„სოფლად თუ ჩაკლავ სიცოცხლეს, ქალაქი წაგიხდებაო“

„სოფლად თუ ჩაკლავ სიცოცხლეს, ქალაქი წაგიხდებაო“

ბევრი თბილისელი დარჩა და დარჩება უმუშევარი. ამდენად, ვისაც სოფლად მიწის ნაკვეთი გააჩნია, მოუწევს მიწის მოვლასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების გამომუშავება. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს სასოფლო-სამეურნეო ტელეარხების გადაცემები და ინტერნეტში არსებული ვიდეოგაკვეთილები? რა შედეგს გამოიღებს თბილისელთა გათვითცნობიერება ამ კუთხით?

საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თბილისელების დიდ ნაწილს თბილისის საგარეუბნო ზონაში აქვთ მიწის ნაკვეთები და ყველას შეუძლია მოაწყოს 500-600 მეტრზე პატარა ბოსტანი, დათესოს ნიორი, კარტოფილი, მწვანილი, კიტრი, პომიდორი, მარწყვი.

პაატა კოღუაშვილი იხსენებს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იმდროინდელმა ხელისუფლებამ თბილისის საგარეუბნო ზონაში მეცნიერებს დაურიგა მიწის ნაკვეთები, რათა მათ ეწარმოებინათ პროდუქცია ოჯახების გამოსაკვებად, ძალიან ბევრმა მეცნიერმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა.

„შალვა ნუცუბიძეს შესანიშნავი მიწის ნაკვეთი ჰქონდა თავისი არაჩვეულებრივი ბაღით გლდანში, აკადემიკოს ლევან ნათაძესაც ჰქონდა ასეთი ნაკვეთი და ეს ვიცი ბატონ ნოდარ ნათაძისგან. კიდევ ძალიან ბევრი მეცნიერი ფლობდა და ამუშავებდა პატარა ნაკვეთებს. ეს ნიშნავს, რომ თბილისელებიც უნდა ჩაერთონ ამ საქმეში. ამ მხრივ ძალიან მომწონს სასოფლო-სამეურნეო სატელევიზიო გადაცემები. აუცილებელია, ჩვენს მოსახლეობას ჩაუტარდეს ვიდეოგაკვეთილებიც. ოღონდ ეს გაკვეთილები უნდა ჩაატარონ კვალიფიციურმა მებოსტნეებმა, მეხილეებმა, აგრონომებმა და ასწავლონ მოსახლეობას საოჯახო პირობებში პროდუქციის წარმოება. მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ საქართველოში ორ ათეულზე მეტ რაიონში დაამუშავა საოჯახო პირობებში ქათმის წარმოების წესები და ტრენინგები ჩაუტარა მოსახლეობას. სამწუხაროდ, ამით დასრულდა ყველაფერი, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან არ იყო შემდგომი დაინტერესება და მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ გაერო და უცხოელები ხშირად უფრო სწორად უყურებენ ამ საკითხს, რეკომენდაციებსაც აძლევენ ჩვენს ხელისუფალთ, მაგრამ მათ ეს არ ესმით. ხელისუფლების პოზიცია ასეთია, სახელმწიფომ რატომ უნდა გააკეთოს რაღაც? მერე ეს ხომ ჩვენ დაგვბრალდება? გლეხმა გააკეთოს, მას დაბრალდება“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ადამიანებს არ ესმით, თუ სოფლად ჩაკვდა სიცოცხლე, ქალაქიც ცუდად დაამთავრებს, ცნობილი ქართული გამოთქმის არ იყოს, „სოფლად თუ ჩაკლავ სიცოცხლეს, ქალაქი წაგიხდებაო“.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გაეროს სერთიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ძალიან კარგი არხია „საფერავი“, 24 საათი მუშაობს და მშვენიერი გაკვეთილებიც ტარდება. კონსულტაციებიც არის, გაკვეთილებიც, რეკომენდაციებიც, ასევე, არის კონკრეტული ინფორმაცია, სად იყიდო თესლი, როგორ შეარჩიო და სხვა. ამიტომ ასეთი გადაცემები აუცილებელია ჩვენი ფერმერების და ნებისმიერი ადამიანის გასათვითცნობიერებლად, რომელიც დაინტერესებულია სოფლის მეურნეობით.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე მიიჩნევს, რომ მთელი განვითარებული მსოფლიო, დისტანციურ სწავლებებზეა გადართული და, განსაკუთრებით, ეს ეხება სოფლის მეურნეობას.

„უცხოელები ონლაინრეჟიმში აჩვენებენ, როგორ ხნავენ, თესავენ, ასწავლიან, როგორ უნდა მოიყვანონ პროდუქტი. ეს აპრობირებული ფორმაა და, მე მგონი, ერთ-ერთი გამოსავალია, თუ როგორ შეიძლება ვასწავლოთ სოფლის მეურნეობა მომავალ თაობას“, - აცხადებს ნინო ზამბახიძე ჩვენთან საუბარში.

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli ეეხ.... ! ჩემს საყანე ნაკვეთამდე 2000კვ.მ მანძილი შეადგენს 11 კმ-ს! გზა გაუვალია. ფართობი შემოუღობავია! რადგან გზა არ იყო, ტრანსპორტი არ იყო, მეზობელ ნაკვეტებს ვეღარავინ ამუშავებდა (დაიხოცნენ, მემკვიდრეები ქალაქში გაიქცნენ) გავერანდა იქაურობა, ჩოჩობამ (სწარაფად მზარდი ბუჩქნარი) წაიღო ის ნაკვეთები! აქ კი ეს პროფესორი ხალხი გლახაობთ?! კაი რაა...?! კოოპერაცია ვისთან მოვაწყოთ მიცვალებულებთან, მისიკვდილებულებთან თუ ემიგრანტებთან?! კარგი რაა...!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 72 503 600 აშშ დოლარის რძე და რძის პროდუქტები; 50 346 500 დოლარის - შაქარი; 12 413 300 დოლარის - ხახვი, 6 741 100 აშშ დოლარის ბრინჯი და 2 439 400 დოლარის კარტოფილი შემოვიდა.
4 წლის უკან