულ ჰიპერმარკეტებამდე მომხმარებელი ძირითადად გადაადგილდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რისი უფლებაც დროებით შეზღუდულია. ჰიპერმარკეტები მუშაობას 22 აპრილიდან განაახლებენ, ხოლო კარფურის ყველა დანარჩენი ფილიალი აგრძელებს ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში. მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, მოთმინებისა და ჩვენდამი გამოხატული ნდობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ავტოგასამართი სადგურები. თუკი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ, აქამდე საწვავზე მოთხოვნა 40%-ით შეამცირა, დღეიდან ფაქტობრივად, გაანულა. ამჟამად საწვავზე მოთხოვნა მხოლოდ სპეციალური სამსახურების მხრიდან არის, რის გამოც, ბენზინგასამართი სადგურების ნაწილიც დაიხურა.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, ეს ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული და მათი მუშაობა აღდგება მაშინვე, როგორც კი ამის საჭიროება გაჩნდება.

„აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რის გამოც, მოთხოვნა, შესაბამისად, რეალიზაცია, ფაქტობრივად, განულებულია. საწვავს მოიხმარენ მხოლოდ სპეციალური სამსახურები, რომელთა გადაადგილება დაშვებულია. ეს ვითარება გაგრძელდება იქამდე, სანამ საგანგებო მდგომარეობა და ეს აკრძალვა არ მოიხსნება. ეს არის ობიექტური მოცემულობა.

რაც შეეხება ბეზნგასამართ სადგურებს, მათი ნაწილი დაიხურა. საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელი ობიექტების აუცილებლობაც იყო, ისინი მუშაობენ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამშრომლებს ხელფასს არ გადაუხდიან, ან რამე მსგავსი, უბრალოდ, გაყიდვა აღარ არის. ამას ემატება თანამშრომლების ტრანსპორტირებაც და ამ ობიექტების მუშაობის აუცილებლობა, უბრალოდ, არ იყო“, - განუცხადა „ბიპიენს“ მთვრალაშვილმა.

უკვე სახეზეა სხვა ტიპის პრობლემებიც. იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ, ანაზღაურების შემცირება დაიწყო. მანამდე კი თანამშრომელთა ნაწილი გაუშვეს სახლში.

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის ინფორმაციით, მაღაზიათა ქსელმა „ორმა ნაბიჯმა“ თანამშრომლებს ხელფასები ჩამოაკლო.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო, „ორი ნაბიჯი“ თურმე საკმარისად ვერ ვაჭრობს, რის გამოც თანამშრომლებს ხელფასები გაუნახევრა. რა თქმა უნდა, ამით არ შემოიფარგლა და ხელფასების განახევრებასთან ერთად, თანამშრომლები შეამცირა და მათ ხარჯზე დარჩენილებს სამუშაო გრაფიკი გაუზარდა“, - აცხადებენ პროფკავშირში.

რას უქადის ქვეყანას ასეთი უმძიმესი მდგომარეობა? ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას აფასებს იმის შესახებ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ბიზნესების აქტიურად ამოქმედება არ იგეგმება.

„ეკონომიკის უფსკრულში გადაჩეხვად შეიძლება შეფასდეს ეს ყველაფერი. მე არ ვიცი, აქედან როგორ გამოვალთ. ძალიან მეშინია, რომ მძიმე შედეგები დადგება ცოტა ხანში. ტესტირების უნარი არ გააჩნიათ, ადამიანების იზოლირების ჭკვიანი მეთოდების უნარი არ გააჩნიათ, მხოლოდ დრაკონული მეთოდებით შეუძლიათ მუშაობა და ასეც იქცევიან. ყველაფრის აკრძალვა შეუძლიათ მხოლოდ და ასეთი დრაკონული კარანტინი რომელ ქვეყანაშია კიდევ, მე არ ვიცი. მეტ-ნაკლებად შეზღუდვები ყველგან არის, მაგრამ ისეთ დონეზე, როგორც ჩვენთან არის, ფაქტია, რომ არსად არ არის“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.