ახალი კორონავირუსის ღამურიდან ადამიანზე გადმოსვლის „ნაკლული რგოლი“ შეიძლება პანგოლინები იყვნენ და არა გველები.
მას შემდეგ, რაც პირველად 2019 წლის ბოლოს ჩინეთის ქალაქ უხანის ხორცის ბაზრობაზე დაფიქსირდა, COVID-19-მა მსოფლიოს მასშტაბით უკვე 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დააინფიცირა. დაავადების გადადების უკეთ შესწავლისა და კონტროლის მიზნით, მეცნიერები აქტიურად იკვლევენ კორონავირუსს, რომელიც ამ დაავადებას იწვევს — SARS-CoV-2-ს.
SARS-CoV-2 ზოონოზურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ვირუსი ადამიანებში ცხოველებიდან არის გადმოსული. კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რომელმა ცხოველმა გადასდო ვირუსი ადამიანებს.
მიჩიგანის უნივერსიტეტის ბიოინფორმატიკის მკვლევართა ჯგუფმა ამ საკითხზე კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებსაც გამოცემა The Conversation-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერენ.
ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი ადამიანებში პანგოლინდებიდან გადმოვიდა და არა გველებიდან. პანგოლინი ერთადერთი ქერცლიანი ძუძუმწოვარია და გავრცელებულია აზიასა და აფრიკაში.
ზოონოზური გადაცემის საიდუმლო
2020 წლის იანვრიდან მოყოლებული, სამეცნიერო საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი, რომ კორონავირუსი SARS-CoV-2 სათავეს იღებს ცხვირნალისებრ ღამურებში; თუმცა, იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ცნობილია უფრო ადრეული ზოონოზური კორონავირუსების შესახებ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ვირუსი ადამიანებს პირდაპირ ღამურებმა გადასდეს.
მეცნიერთა აზრით, ღამურის კორონავირუსმა დააინფიცირა სხვა ცხოველი, ანუ „შუამავალი მასპინძელი“, რომელმაც შემდეგ ვირუსი ადამიანს გადასდო.
მაგალითად, კორონავირუსი SARS-CoV, რომელმაც 2003 წელს გამოიწვია მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) ეპიდემია, SARS-CoV-2-ის ახლო ნათესავია. როგორც გაირკვა, ღამურებმა ის პატარა მღრღნელს — პალმის ციბეტინს გადასდეს, ამ უკანასკნელისგან კი ადამიანები დაინფიცირდნენ.
იგივე მოხდა კორონავირუს MERS-CoV-ის შემთხვევაშიც, რომელმაც 2012 წელს ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) ეპიდემია გამოიწვია; ღამურებიდან ის სხვა შუამავალ მასპინძელში — ერთკუზიან აქლემში გადავიდა, აქლემისგან კი ადამიანებში.
SARS-CoV-2-ის შუამავალი მასპინძელი ამ ეტაპზე არის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც მრავალი მეცნიერი ცდილობს, რადგან ამის ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალში სხვა ეპიდემიების თავიდან ასაცილებლად.
ადრეული კვლევები მიუთითებდა, რომ SARS-CoV-2-ის შუამავალი მასპინძელი შეიძლება ყოფილიყო გველები — ჩინური კრაიტი ან ჩინური კობრა. თუმცა, ამ მოსაზრებამ მალე გამოიწვია სკეპტიციზმი, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ დრომდე არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსს ადამიანებში გადმოსვლა შეუძლია ცივსისხლიანი ცხოველისგან, მაგალითად, გველებისგან.
გველები ნაკლებად სავარაუდო მასპინძელია
ადრეული ვარაუდი, რომ SARS-CoV-2 ადამიანს გველებისგან გადაედო, ეფუძნებოდა ვირუსის გენეტიკური თანმიმდევრობის ანალიზს. როგორც ვირუსების, ისე ცხოველის უჯრედების ფუნქციონირებისთვის საჭიროა, რომ გენეტიკური თანმიმდევრობა (რნმ ან დნმ) გადაითარგმნოს ცილებად, რომლებიც შემდეგ ვირუსისა და უჯრედების მრავალ დავალებას ასრულებენ.
ეს ცილები წარმოდგენილია ერთეული ამინომჟავების გადაბმული ჯაჭვების სახით; ცილაში არსებული თითოეული ამინომჟავა ჩაშიფრულია სამი ნუკლეოტიდის ჯგუფის სახით, რასაც გენეტიკურ თანმიმდევრობაში კოდონს უწოდებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს 64 სხვადასხვა შესაძლო კოდონი, მაგრამ მხოლოდ 20 ამინომჟავა, ერთსა და იმავე ამინომჟავას შეიძლება შეესაბამებოდეს რამდენიმე კოდონი; სხვადასხვა ორგანიზმი სხვადასხვაგვარ პრიორიტეტით ირჩევს, თუ რომელი კოდონი გამოიყენოს მოცემულ ამინომჟავაში.
ადრეული კვლევა ვარაუდობდა, რომ იმისათვის, რათა კორონავირუსი ეფექტიანად გაიზარდოს ცხოველის უჯრედში, კორონავირუსის მიერ კოდონის გამოყენების უპირატესობა უნდა ემთხვეოდეს მასპინძელი უჯრედიასა.
მკვლევარებმა ერთმანეთს შეადარეს SARS-CoV-2-ის მიერ გამოყენებული კოდონები და უხანის ბაზრობაზე გასაყიდად წარმოდგენილი რვა ცხოველის უჯრედების მიერ გამოყენებული კოდონები. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გველების უჯრედების მიერ გამოყენებული კოდონები ყველაზე მეტად ჰგავდა SARS-CoV-2-ის მიერ გამოყენებულს; შესაბამისად, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ შუამავალი მასპინძლები დიდი ალბათობით სწორედ გველები იყვნენ.
თუმცა, ვერ დამტკიცდა მათი ცენტრალური ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსები და მათი მასპინძელი ცხოველები მსგავს კოდონებს იყენებენ. მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ეს ჰიპოთეზა დეტალურად შეისწავლა და ჩაატარა გაცილებით სისტემატიზებული ანალიზი.
სამი კორონავირუსის (SARS-CoV-2, SARS-CoV and MERS-CoV) მიერ გამოყენებული კოდონები მათ 10 000 სხვადასხვა ცხოველის უჯრედების მიერ გამოყენებულს შეადარეს.
მათდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ კორონავირუსების მიერ კოდონების გამოყენებას არ განსაზღვრავს მისი მასპინძელი. მაგალითად, SARS-CoV-ისა და MERS-CoV-ის მიერ გამოყენებული კოდონები გაცილებით ახლოს არის ბაყაყებთან და გველებთან, ვიდრე მათ რეალურ მასპინძელ ცხოველთან (ციბეტინები და აქლემები).
ეს კი იმას აჩვენებს, რომ ცხოველის უჯრედის მიერ გამოყენებული მხოლოდ ერთ კოდონით შეუძლებელია კორონავირუსების მასპინძლის დადგენა, რაც მიუთითებს, რომ ადრეული ვარაუდი, რომ SARS-CoV-2 ადამიანებში გველებიდან გადმოვიდა, დიდი ალბათობით არასწორია.
პანგოლინი — შესაძლო ნაკლული რგოლი
მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ასევა დაადგინა, რომ მალაიური პანგოლინის ფილტვებში აღმოჩენილი კორონავირუსის გენეტიკური მიმდევრობა ძლიერ ჰგავს SARS-CoV-2-ისას. ორ ვირუსს გენეტიკური მიმდევრობა 91 პროცენტით ერთნაირი აქვს.
გარდა ამისა, განსაკუთრებით დიდი მსგავსებაა ამ ორი ვირუსის წვეტ ცილებს შორისაც. ე. წ. წვეტი ცილები კორონავირუსის ზედაპირიდან არის გამოშვერილი და ვირუსი მათ უჯრედში შესაღწევად იყენებს.
ღამურის კორონავირუსს, რომელიც SARS-CoV-2-ის წინაპარია, წვეტ ცილაში აქვს SARS-CoV-2-ისგან განსხვავებული 19 ამინომჟავა, პანგოლინის კორონავირუსს კი SARS-CoV-2-ისგან განსხვავებული მხოლოდ ხუთი ამინომჟავა აქვს.
ამასობაში, მკვლევართა სხვა რამდენიმე ჯგუფმაც აღმოაჩინა იმის ექსპერიმენტული მტკიცებულება, რომ პანგოლინები დაინფიცირდნენ კორონავირუსით, რომელიც ძლიერ ჰგავს SARS-CoV-2-ს.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევართა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათმა კვლევამ შუამავალ მასპინძლად ყველაზე დიდი ალბათობით პანგოლინი გამოავლინა, მაინც უნდა განვიხილოთ სხვა პოტენციური შუამავალი მასპინძლებიც.
ადამიანთა დასაინფიცირებლად, კორონავირუსს ერთზე მეტი სახეობის ცხოველის გამოყენება შეუძლია. მაგალითად, SARS-ი ადამიანებში ღამურებისგან ციბეტინის გავლით გადმოვიდა, მაგრამ მისი ტარება შეუძლიათ სხვა ცხოველებსაც, მათ შორის ენოტისმსგავს ძაღლსა და ქრცვინისებრ მაჩვს.
ირკვევა ისიც, რომ SARS-CoV-2-ით ინფიცირდებიან კატები და ქრცვინებიც. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანი ამ ცხოველებისგან დაინფიცირდეს.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.