საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ კოვიდ-19-ის ბიზნესზე გავლენის შესაფასებლად კვლევა ჩაატარა. გამოკითხვაში პალატის 615 წევრმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, რომელთა ძირითადი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელია. კვლევამ მოიცვა როგორც თბილისი, ასევე საქართველოს რეგიონები 25-30 მარტის ჩათვლით, კერძო სექტორზე ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვების დაწესებამდე პერიოდს.
გამოკითხულ მეწარმეთა უმრავლესობას ათამდე თანამშრომელი ჰყავს. რესპოდენტთა 52% აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული გახდა ადამიანები სამსახურიდან დაეთხოვა. ასეთი თანამშრომლები (70.5%) ხელფასის სრულად შენარჩუნებით გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში, ნაწილობრივი ანაზღაურებით (19.1%) ან ანაზღაურების გარეშე (10.4%).
შექმნილმა ვითარებამ მხოლოდ მეწარმეთა მცირე ნაწილზე არ იქონია გავლენა (12.4%). მეწარმეები მიიჩნევენ, რომ მათ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რაც წარმოადგენს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობას.
კვლევის თანახმად, ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა შეკვეთების შემცირება ან გაუქმებაა (10.2%). ასევე სახელდება რეალიზაციის ვარდნა, მათ შორის ექსპორტის კლება(11%). ამასთან, ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიების უმრავლესობას (გამოკითხულთა შორის 5.3% იყო ტურისტული კომპანიები) სრულად გაუუქმდათ ჯავშნები. რესპოდენტთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ნედლეული არსებითად გაძვირდა, აღარ არის ხელმისაწვდომი ან მათი შესყიდვა შეფერხდა (11.5%), რაც გაცვლითი კურსის ცვლილებით და გაძვირებული იჯარის პირობებში (6.3%) პირდაპირ აისახება წარმოებაზე და წარმოებული პროდუქტის ფასზე.
გამოკითხულთა 15.1% ფიქრობს, რომ ბიზნესის მდგრადობისთვის, სახელმწიფომ დროებით უნდა შეამციროს, ან საერთოდ გააუქმოს გადასახადები. მეწარმეთა ცალკეულ ნაწილს აქვს სირთულეები მიმდინარე სესხებთან და დავალიანებებთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შეღავათიანი, გრძელვადიანი სესხი (12%), არსებული სესხის გადავადება ან სუბსიდირება (5%). ნაწილი კი, ბიზნესის მდგრადობისთვის ცალკეულ წინაპირობებს ასახელებს. 16.6%-ის თანახმად კი, მათ ბიზნესისთვის აუცილებელია პირდაპირი ფინანსური დახმარება გრანტის ან ახალი პროექტების დაფინანსების გზით.
ბიზნესი დღეს მართლაც უმძიმეს დღეშია, მაგრამ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში არიან ის ადამიანები, რომლებიც სახლში გამოიკეტნენ და სამსახურის გარეშე დარჩნენ. ფინანსისტი თემურ ბასილია ამბობს, რომ თუკი ადამიანები გაუშვი სახლში და არსებობის საშუალება არ მიეცი, მაშინ სხვანაირად უნდა დაეხმარო, საქართველოს კი ამის შესაძლებლობა არ აქვს.
„კორონავირუსთან დაკავშირებით, ხელისუფლების ქმედებები როგორც სამედიცინო, ისე ეკონომიკური მიმართულებით იყო ადეკვატური და დადებით შეფასებას იმსახურებს. რაც იყო გაცხადებული იგივე 2 მლრდ-ის გამოყოფის თაობაზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, აბსოლუტურად სწორი იყო. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება პირველ ეტაპზე უფრო სამედიცინო მიმართულებაზე გაკეთებულიყო აქცენტი. ამან შესაძლოა, თავისი შედეგი მოგვცა და საქართველოში ეს პროცესი არ არის ისეთი მძიმე ფორმებით, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში და თუნდაც შეერთებულ შტატებში. მაგრამ ერთი სფერო არ უნდა დაუპირისპირდეს ეკონომიკას, იმიტომ, რომ თუ ადამიანები სახლში გაუშვი და არ მიეცი არსებობის საშუალება, მაშინ სხვანაირად უნდა დაეხმარო. საქართველოს კი არ აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა. ამიტომაც მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკაში არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე ზრუნვა, მათ შორის ფინანსური დახმარების გამოყოფის თვალსაზრისით. ამისთვის არის აუცილებელი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ფინანსების მობილიზება, რომ ეს რამდენიმე თვე გადავაგოროთ, რათა უკვე პოსტკრიზისულ პერიოდს სხვა ეტაპზე შევხვდეთ და აღორძინებაზე ფიქრი და მუშაობა უფრო ადვილი იყოს“, - განუცხადა „პალიტრანიუსს“ ბასილიამ.
მისი აზრით, ახლა აქცენტი უნდა გაკეთდეს სოფლის მეურნეობაზე და კვებისა და გადამამუშავებელ მრეწველობაზე. უნდა მოხდეს იმის მხარდაჭერა, რაც ტრადიციულია საქართველოსთვის. უკვე ცხადია, რომ კრიზისს უფრო სწრაფად ის ქვეყნები დაძლევენ, რომლებსაც მეტ-ნაკლებად თვითკმარი ეკონომიკა აქვთ.