საქართველოში ბიზნესს უკვე ძალიან გაუჭირდა, პარალელურად ურთულესი რეალობის წინაშე დგანან იქ დასაქმებული ადამიანები. ერთი მხრივ, კომპანიების გადარჩენისა და შენარჩუნების საკითხი დგას, მეორე მხრივ, თანამშრომელთა ანაზღაურების პრობლემა, რომელიც უკვე საგრძნობლად მცირდება და ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდაც ვეღარ გაიცემა.
ბიზნესს იმდენად გაუჭირდა, რომ განვითარებაზე ფიქრი ყველამ დაივიწყა. ახლა ერთადერთი საზრუნავი თვითგადარჩენაა, რადგან სახელმწიფოსგან მისაღები დახმარების იმედი თანდათან იწურება. ამ ქვეყანაში ყველას უჭირს, გამონაკლისი არავინაა და რესურსები ყველას ვერ გასწვდება.
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ხელმძღვანელი ირაკლი გურჩიანი ქვეყანაში 10 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასა და საყოველთაო კარანტინის გავლენას აფასებს. მისი აზრით, საქართველოს ეკონომიკასა და მცირე და საშუალო ბიზნესებს, აღდგენისა და გაჯანსაღების ხანგრძლივი პერიოდი ელოდება.
„ჩვენი სერვისი მუშაობს ძალიან დაბალი ტემპით, თანამშრომლების მეხუთედი გვყავს. მანქანებს ვერ ვყიდით, რომც შეიძლებოდეს გაყიდვა, ვინ არის მანქანის მყიდველი საქართველოში. ნაკლებად წარმომიდგენია, რომ დღეს ვინმეს მოუვიდეს იდეა, რომ ახალი მანქანა შეიძინოს.
ამ ბრუნვით ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და იმათ რიგებში ვდგავართ, ვინც წლის ბოლოს ბანკების ხელში აღმოჩნდება. საერთოდაც, საქართველოში ბიზნესების, უძრავ-მოძრავი ქონების 80 პროცენტი წლის ბოლოს ბანკების ხელში გადავა. წარმოიდგინეთ, სარესტორნო ბიზნესი, რომელსაც აქვს სესხი, ყოველდღე მუშაობით რაღაც ფული აკუმულირდებოდა და ხდებოდა ყველა ვალდებულების გადახდა. წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკის ძირითადი აქტივები ბანკების საკუთრება იქნება იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ მგონია ამდენი გაიღოს“, - აცხადებს გურჩიანი.
ბიზნესი მართლაც დიდი პრობლემების წინაშეა და პარალელურად დასაქმებული ადამიანებიც ურთულესი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. უკვე გაირკვა, რომ საქართველოში სავაჭრო ქსელების 40%-მა მარტისთვის ხელფასები დამსაქმებულებზე ვერ გასცა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა და უკვე მარტში სავაჭრო სეტორზე უარყოფითად აისახა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, რამდენიმე დღით კი, ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი 80%-ით დაეცა. ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გამო, დასაქმებულებს ხელფასი უმცირდებათ ანდა საერთოდ ვერ იღებენ. მიუხედავად ამისა, მუშაობას მაინც განაგრძობენ, რადგან ეიმედებათ, რომ სიტუაციის გამოსწორების შემდეგ, ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.
პროფესორი ვახტანგ ჭარაია პირდაპირ ამბობს, რომ ახლადასაქმებულთათვის ხელფასის გადაუხელობა დანაშაულია.
„ბევრი დამსაქმებელი ვერ უხდის თავის თანამშრომელს ხელფასს, თუნდაც იმიტომ, რომ დახურა თავისი ობიექტი. დღეს, უმუშევრობა გაცილებით მეტია, ვიდრე იყო ერთ-ორი თვის წინ, მაგრამ ის, რომ ხალხს უხელფასოდ ამუშავებენ, ეს დანაშაულია“, - განაცხადა ჭარაიამ.
ასეთი მდგომარეობა ბუნებრივია, რომ სიღარიბის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, ქვეყანაში სადაც უკიდურეს სიღარიბეში ისედაც მოსახლეობის 20% ცხოვრობს. მოსალოდნელია, რომ მთელი წლის განმავლობაში უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება და კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს. ჩამოშლის პირას მყოფი ეკონომიკისა და გაკოტრების რეჟიმში მყოფი ბიზნესის პირობებში როგორ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა, ეს ძალიან რთული სათქმელია.