უკვე ნათელია, რომ ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი მკვეთრად შემცირდება. თუკი ადრე ლაპარაკი იყო ეკონომიკის ზრდის ნულოვან მაჩვენებელზე, ახლა 5%-იან ვარდნაზე მიდის საუბარი და შეიძლება ისიც კი არ იყოს ყველაზე ცუდი სცენარი. მართალია, საერთაშორისო დახმარებებს ქვეყანა მიიღებს, მაგრამ ეს ვითარებას ბევრად ვერ გამოასწორებს, რადგან კრიზისი გლობალურია და უკვე ყველა სახელმწიფოში მძვინვარებს.
კორონავირუსიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მთავრობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებულ ვერსიას პარლამენტში მაისში წარადგენს. ეს ინფორმაცია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე დაადასტურა. მანვე იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა, რაც ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, კრიზისის გამო, შესაცვლელი იქნება.
„რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ეს მაჩვენებელი დაგეგმილი გვაქვს 2.5%-ით და ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსებას მივიღებთ, ეს დეფიციტი გაიზრდება. ასევე, ჩვენს საერთაშორისო საფინანსო პარტნიორებთან ერთად ვფიქრობთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიაში შევა და აქედან გამომდინარე, არათუ ზრდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი გვქონდა, 4.5%, არამედ გვექნება უარყოფითი, -4%, -5%-ის ფარგლებში, თუმცა ეს ციფრები იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც ჩვენ ველოდებით, რომ ფინანსთა სამინისტრო შემოიტანს მაისში“, - განაცხადა კოვზანაძემ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულია ადასტურებს, რომ ბიუჯეტის კორექტირება თითქმის დასრულებულია და ისიც ცხადია, რა პროგრამებზე მოუწევს უარის თქმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს. დასაზუსტებელი დარჩა მხოლოდ საგარეო დახმარებების ის ნაწილი, რომელიც საერთო პაკეტს შეკრავს.
„როცა ნომერ პირველი ამოცანა კორონავირუსი იყო, მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, სანამ მთავრობა იმ რესურსებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდებოდა, რაც შეიძლება, ხელმისაწვდომი გახდეს. როგორც კი იმ ეტაპზე მივალთ, როცა ეს თანხა მეტ-ნაკლებად ცნობილი გახდება, ცხადია, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქცია უნდა აღდგეს და აქტიურად ვიქნებით ჩართული პროცესში, რაც მიზნად ისახავს რეცესიის შემცირებას.
ამ წუთას, საერთო თანხის დასახელებას აფერხებს საერთაშორისო დახმარებების დაზუსტება. საგარეო დახმარებები უკვე გამოკვეთილია, ახლა მოცულობაა დასაზუსტებელი. როგორც ვიცი, საკმაოდ კარგი შედეგი გვექნება. უკვე გათვლილია, სახელმწიფო ბიუჯეტს რა პროგრამებზე მოუწევს უარის თქმა და ის ახალი ვალდებულებებიც შესასრულებელია, რასაც მთავრობა თავის თავზე აიღებს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად“, - განაცხადა კაკულიამ.
დეპუტატი განმარტავს, რომ ქვეყნის წინაშე ერთი ეტაპი იყო ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ, შემდეგ ეტაპი კი არის რეცესიის შედეგების შემცირება. შედეგები კი მართლაც მძიმე იქნება, რადგან საქართველოს ეკონომიკა ნორმალურ ვითარებაშიც კი ძალიან მყიფე იყო და გლობალური პანდემიის ფონზე კი სრულიად უსუსური გამოჩნდა.
სპეციალისტები თავისებურ რჩევებს აწვდიან მთავრობას თუ როგორ უნდა მოახერხონ ეპიდემიის შემდგომ სწრაფი რეაგირება. ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, მსხვილ ბიზნესს ასე თუ ისე შეუძლია თავად იპოვოს როგორ შიგა, ისე გარე ფინანსური რესურსები, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კი მოკლევადიანი სოციალური პროგრამები უნდა ამუშავდეს.
„დღეს საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ეკონომიკის რესტარტი შეუძლებელია. იმ გაგებით, რაც დასავლეთშია, ჩვენ ეკონომიკა არა გვაქვს. როცა იქ ლაპარაკობენ ეკონომიკის ხელახლა გაშვებაზე, ძირითადად, იგულისხმება ინდუსტრიული სექტორის ამუშავება, რაც ჩვენთან, ფაქტობრივად, არ არსებობს. როცა ჩვენ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მომსახურების სფეროს - ტურისტულ ბიზნესს, სასტუმროებს, რესტორნებს და ა.შ.
ეს ბიზნესები საგანგებო მდგომარეობის გამო დავკეტეთ, მაგრამ რომ არ დაგვეკეტა, ისინი თავისით დაიკეტებოდნენ. ამიტომ დღეს საქართველოს მაგალითზე ეკონომიკის მოქოქვაზე საუბარი არარეალურია, ქარხნები და ფაბრიკები ისედაც არა გვაქვს და რაც გვაქვს, არც გაჩერებულა. ეკონომიკის რესტარტს იმ სახით, რაც კრიზისამდე გვქონდა, აზრი არა აქვს. ტურისტულ ბიზნესში დღეს რესურსების ჩადება წყალში გადაყრილი ფულია. ტურისტული მიმოსვლა რადიკალურად შემცირდება რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც. შესაბამისად, ხელოვნურ სუნთქვაზე ბიზნესის კვება ქარისთვის გატანებული რესურსი იქნება, რადგან იმ მასშტაბის ტურისტული ბიზნესი, რაც აქამდე იყო, მაინც ვერ ამუშავდება.
აქამდე სამყაროს ჰქონდა ილუზია, რომ ფული იყო დომინანტი და ბოლო 50 წლის განმავლობაში მაქსიმალურად იბერებოდა მომსახურების სფეროს ბუშტი, კაცობრიობა სამომხმარებლო ბულემიით დაავადდა. ეს ყველაფერი დამთავრდა! ახლა ინდუსტრიული ცენტრების დომინირების ეპოქაში შევდივართ. შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდება სრულიად ახალი ეკონომიკის აშენება“, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში ხუხაშვილმა, რომლის აზრითაც ქვეყანა კარგა ხანი იქნება კრიზისულ სიტუაციაში.