ეკონომიკური ზრდის შენელება უკვე დაიწყო. უკუსვლა თებერვალში უკვე შეინიშნებოდა და გაცილებით უარესი სურათი იქნება მარტში, ხოლო აპრილში, შესაძლოა, სულაც რეცესიასთან გვქონდეს საქმე. მდგომარეობა იმდენად რთულია, როდის გამოვა ქვეყანა არსებული კრიზისიდან, წარმოდგენა არავის აქვს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში, საქართველოს ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა. წინასწარი შეფასებით, 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 3.7 პროცენტით განისაზღვრა.
„საქსტატის“ ცნობით, 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები. ხოლო კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.
თებერვალი ჯერ კიდევ არ იყო ისეთი რთული თვე როგორც მარტია და როგორიც იქნება აპრილ-მაისი. ამიტომ თუკი წინა თვეში ეკონომიკური ზრდის შენელება უკვე აშკარა იყო, სავარადოდ, მარტსა და აპრილში კიდევ უფრო დიდი შენელება ან სულაც ვარდნა იქნება.
სტატისტიკოსი, სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ახლა რაც მოსახლეობის სიცოცხლის უსაფრთხოებას და ჯანდაცვას სჭირდება, ყველაფერი დაიხარჯება ბოლომდე და რაც მორჩება, მხოლოდ ის მიიმართება ეკონომიკისაკენ.
„რამდენს მოითხოვს ჯანდაცვა, ჯერ წამოუდგენელია ამის თქმა. არც ის ვიცით, რამდენი ხანი გაგრძელდება საგანგებო ვითარება და არც ის, რომელი უპასუხისმგებლო მოქალაქე ჩაყრის კიდევ წყალში ჩვენი გმირი ექიმების მუხლჩაუხრელ შრომას.
დაპაუზების რეჟიმში მყოფი ეკონომიკისაგან, ალბათ, არავინ ელოდება ზრდის მაღალ ტემპს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ შემცირების მასშტაბები არ იყოს ძალიან დიდი. წელს ბიუჯეტი მთლიანად სოციალური იქნება და ეს უკვე ჩანს. ალბათ, ვაუჩერების გაცემაც მოუწევს მთავრობას რომ გაიღოს. აქ მთავარია ერთნიშნა დადებით ციფრს არ ჩამოსცდეს და ნულოვანი არ იყოს. ჩვენთვის ეს გენერალური რეპეტიციაა, როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ვირუსის პიკი ჯერ კიდევ წინაა, ამიტომაა ნადრევია პროგნოზები“, - განაცხადა არჩვაძემ.
საყოველთაო კარანტინი ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ამით ეკონომიკა უდიდეს დარტყმას მიიღებს. ეკონომისტი რამაზ გერლიანი ვარაუდობს, რომ მაკროეკონომიკაში შექმნილ პრობლემას დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერი გამოასწორებს.
„პრაქტიკულად გაჩერებულია ყველაფერი, ამაზე მეტი საფრთხე რა უნდა იყოს ეკონომიკისთვის, ძნელად წარმომიდგენია. კარანტინის გამოცხადების გამო ტრანსპორტი საერთოდ გაჩერდა, ყველა ობიექტი დაიხურა, სასიცოცხლო დანიშნულების გარდა. ისედაც დიდი პრობლემაა და კარანტინი ამას მნიშვნელოვნად გაამწვავებს. ჩვენი პროგნოზით, თუკი აპრილში გადავიტანთ პიკურ მდგომარეობას, 4,5 მილიარდი ლარი შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს, ესეც - თუ მაისიდან მდგომარეობა გამოსწორდება, მაგრამ ამის შანსს ჯერჯერობით ვერ ვხედავ.
მთავრობას გულწრფელად შეიძლება სურს, რომ მოსახლეობას და ბიზნესს დაეხმაროს, მაგრამ რთულია. მძიმე იქნება გაცვლითი კურსის ფაქტორიც. წარმოდგენაც არ მაქვს, ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას რა გამოასწორებს, მწვავე კრიზისი გარდაუვალია“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა.