ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უარს აცხადებენ თანხების მიზნობრიობის გასაჯაროებაზე. შესაბამისად, მდიდარმა ა/ო-ებმა რეგისტრაცია ქვეყნიდან გაიტანეს, მაგრამ პროკურატურის კითხვებს მაინც ვერ გადაურჩნენ და როგორც კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, ვერც სამართლებრივ პასუხისმგებლობას გაექცევიან. ამ ეჭვს ამყარებს პროკურატურისა და სუს-ის ერთობლივი სპეცოპერაცია - 700 მილიონის გამთეთრებელის, კახა კოტორაშვილის დაკავება, რომლის ფუნქცია, არსებული ინფორმაციით, გარედან ფულის შემოტანა იყო, ხოლო საბოლოო ადრესატი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია გახლდათ.
ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თანხების მიზნობრიობას მალავენ. გარდა ამისა, ისიც აშკარაა, რომ სწორედ „ენჯეოები“ აფინანსებენ ქვეყანაში რადიკალურ პროცესებს. რაც მთავარია, რადიკალებიც მათვე აღჭურვეს ტექნიკურად და მათი ჯარიმებიც გადაიხადეს. საეჭვო ტრანზაქციებიდან გამომდინარე, 27 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.
საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწმის სახით გამოკითხვა დაიწყო. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა პროკურატურას დაუდასტურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებენ კოორდინირებულად. ასევე, დაადასტურა, რომ ჩართული იყო სხვადასხვა ტიპის აქციების ორგანიზებაში.
„გამოძიების ფარგლებში, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებულად და კოორდინირებულად და სწორედ ამ ფარგლებში დაესვა დღეს, რა თქმა უნდა, კითხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. ამ შემთხვევაში, მან, ეკა გიგაურმა დაგვიდასტურა ის, რომ იყო ჩართული უშუალოდ სხვადასხვა ტიპის აქციების ორგანიზებაში და ასევე, გარკვეული სახის ფინანსური ხარჯები არასამთავრობო ორგანიზაციას გაწეული აქვს უშუალოდ აქციისთვის სხვადასხვა ნივთების შესაძენად, რომელიც წინააღმდეგობისთვის იყო გამოყენებული“, - განაცხადა პროკურორმა.
მართალია, გიგაურმა პროკურატურას დაუდასტურა, რომ ჩართული იყო სხვადასხვა ტიპის აქციების ორგანიზებაში, ადვოკატ სანდრო ბარამიძის განცხადებით, ნებისმიერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მათთვის კრიმინალია, სინამდვილეში, ეს არის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობა. მაშ, ასე, რადიკალიზმის ორგანიზატორები არ აღიარებენ მათ მონაწილეობას საბოტაჟში, ვნახოთ, რას იტყვის პროკურატურა.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტულმა „ენჯეოებმა“ სცადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით, რაც ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა, დანარჩენზე სამართალდამცავი უწყებები იმსჯელებენ.
„საბოტაჟის საქმეზე გიგაურის გამოკითხვის დეტალები მე არ ვიცი, ეს არც არის ჩემი საქმე, მაგრამ ყველამ კარგად იცით, რომ „ენჯეოები“ პირდაპირ იყვნენ ჩართულნი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, სცადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით. მაგალითად, მე მახსენდება პირადად გიგაურიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, როგორ ავიდა სცენაზე 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირმა უსამართლოდ არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და როგორ მოითხოვეს არა მარტო მთავრობის გადადგომა, არამედ საკუთარი ჩართულობით, ახალი მთავრობის დაკომპლექტებაც, რაც საერთოდ არ არის „ენჯეოების“ საქმე, ანუ მათ სცადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით, რაც არის აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური მოვლენა. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა, დანარჩენზე სამართალდამცავი უწყებები იმსჯელებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება, უცხოეთიდან დაფინანსებულ რამდენიმე „ენჯეოსთან“ ერთად, დემოკრატიული ჩარჩოებიდან გავიდა. მათ პირდაპირ აქვთ გაცხადებული, რომ ისინი უარს ამბობდნენ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და დადგნენ ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების გზაზე.
„ყველას შევახსენებ, რომ სახელისუფლებო მანდატის მოპოვების ერთადერთი გზა არის არჩევნები. ამ ჯგუფებმა, პარტიებმა და უცხოეთიდან დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ განაცხადეს, რომ ისინი გადიან დემოკრატიული ჩარჩოებიდან და ძალადობრივი გზით სახელისუფლებო ბერკეტების მოპოვებას ცდილობენ. ზუსტად ეს არის განცხადება დამხობასთან დაკავშირებით. ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს, ყველა, ვინც ე.წ. დამხობის ტერმინს აკნინებს, ან მხარს უჭერს, ან სალონურად ხდის იმით, რომ ხვდება მათ და დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ შეხვედრებს აორგანიზებს, ყველა ახალისებს ძალადობრივ პროცესებს. ამიტომ, ფაქტია, რომ მათ არანაირი სახალხო მხარდაჭერა არ აქვთ. ეს არის ის საშიში გზა, რომელსაც დღეს ადგას უცხოეთიდან კარნახით რამდენიმე პარტია და „ენჯეო“, ეს არის ის გზა, რომელიც პირდაპირ მიდის მაიდნისკენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, ქვეყნის მთავარ პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე „მსუყე“ და აგრესიული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები და აქტივები დაყადაღდა. მისი თქმით, ქვეყანაში შემოღებულია გრანტების მონიტორინგის ახალი სისტემა - 2025 წელს მიღებული ცვლილებებით, ნებისმიერი გრანტის გაცემამდე, დონორმა უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა.
„უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრულია ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც აქვს ფართო უფლებამოსილებები „აკრძალული გრანტების“ შესწავლისა და სანქციების დაკისრებისათვის. გრანტის გაცემის შემთხვევაში (თანხმობის გარეშე), დაწესებულია ჯარიმა გრანტის ორმაგი ოდენობის ფარგლებში (განსახილველი ვადა - 3 თვე, გაგრძელების შესაძლებლობით კიდევ 3 თვემდე). სასამართლომ 2025 წლის ივნისში, ანტიკორუფციულ ბიუროს მისცა უფლება, მოქმედი კანონის ფარგლებში, მოითხოვოს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემები 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდში.
ახალი კანონების პირობებში, სისტემა ძალზე ეფექტიანად მუშაობს: ანტიკორუფციული ბიურო კანონის შესაბამისად, მასობრივად ითხოვს დოკუმენტებს, სასამართლო კი ანიჭებს უფლებას ანგარიშების გაყინვაზე. კონტროლის მექანიზმი გახდა პრევენციული ხასიათის: მთავრობის თანხმობის გარეშე, გრანტი ვერ გაიცემა, პასუხისმგებლობა ვრცელდება, როგორც დონორებზე, ასევე მიმღებებზე“, - აცხადებს ქართველიშვილი.
მისი თქმით, გარდა FARA-ს კანონისა, გადაიდგა დამატებითი ნაბიჯები უცხოეთიდან შემოსული ფინანსური ნაკადების გამჭვირვალობისთვის - შეიქმნა სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო და პირველი კონკურსი გამოცხადდა 2025 წლის 21 ივლისს.
„ასევე, შეიქმნა ღია მმართველობის პლატფორმა (OGP) - ონლაინ ინსტრუმენტი, სადაც თავად საზოგადოებას შეუძლია მონიტორინგი გაუწიოს რეფორმების შესრულებას. ის, რომ პრევენციის და აღსრულების მექანიზმები მშვენივრად მუშაობენ - დიდი ბრიტანეთიდან გრანტების შეჩერებას რომ მოჰყვა „აღშფოთებული შეშფოთება“ - ძალიან კარგად გვახსოვს. „დიფ სთეიტის“ ფისკალური სისტემა ამან იმდენად დიდ საგონებელში ჩააგდო, რომ ჩავარდნილი „ბრიტანული გრანტები“ ჯერ პოლონეთის საელჩოს ხაზით გადამისამართდა, მაგრამ იქიდანაც ფულადი ნაკადების მიზნობრივ განაწილებასთან და რისკების გაწევასთან - პრობლემები შეიქმნა.
მაქსიმუმი, რა ვირეშმაკობასაც მიმართეს მსხვილმა „ენჯეოებმა“ - აღმოსავლეთ ევროპაში და ბალტიისპირეთში გახსნეს ფილიალები, რაც მათ საშუალებას აძლევს ხელფასების პრობლემა გადაწყვიტონ, მაგრამ ფულის შემოდინების იმ „უპრაგონო“ და გაუმჭვირვალე წარსულთან - მათი ეს ძალისხმევა ახლოც ვერ მოდის. ასე, რომ მთავარი პროკურატურა, ანტიკორუფციული ბიურო, სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო და სუს-ი - განახლებულ საკანონმდებლო პირობებში იმდენად ეფექტიანად მუშაობენ, რომ მავნებელი და არაკეთილსინდისიერი „ენჯეო სექტორი“ „განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა, სადაცა მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.