„თეთრი სია“ თანდათან „შავ სიად“ გარდაიქმნა და მთავრობა მის გაუქმებას აპირებს

„თეთრი სია“ თანდათან „შავ სიად“ გარდაიქმნა და მთავრობა მის გაუქმებას აპირებს

„თეთრი სიის“ ფორმატმა უკვე მახინჯი ფორმა მიიღო. სახელმწიფო შეღავათებს კომპანიები არაკეთილსინდისიერად იყენებენ. ამიტომ, მთავრობა ამ სიის გაუქმებას აპირებს. ბიზნესი შეცდომებს აღიარებს, თუმცა რადიკალურ ნაბიჯებს მაინც ეწინააღმდეგება. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელ კომპანიებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, ერთ ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ე.წ. თეთრი სიის გაუქმება იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს საკითხი „მავნე პრაქტიკას უკავშირდება, ამიტომ უნდა გაუქმდეს“:

„სამწუხაროდ, „თეთრი სიიდან“ გამომდინარე პრეფერენციებმა საკმაოდ მავნე პრაქტიკა შეიძინა, ამიტომ ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხი საავანსო გადახდებთან დაკავშირებით უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა მან.

როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნულის გაუქმება მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხით, არამედ ბიზნესის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეც, მათ შორის, მათი ფინანსური სიჯანსაღისთვის.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რამდენიმე პრობლემური საკითხი განიხილეს, მათ შორის, ე.წ. თეთრი სიების (სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრი) გაუქმებისა და სავალდებულო ფასთან ინდექსაციის დანერგვის საკითხი.

„მნიშვნელოვანი იყო „თეთრი სია“, რადგან ის გარკვეული კატეგორიის მიმწოდებლებს უპირატეს უფლებას, გარკვეულ შეღავათებს აძლევდა, რაც ამარტივებდა მათთვის ხელშეკრულების გაფორმებისა და შემდეგში, შესრულების პირობებსაც. შესაბამისად, შესაძლოა, ეს პრივილეგიები გაუქმდეს. ძირითადად, საუბარია საავანსო მიმართულებით „თეთრი სიის“ გაუქმებაზე. რაც შეეხება დარგში არსებულ გამოწვევებს, სამშენებლო სექტორს სხვადასხვა მიმართულებით აქვს პრობლემა. მაგალითად, ფასების ინდექსაცია, კვალიფიცური მუშახელის არარსებობა, ამ კუთხითაც აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან მუშაობა და კარგ შედეგებს ველოდებით უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ეკა თათაშვილმა, კომპანია „არალის“ დირექტორის მოადგილემ.

ფაქტობრივად, კერძო სექტორიც და სახელმწიფოც თანხმდებიან, რომ საჭიროა „თეთრი სიების“ რეფორმა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი გიორგობიანი ამ აზრს იზიარებს, მაგრამ „თეთრი სიის“ ერთიან გაუქმებას არ ემხრობა.

„ეს სერიოზული გამოწვევა იქნება და ჩვენი შეფასებით, მნიშვნელოვანი ლიკვიდურობის კრიზისს შექმნის სექტორში. აქედან გამომდინარე, ასოციაციის მხრიდან ინიცირებულ იქნა რამდენიმე წინადადება, მათ შორის, გარდამავალი პერიოდის დაწესებაზე, რათა მიეცეს ბიზნესს ადაპტირების საშუალება, მოხდეს „თეთრი სიის“ რეფორმა და არა - ერთიანად გაუქმება. სამშენებლო სექტორს რეფორმა სჭირდება, ბევრი რამეა შესაცვლელი, მათ შორის, ფასწარმოქმნა. გვაქვს მოლოდინი, რომ სამინისტრო მოახდენს სახელშეკრულებო რეფორმებსაც, რომლის ნაწილშიც ინდექსაცია სავალდებულო გახდება“, - განაცხადა გიორგობიანმა.

„თეთრი სიით“ არაერთმა კომპანიამ ბოროტად ისარგებლა, რითაც სახელმწიფომ იზარალა. სია სახელმწიფოს მხრიდან კომპანიებისთვის ბენეფიტი იყო, რითაც სახელმწიფო მათ გარკვეული თავისუფალი ფინანსური აქტივების შეძენაში ეხმარებოდა. ამიტომ, „დიკა 2010“-ის დამფუძნებელის, ნათია ხვედელიძის თქმით, მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე საუბარი იყო, რომ „თეთრი სია“ მხოლოდ ნაწილობრივ გაუქმდეს.

„თეთრ სიაში მყოფ კომპანიებს შეეძლოთ, ავანსის ღირებულების 50% მიეტანათ და მეორე 50% იყო არაუზრუნველყოფილი. კომპანიებმა, რომლებმაც ამ სიით ბოროტად ისარგებლეს და საკონტრაქტო პირობები დაარღვიეს, სახელმწიფოს ამ კომპანიებთან არაუზრუნველყოფილი თანხების მოთხოვნის უფლება დაუდგა, მაგრამ უკან ვერანაირი თანხა ვერ წამოიღო. ცხადია, ამით სახელმწიფომ იზარალა და თუ „თეთრი სია“ სრულად გაუქმდება, დანარჩენი კომპანიებიც ვიზარალებთ, რომლებიც ამ მოცემულობას კეთილსინდისიერად ვემსახურებით.

აქტიური დისკუსია მიდის სახელმწიფოსთან, რა ფორმით უნდა გაუქმდეს „თეთრი სია“, ანუ სრულად გაუქმდება, ნაწილობრივ, თუ მხოლოდ საავანსო პირობების ნაწილში. ეს არის სამუშაო პროცესი, რაზეც ვიმედოვნებთ, რომ თავად ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეგვეხმიანება და სამუშაო ჯგუფთან ერთად, რომელიც დაბალანსებული იქნება, როგორც მშენებლებისგან, ისე ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, განვიხილავთ ამ საკითხებს“, - განაცხადა მან.