მაისიდან უძრავი ქონება გაიაფებას დაწყებს, რეალიზაცია მთლიანად შეჩერებულია

მაისიდან უძრავი ქონება გაიაფებას დაწყებს, რეალიზაცია მთლიანად შეჩერებულია

უძრავი ქონების ბაზარზე დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი და ეს პირველ რიგში ფასს შეეხება. ამ ეტაპზე რეალიზაცია მთლიანად შეჩერებულია, რაც მალე ასახვას ფასზეც იქონიებს. ვარაუდობენ, რომ მაისიდან უძრავი ქონება გაიაფებას დაიწყებს და ფასები საგრძნობლად შემცირდება.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი კორონავირუსის გამო სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების მიმართულებით შემცირებულ მოთხოვნაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ეს ახლა სავსებით ბუნებრივია, რადგანაც მოქალაქეებს, უბრალოდ, სხვა პრიორიტეტები აქვთ.

„უძრავი ქონება ის პროდუქტი არ არის, რომ ადამიანმა გზად შემოიაროს, ბარემ იყიდოს. მისი შეძენა მთელი პროცესია, მოდიან, არჩევენ, შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. ახლა სწორედ ეს პროცესია შენელებული. გაიყიდა ბოლო ბინები, რომლებიც წინა თვეში იყო შერჩეული და ახლა უკვე მიილია ეს ნაკადი და მგონი, ბინების გაყიდვებიც გაჩერდება. ამისთვის უბრალოდ არ სცალიათ მოქალაქეებს. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ბინა აღარ უნდათ, უბრალოდ, ახლა მათთვის არასწორი დროა. ახლა არის, პრაქტიკულად, საომარი მდგომარეობა - ომი არის რაკეტებით და ტანკებით და არის ბიოლოგიურიც, ახლა უხილავ მტერთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს როსტომაშვილი.

მისივე თქმით, ახლა გაჩერების დრო არ არის და მნიშვნელოვანია, დავგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები, რათა, როცა კორონავირუსი გადაივლის ამ პროცესს დავხვდეთ მომზადებულები.

„ყოველთვის ბევრად უფრო რთული გადასატანია პოსტკრიზისული პერიოდები. ამიტომ საჭიროა, მომზადდეს რაც შეიძლება მეტი წინადადება ინვესტორებისთვის. ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება 100%-ით დამოკიდებულია უცხოურ ინვესტიციებზე და ახლა პროგრამები და წინადადებები უკვე უნდა მოვამზადოთ. თუნდაც, ადგილობრივი ხელისუფლებებიც უნდა მუშაობდნენ ამ მიმართულებით. თუ რაღაც პროექტები პატარა-პატარა ხარვეზების გამოა შეჩერებული, მათი დამტკიცება და ნებართვების გაცემა უნდა მოხდეს სწრაფად, რომ გამზადდეს საინვესტიციო წინადადებებისთვის“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ როსტომაშვილმა.

თბილისში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რაოდენობა 33%-ით შემცირდა. მიზეზი, რა თქმა უნდა, კორონავირუსის ეპიდემიაა.

მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების ფასები, ამ ეტაპისთვის სტაბილურია, ანალიტიკოსების აზრით, მაისში ფასი კლებას დაიწყებს. ზაფხულისთვის მოსახლეობის გადახდისუნარიანობა საკმაოდ დაბალი იქნება, შესაბამისად, მოსალოდნელია უძრავი ქონების გაიაფება.

სამშენებლო კომპანია „აიჯიეს ჯგუფის“ ხელმძღვანელის შოთა გუჯაბიძის აზრით, თუკი უძრავი ქონების სეგმენტში გაიაფების ფაქტი დაფიქსირდება, მას დომინოს პრინციპით მიჰყვება ყველა და სექტორი გამოუვალ კრიზისში აღმოჩნდება.

„სიტუაცია არის რთული, რაც ყველაზე მეტად აზარალებს უძრავი ქონების ბიზნესს - დეველოპერებს და მენაშენეებს. აქამდე ყველა მათგანი სულდგმულობდა მოზიდული ინვესტიციებითა და საბანკო სესხებით. ჩვენი სფერო პირდაპირ არის საბანკო სექტორზე მიბმული. ძალიან მცირეა ნაწილი, რომელიც უძრავ ქონებას თავისი ნაღდი ფულით ყიდულობს. ამიტომ ახლა ორმაგად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დეველოპერები, რადგან ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვის ფონზე გაყიდვა ჩერდება, პარალელურად მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა მკვეთრად შემცირდა.

დღესდღეობით მშენებლობაც და რეალიზაციაც გაყინულია, რაც დეველოპერებისთვის ორმაგი დარტყმაა. დიდია საფრთხე, რომ ამ პრობლემის ფონზე უძრავმა ქონებამ დაკარგოს ფასი, გაუფასურდეს. ბაზარს კრიზისულ მომენტში ახასიათებს ფასის მკვეთრი ზრდა ან გაუფასურება. შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, ერთმა კომპანიამაც რომ დააგდოს ფასი, დომინოს პრინციპით მიჰყვება ყველა და მერე წამოწევა იქნება ძნელი, ამის რისკი ბაზარზე ძალიან დიდია“, - განაცხადა გუჯაბიძემ და დასძინა, რომ ამ მდგომარეობაში ერთადერთი გამოსავალია, გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავება, რაც იქნებ გარანტი, რომ ასეთი მოულოდნელი შოკის გამო ეკონომიკა არ ჩამოიშალოს.