მთავრობა დონორებისგან დიდ დახმარებას ელოდება - რაში დაიხარჯება უცხოური ვალუტა?

მთავრობა დონორებისგან დიდ დახმარებას ელოდება - რაში დაიხარჯება უცხოური ვალუტა?

საქართველოს მთავრობა უკვე რამდენიმე კვირაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტეტებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. საუბარია საგარეო დაფინანსების მოზიდვაზე, რომელიც როგორც საჯარო სექტორს, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორს დაეხმარება შექმნილი ეკონომიკური შოკის გადალახვაში. ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ლარის გაცვლითი კურსია, რომლის გამყარების გარეშე ეკონომიკის ფეხზე დაყენება წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, მიზანმიმართული ნაბიჯები ამ კუთხითაც გადაიდგმება.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ფონდი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სხვა დონორებიც მას ელოდებიან, სსფ არის გარანტი, რომ ის გადაწყვეტილებები და პოლიტიკა, რასაც ქვეყანა ატარებს, არის სწორი და მართებული, რაც საშუალებას აძლევს სხვა დონორებსაც, რომ გაზარდონ დახმარება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ოდენობის თანხას მოვიზიდავთ სავალუტო ფონდისგან, მაგრამ კიდევ უფრო მეტი და უფრო მნიშვნელოვანი თანხები იქნება მოზიდული სხვა დონორებისგანაც. თანხაზე ამ დროისთვის ვერ ვისაუბრებთ, ამაზე განცხადებას თავად მთავრობა გააკეთებს, თუმცა, გეტყვით, რომ თანხა იქნება მნიშვნელოვანი და სოლიდური“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და საქართველოში სსფ-ს წარმომადგებლობის ხელმძღვანელმა აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი 18 მარტს გამართეს და მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრეს. ბრიფინგზე, სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სელიმ ჩაქერმა აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი საქართველოს გვერდით დგას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ყოველდღიური, აქტიური მოლაპარაკებები და ქვეყანა მიიღებს სოლიდურ დახმარებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება პოსტკრიზისულ პერიოდში.

„ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. საუბარია მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელ  პაკეტსაც არა მარტო საერთაშორისო სავალუტო ფონდი, არამედ სხვა დონორი ორგანიზაციები - მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი ერთობლივად წარადგენენ. აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ყოველდღიურად. მე ციფრებს პირდაპირ ვერ დავასახელებ, თუმცა ეს საკმაოდ სოლიდური დახმარება იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ერთ-ერთი პირველი საზრუნავი მთავრობისთვის და ეროვნული ბანკისთვის ლარის კურსია, რადგან მისი ამ პოზიციაზე დატოვების შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკას განვითარების არანარი პერსპექტივა არ გააჩნია.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი პაპუნა ლეჟავა ადასტურებს, რომ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ იქნება დახმარება დონორების მხრიდან და მათ მიერ გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილიც მოხვდება სავალუტო ბაზარზე. გარდა ამისა, ეროვნულ ბანკს 3.5 მილიარდი დოლარის რეზერვი აქვს და სებ-ი ბაზარზე ინტერვენციებს გაახშირებს. ეს მოხდება როგორც ტრადიციულად, აუქციონის ფორმით, ისე პირდაპირი გზით.

საბოლოო ჯამში, უცხოეთიდან მოზიდული სახსრებით მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარის სტიბილურობის მიღწევას და ეკონომიკის სტიმულირებას გეგმავენ, მაგრამ რამდენად სწრაფად მოხდება, ამაზე ჯერ ვერავინ საუბრობს.

Aburjga Tasmanieli ბლუმბერგი გათიშეთ და შიდა საბირჟო გამჭვირვალე ვაჭრობა აღადგინეთ! ისე ამ კურსს არაფერი ეშველება. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა გამოსაცვლელია!
4 წლის უკან