კორონავირუსით გამოწვეული მასშტაბური კრიზისი საქართველოს ეკონომიკას ძალიან მძიმედ შეეხო. ბიზნესი გაჩერებულია, შემოსავლის მიღების წყარო გადაეკეტათ თვითდასაქმებულებს. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი რჩება შემოსავლის გარეშე.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის „ეკონომიკური მოსაზრებები შეზღუდვის პოლიტიკიდან გამოსვლისთვის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ, ფაქტობრივად, დასაქმების საკითხი პოსტკრიზისულ პერიოდში იქცევა სოციალურ საკითხად. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ისეთი ინტერვენციები, რომლებიც დასაქმებულთა ამ კატეგორიას შეაძლებინებს, გადაიტანოს მომავალი 3-4 თვე და როგორმე გააგრძელოს ეკონომიკური საქმიანობა.
„მძიმე დარტყმა მიადგება ვაჭრობას, მომსახურების სფეროსა და სასტუმროებსა და რესტორნებს მოკლევადიან პერიოდში. ბოლო ორ უკანასკნელ სფეროს მოუწევს გრძელვადიან ნეგატიურ შოკთან გამკლავება. რთულია ჯანდაცვისა და განათლების სფეროში კრიზისით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების შეფასება დასაქმებაზე. ზოგადად, საქართველოში ცოტაა კაპიტალტევადი და ტექნოტევადი დასაქმების ადგილები, ამგვარად, კრიზისის გავლის შემდეგ შესაძლოა ამ დაკარგული სამუშაო ადგილების სწრაფადვე აღდგენა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, რომ დაახლოებით 200-300 ათასი ადამიანი, ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების გამო, ჩიხში მოექცევა და შემოსავლის გარეშე დარჩება.
საქართველოში სახარბიელო ეკონომიკური ვითარება იქამდეც არ იყო, თუმცა ამ გარემოებამ მდგომარეობა უფრო დაამძიმა. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. მთავრობა ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს, რაც კი მის შესაძლებლობებშია. ამჟამად საუბარი მიდის უმუშევართა დახმარებაზე.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქეები მთავრობისგან საარსებო მინიმუმზე ნაკლებ დახმარებას არ მიიღებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული განცხადება თვიურად 150 ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა იყო, რომელიც ძველ გათვლებს ემყარებოდა.
„რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის 150 და იქნება უფრო მეტი. 150 ლარი არის სააარსებო მინიმუმზე მცირე. შეუძლებელია ვილაპარაკოთ ყოველთვიურ დახარებაზე იმ ადამიანებზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი. ეს იყო სანამ ღრმა კრიზისში შევიდოდით, დაახლოებით თვენახევრის წინანდელი გათვლა. დღეს ეს ძველი ინფორმაცია გაიპარა, ტექნიკური შეცდომა იყო.
მიზნობრივი დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი შეუძლებელია საარსებო მინიმუმზე ნაკლები იყოს თვეში. ჩვენ აქამდე არ ვსაუბრობდით ჭორაობის დონეზე, სანამ არ გვექნებოდა შეთანხმებული პარამეტრები და მზა პორტფელი ფინანსური დახმარებისა. დღეს ეს პირველი რიგის მწვავე ამოცანა გადავწყვიტეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
თუმცა, მარტოოდენ დახმარება და სოციალური შემწეობა არ კმარა. ჯერ ერთი ამას სახელმწიფო ვერ გაუძლებს, თანაც საუბარი არ არის მნიშვნელოვან თანხაზე, რომელიც შეიძლება ოჯახმა როგორმე იმყოფინოს. ამიტომ ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ მთავრობამ უახლოეს დღეებში უნდა გააკეთოს განცხადება და დაუშვას გარკვეული საქმიანობა, მაგალითად, ონლაინ გაყიდვა და ისეთი საოფისე საქმიანობა, სადაც კლიენტთან უშუალო შეხება არ ხდება.
„ხელისუფლებას მოუწია, გაეტარებინა უფრო მკაცრი სანქციები, ვიდრე დაავდების გავრცელების სიჩქარე იყო. ამ ნაწილში, ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ლოგიკურია. ახლა კი დღის წესრიგში დგას საკითხი, რომ უკვე შესაძლებელია, გარკვეულწილად, მოიხსნას შეზღუდვები. შეიძლება, ამოქმედდეს ონლაინ გაყიდვები და ლოგისტიკას უნდა მიეცეს გასაქანი. მნიშვნელოვანია, მთავრობამ იფიქროს იმ საოფისე ტიპის ბიზნესების ამუშავებაზე, რომელსაც პირდაპირი შეხება არ აქვს მომხმარებელთან. ამაზე უახლოეს დღეებში მთავრობამ განცხადება რომ არ გააკეთოს, იქნება წარმოუდგენელი, რადგან ბიზნესი ელოდება და მათი ხვალინდელი შემოსავალიც ამაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ყიფიანმა.