საქართველო პირველი ქვეყანა იყო, ვინც საერთაშორისო სავალუტო ფონდის არსებული პროგრამის ფარგლებში მიიღო არსებული დაფინანსება. ქვეყანა პირველ ეტაპზე სსფ-სგან 447 მილიონს მიიღებს, საიდანაც 200 მილიონი დოლარი ცენტრალური ბიუჯეტის დახმარება იქნება. წლის ბოლომდე, ანუ დარჩენილ 8 თვეში კი საქართველო უცხოეთიდან ჯამში 3 მილიარდ დოლარამდე სხვადასხვა ტიპის მიზნობრივ დაფინანსებას ელოდება.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას ინფორმაციით, ეს 3 მილიარდი განაწილდება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს შორის.
„ჩვენ გავხდით პირველი ქვეყანა, რომელიც არსებული სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში, მიიღებს გაფართოებულ დაფინანსებას კორონავირუსის შოკიდან გამომდინარე. ჯამურად, გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანა 2020 წლის ბოლომდე, ანუ ამ დარჩენილ რვა თვეში მიიღებს სამი მილიარდის მოცულობის დაფინანსებას.
ეს 3 მილიარდი განაწილდება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს შორის. დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი მიდის ქვეყნის ბიუჯეტში და დარჩენილი 1.5 მილიარდი დოლარი მიდის კერძო სექტორში. ასევე, გარკვეულ თანხებს მიიღებს პირდაპირ ეროვნული ბანკიც რეზერვების შესავსებად. მომდევნო თვეებისა და კვარტალების განმავლობაში, ერთჯერადი კონკრეტული პროექტების ხარჯზე შეიძლება თანხის მოცულობა გაიზარდოს კიდევაც.
ეს ჯამში არის საქართველოს მშპ-ის 20%, რაც არის საკმაოდ დიდი თანხა. ვფიქრობთ, ეს სახსრები მიმდინარე შოკის შერბილებაში დაგვეხმარება. კერძო სექტორის დახმარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის საფინანსო სექტორისთვის დაფინანსების მიცემა, რომლის გავლითაც, ეკონომიკა დაფინანსდება. აქაც დახმარება არის საკმაოდ მრავალმხრივი, როგორც მიზნობრივი, ასევე არის ლიკვიდობის მხარდამჭერი დაფინანსებაც“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დასახელებული თანხა 100%-ით საგარეო ვალს არ წარმოადგენს და მას გრანტის კომპონენტიც ახლავს. სასესხო ნაწილის პირობები კი შეღავათიანია.
„ამ თანხის 100% სესხი არ არის და მას გრანტის კომპონენტიც ახლავს, თუმცა მცირე. ძირითადად ეს არის სესხი, მაგრამ საპროცენტო განაკვეთი არის უფრო დაბალი. ამ თანხის ნაწილი არის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, ნაწილი კი კონკრეტულ რეფორმაზეა მიბმული“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ საუბრისას ლეჟავამ.
როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ, საერთაშორისო დახმარება, რომელსაც ვიღებთ, საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ არსებულ გამოწვევასთან შეძლოს გამკლავება და კატასტროფული შედეგები არ გვქონდეს. ეკონომიკის ექსპერტის, ვახტანგ ჭარაიას აზრით, დღეის მდგომარეობით უფრო მიზანშეწონილია შემუშავდეს ყოველკვარტალური გეგმა, ვინაიდან უცნობია, რამდენ ხანს გასტანს კრიზისი.
„ეს ვერ იქნება გეგმა, რომელიც ცალსახად ერთხაზოვანი იქნება. მას მოდიფიკაციები დასჭირდება, რადგანაც კორონავირუსი მოდიფიცირებულად გვიტევს და ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემები ჩნდება. ბიზნესს, ფიზიკურ პირებს დახმარებები დასჭირდებათ და სახელმწიფო გეგმებიც ამ მიმართულებებზე უნდა იყოდ მიმართული, რომ მთლიანობაში ეკონომიკა არ ჩავარდეს“, - განაცხადა ჭარაიამ.
ამჟამად ნახევარი მსოფლიო დახმარებას ითხოვს. 100-მა სახელმწიფომ უკვე მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდს შეღავათიანი კრედიტის გამოყოფის მიზნით. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აზრით, საქართველოსკენ გადადგმული ნაბიჯი არის უპრეცენდენტო დახმარება იმ პერიოდში, როდესაც მთელ მსოფლიოს, ყველა ქვეყანას აქვს დიდი მოთხოვნა უზარმაზარ ფინანსურ დახმარებაზე.
„წარმოიდგინეთ, რომ მოხდა ძალიან დიდი შოკი და ყველა იმ არხების უმრავლესობა, რომლითაც ეკონომიკა ვითარდებოდა, დაიგმანა. 2020-2021 წლებში ეს დიდი დანაკლისი დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი იქნება და ეს დანაკლი საიდანღაც უნდა შეივსოს. სწორედ ამ დროს ჩვენ მივიღეთ ის დახმარება, რომელიც შემდეგნაირად განაწილდება: ერთი ნაწილი - მილიარდ ნახევარი დოლარი - საბიუჯეტო დახმარების სახით გაიწოვება და მოხმარდება სხვადასხვა პროგრამას. ეს პრინციპში ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია. თუ არ შეჩერდა კრიზისი, მაშინ მის შემდეგ განვითარებაზე ვერ ვილაპარაკებთ, ამიტომაც ეს შეჩერება მნიშვნელოვანია. რადგანაც მოკლევადიან პერიოდში საკმაოდ დიდი დანაკლისი იქნება შემოსავლების, ხარჯები უნდა დაფინანსდეს და ზუსტად ამ პერიოდში გვეხმარება ეს ჩამორიცხვები, რომელიც მალე იქნება.
აქ იქნება სხვადასხვა პროგრამა. ესენია სოციალური პროგრამები, საგარანტიო ფონდი, რომელიც კომპანიებს ბანკების საშუალებით დაეხმარება. ასევე საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებისთვის დახმარების გაწევა“, - განაცხადა სების ხელმძღვანელმა, კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, მეორე მხარეა ბიზნესი და ამ შემთხვევაში მოხდება თანხების გამოყენება ბანკების საშუალებით. მათი საშუალებით მოხდება ამ თანხების გადანაწილება. ეს არის კარგი იმისთვის, რომ საწარმოები არ დაიხუროს, კომპანიები არ გაკოტრდეს და შენარჩუნდეს. ამ თანხების გარეშე ამის გაკეთება რთული იქნება“, - აღნიშნა გვენეტაძემ.