ეკონომიკა მილიარდებს დაკარგავს, ბიზნესი - წლებს

ეკონომიკა მილიარდებს დაკარგავს, ბიზნესი - წლებს

ეპიდემია ქვეყნის ეკონომიკას, მეორე კვარტალში დაახლოებით 3-დან 5 მილიარდ ლარამდე დააზარალებს. დიდია დანაკარგი, რომელსაც ბიზნესი კრიზისულ ვითარებაში განიცდის. როგორც კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, დიდი დარტყმა მიიღეს და მის აღმოსაფხთრელად წლები იქნება საჭირო.

მანამდე კი ეკონომიკაა გადასარჩენი, რომელსაც აქამდე არნახული ზარალი ელის. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ეკონომიკური დანაკარგის სიდიდე დამოკიდებულია კრიზისის ხანგძლივობაზე, რამდენ ხანს გასტანს ეპიდემია და ამით გამოწვეული პრობლემა ეკონომიკაში.

„პირველი კვარტალის შედეგი რომ ვიგულისხმოთ და იმავდროულად სხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობაც გავითვალისწინოთ, პროგნოზი არასაიმედოა. ტურიზმის ინდუსტრია მომდევნო 2 წლის განმავლობაში იქნება მძიმე რეცესიის რეჟიმში. საქართველოში ტურიზმზე მოდის მშპ-ს 8%, წმინდა ტურიზმიდან, სასტუმრო ბიზნესის მომსახურების ჩათვლით ამ მიმართულებით სერიოზული ჩავარდნა გვექნება, რასაც სხვა დარგების საქმიანობაზეც დომინოს პრინციპით ექნება გავლენა. იმ შემთხვევაში, თუკი პრობლემა არ გადავა მესამე კვარტალში, ეპიდემია ბიუჯეტს დააკლებს 3-დან 5 მლრდ ლარამდე და დიდი პრობლემის წინაშე დადგება ეკონომიკა“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

ეკონომიკური ტიპის შეზღუდვები მეტ-ნაკლებად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა საქართველო ვირუსის გავრცელების წინმსწრებად და მეტ შეზღუდვას აწესებს, ვიდრე ეს სხვა ქვეყანებში მოხდა. ახლა ყველაზე მეტად ბიზნესს უჭირს. კომპანიების 3-4-თვიანი გაჩერება ნიშნავს, რომ 2 წელი მოუნდებიან პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას.

„შუხმან ვაინის“ გენერალური დირექტორის ნუცა აბრამიშვილის აზრით, მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აკრძალვა აუცილებელია, თუმცა ზოგიერთი წარმოების სრულად გაჩერება, საქართველოს ეკონომიკისთვის მიზანშეწონილი არ არის.

„სასტუმრო და სარესტორნო მიმართულების შეზღუდვა გასახანგრძლივებელია, რადგან სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოსახლეობაზე. ჯერჯერობით, საზღვრების გახსნაზე ძალიან ადრეა საუბარი. ჩვენ ვართ ტურიზმზე მიბმული ეკონომიკა, ძირითადად, სარესტორნო და სასტუმრო მიმართულება, ამიტომ აქ ცალსახად საჭიროა შეზღუდვები. თუმცა, სხვადასხვა მიმართულებები უნდა გადაიხედოს, რათა ეკონომიკა მნიშვნელოვნად არ შეფერხდეს.

ჩვენ გვიწევს პანდემიასთან და ეკონომიკის გამოწვევებთან ერთობლივი ბრძოლა, ამიტომ ძალიან სწორად უნდა შეფასდეს, რომელი ბიზნეს საქმიანობების დაშვება შეიძლება. ვფიქრობ, საწარმოების სრულად გაჩერება საქართველოს მსგავსი ეკონომიკისთვის მიზანშეწონილი არ არის. კომპანიისთვის 3-4 თვიანი გაჩერება ნიშნავს, რომ 2 წელი მოვუნდებით პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას“, - განუცხადა „ბიპიენს“ ნუცა აბრამიშვილმა.

რთულ ვითარებას პროგნოზირებს „ალტას“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი გიორგი ჟურულიც და იმ გადაწყვეტილებების შესახებ საუბრობს, რომელიც რთული ეკონომიკური გარემოს ფონზე იქნა მიღებული.

„პრობლემა არის კომპლექსური, პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა შემცირდება, ამიტომ სანამ ჩვენ გამოვალთ ამ კრიზისიდან აუცილებელი იქნება გარკვეულწილად ფინანსური წნეხის შემცირება. თებერვლამდე ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებდით შემოსავალს, ვიხდიდით გადასახადებს და გვქონდა ხარჯები. ახლა გვაქვს გაზრდილი ხარჯები და არ გვაქვს შესაბამისი შემოსავალი, კრიზისი გადავლის შემდეგ შემოსავლებსა და გასავლებში გვექნება სერიოზული დისბალანსი, რომლიც ნორმალიზებაში მთავრობამ თავისი წილი უნდა შეიტანოს, შეიძლება ეს იყოს გადასახადების შემცირება“, - ამბობს გიორგი ჟურული და დასძინა, რომ კომპანიამ ამ ეტაპზე შეძლო თანამშრომლების შენარჩუნება, თუმცა ხელფასების გადახედვა მოუწიათ.

კ ა ხ ე ლ ი სწორედ ის დროა, რომ "სამხედრო კომუნიზმი" გამოცხადდეს მთელს მსოფლიოში, რომელიც შედეგს არ მოიტანს და მას მალე ნეპ-ი შეცვლის, რაც ბოლოს კოლექტივიზაციითა და ინდუსტრიალიზაციით დასრულდება. ელექტრიფიკაციის ნაცვლად კი კიბორგიზაცია იქნება. :)
3 წლის უკან