ეკონომიკური ფონი ქვეყანაში თანდათან უფრო მძიმე ხდება, ვიდრე ეპიდემიური. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში გაჩნდა პერსპექტივა, რომ კორონავირუსით გამოწვეულ დანაკარგებს უცხოური დახმარებები გადაფარავს. პირველი კონკრეტული განცხადება ამის შესახებ უკვე გაკეთდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ვერა მარტინი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან პროდუქტიული დიალოგი შედგა. საქართველოსთვის დაახლოებით 450 მილიონი დოლარის რესურსი ხდება ხელმისაწვდომი, საიდანაც 200 მილიონი საბიუჯეტო დახმარებაა. სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო თანხის გადმორიცხვაზე გადაწყვეტილებას მაისის დასაწყისში მიიღებს.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივის შესახებ კი მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2020 წელს ქვეყანაში რეცესია იქნება და მთლიანი შიდა პროდუქტი 4%-ით შემცირდება. ამასთან, შოკის ფონზე 11.3%-მდე გაიზრდება ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ასევე დაეცემა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც. სავალუტო ფონდის გათვლებით ამ შოკის გამო, საქართველოს სავალუტო შემოდინებები 2020-21 წლებში 1.6 მლრდ დოლარით შემცირდება, სწორედ ამ მოცულობის დაფინანსებას მიიღებს ქვეყანა ფონდისგან და სხვა დონორებისგან.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სავალუტო ფონდი ამახვილებს ყურადღებას, 2020 წელს ბიუჯეტის დეფიციტის მკვეთრი ზრდაა, რასაც სსთ 8.5%-ის დონეზე პროგნოზირებს.
„კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური შოკი 2020-21 წლებში საქართველოში სავალუტო შემოდინებების ნაკადებს დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარით შეამცირებს, ამ თანხას საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა დონორები დავაფინანსებთ“, - განაცხადა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.
ეკონომიკურ პრობლემებს და რეცესიას ადასტურებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეც.
„პირველი კვარტალის მდგომარეობით, ჩვენ შევასრულეთ სახელმწიფო ბიუჯეტი როგორც შემოსულობებში, ასევე ხარჯებში. გარკვეულწილად, გადაჭარბებაც კი გვაქვს. მაგალითად, შემოსულობებში, დაგეგმილი გვქონდა 3 465 000 000-ის მიღება და მივიღეთ 3 736 000 000 ლარი. თუმცა, როგორც დინამიკა აჩვენებს, აპრილში პრობლემები იქნება გადასახადების ნაწილში და ის განსაკუთრებით მაისიდან იქნება შესამჩნევი.
მთლიანობაში, წელიც პრობლემური იქნება. ქვეყანა შევა რეცესიაში და არათუ ეკონომიკური ზრდა გვექნება, არამედ მინუსში წავალთ. 2020 წლის მშპ-ის მაჩვენებელი იქნება -4 ან -5 პროცენტი. გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცით, ეს პანდემია რამდენ ხანს გაგრძელდება, შესაბამისად, ეს ციფრებიც არის პირობითი, მაგრამ პირველადი ვერსია არის ასეთი“, - განაცხადა კოვზანაძემ.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მართლაც ურთულესია, მაგრამ მთავრობა მაინც ოპტიმიზს ინარჩუნებს და ეს უცხოელი დონორების მხარდაჭერითაა განპირობებული. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართული მოლაპარაკებები ქვეყნის დაფინანსების შესახებ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ბოლო პერიოდში გამართულა.
„დასრულდა 2-კვირიანი მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან. არსებული გამოწვევების ფონზე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ბოლო პერიოდში გამართულა, ვინაიდან ფონდთან შეთანხმება არსებითი პირობაა სხვა დონორებთან მოლაპარაკებისთვისაც. ამავე ორ კვირაში გაიმართა კონსულტაცია ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან დამატებით დაფინანსების მოზიდვაზე.
პრაქტიკულად ყველა დონორთან მნიშვნელოვნად გავცდით ჩვენი ზომის ეკონომიკისთვის დადგენილ კვოტებს, რისი საშუალებაც გასული წლების განმავლობაში განხორციელებულმა რეფორმებმა მოგვცა. დიდი მადლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ასეთი თანამშრომლობისათვის გალობალური გამოწვევების ფონზე, როცა საგარეო დაფინანსებას ითხოვს ყველა განვითარებადი ქვეყანა, დროის ასეთ მოკლე პერიოდში, ამ მოცულობის დაფინანსების შეთანხმებაზე.
რეალურად ეს არის კონკრეტული თვეების მიხედვით გაწერილი ის ბუფერი, რომელიც მოკლევადიან პერიოდში (8-10 თვე) გადაფარავს ყველანაირ დეფიციტს, ყველაზე ცუდი სცენარის პირობებშიც კი“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
პირველი ტრანში სავალუტო ფონდისგან დაახლოებით ერთ თვეში განხორციელდება. წლის ბოლომდე კი ეტაპობრივად ქვეყანა ყველა მოზიდულ თანხას ელოდება.