„პოლიტიკური კვლევაა და არა სოციოლოგიური“ – სოციოლოგების ნაწილი „იპსოსის“ კვლევას არ ენდობა

„პოლიტიკური კვლევაა და არა სოციოლოგიური“ – სოციოლოგების ნაწილი „იპსოსის“ კვლევას არ ენდობა

ტელეკომპანია „მთავარი არხის" დაკვეთით ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია „იპსოსის" გამოკითხვას სოციოლოგთა გარკვეული ნაწილი უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ჩატარებული კვლევა რეალობასთან აცდენილია. თანაც, მათი თქმით, ეს გამოკითხვა საეჭვოდ იდენტურია იმ კვლევასთან, რომელიც გასული წლის ნოემბერში ასევე კომპანია „იპსოსმა" ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.

სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, რომ ეს კვლევა არსებულ რეალობას საერთოდ არ შეესაბამება.

„ეს არ არის ფრანგული კომპანია. ეს რუსულ-უკრაინული ფილიალია. თანაც, არ არის სანდო და სარწმუნო კვლევა, რადგან არცერთ შედეგს არ ემთხვევა, რომელიც ხელთ მაქვს. უნდობლობის მიზეზი მარტივად აიხსნება, - ნებისმიერი კვლევა, რომლითაც ოპერირებს „ფორმულა" ან „მთავარი არხი" და მანამდე „რუსთავი 2," არ ემთხვეოდა რეალობასა და არჩევნების ოფიციალურ შედეგებს.

„კვლევის სანდოობას ვადგენთ მარტივად: თუ ის ვერ ახდენს პროგნოზირებას და ცდომილება შეადგენს სტანდარტით დაშვებულზე მეტს, არანაირ რაციონალურ საფუძველს არ იძლევა იმისთვის, რომ ვენდოთ ამ კვლევებს. ამ ვითარებაშიც კი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" „მთავარი არხის" მეშვეობით უკვეთავს კვლევას და იქაც ჩანს, რომ „ოცნებას" 40%-მდე აქვს, მეტყველებს იმაზე, რომ „ოცნების" პოზიციები მყარია," - აღნიშნა გორგილაძემ.

მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებულ კვლევას ასევე საეჭვოდ უყურებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, ეს კვლევა ტენდენციურია.

„პოლიტიკური კვლევაა და არა სოციოლოგიური. იგივე ჯგუფია, რომელიც აქამდე იწვევდა ეჭვებს და ახლა უფრო მეტად იწვევს. ძნელია რეალობაზე ლაპარაკი. ჩვენ ისეთ პირობებში ვართ, რომ ეჭვის თვალით ვუყურებთ ყველა გამოკვლევას, რისი საფუძველიც გვაქვს.

„შესაძლოა ერთ კვირას მოსახლებაში გავრცელდეს ისეთი ინფორმაცია, რომ განწყობები შეცვალა, თუმცა მეორე კვირას მისი კვალიც კი არ იყოს. გარდა სტატისტიკისა, პოლიტიკოსების გადასაწყვეტი საკითხია, მოისურვებენ თუ არა პარტიები იყვნენ შეთანხმებულები მთავრობის დაკომპლექტებაში," - თქვა საყვარელიძემ.

ბოლო გამოკითხვის საველე სამუშაოები 27 იანვარისა და 5 თებერვლის შუალედშია ჩატარებული. კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას" 34%, „ნაციონალურ მოძრაობას 29%, „ევროპულ საქართველოს" 10%, ლეიბორისტულ პარტიას კი 6% აქვს.

შემდეგ მოდიან ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი" 5 %-ით; „ლელო" - 3%-ით; „გირჩი" - 3%-ით; ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა - 3%-ით; ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა" - 2%-ით; „რესპუბლიკური პარტია" - 1%-ით; „კონსერვატორები" - 1%-ით და „თავისუფალი საქართველო" - 1%-ით.

გამოკითხულთა 58% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთან, ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში „ქართული ოცნება" დამარცხებისთვის განწირულია, კვლევაში სხვაობა 16%-ია. ამასთან, „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოსახლეობის 51% ნეგატიურად ახასიათებს. 50% კი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლს პოზიტიურად უყურებს.

ნოემბერში „ფორმულას" დაკვეთით ამავე კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები კი ასეთია: რესპონდეტთა 65% პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრეა. იმ შემთხვევაში თუ არჩევნები არსებული (შერეული) სისტემით ჩატარდება, გამოკითხულთა 40%-მა თქვა, რომ „ქართული ოცნება" უმრავლესობას მოიპოვებს. თუკი პროპორციული სისტემით ჩატარდა, მმართველი პოლიტიკური ძალა მხოლოდ 31%-ს მიიღებს.

აქვე უნდა აღინიშნოს „ენდიაის" კვლევა, რომელიც გასული წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამავე კვლევაში ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე „ქართული ოცნების."

ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გამოკითხულთა უფრო მეტი ნაწილი დადებითად აფასებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. კვლევაში სააკაშვილს დადებითად გამოკითხულთა 26% აფასებს, ხოლო ივანიშვილს - 17%. ამავე კვლევის მიხედვით, ივანიშვილს უფრო მაღალი უარყოფითი შეფასება აქვს, ვიდრე სააკაშვილს. სააკაშვილს უარყოფითად 39% აფასებს, ივანიშვილს - 49%.

Aburjga Tasmanieli პაპას ეტყობა არ სცალია! ))) ამიტომ მე შეგეხმიანებით მის სტილში - ქუნემ რუსულ-უკრაინულ-ფრანგული იპსოსი და ბარემ კოლუმბიც! )))
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com სასაცილოა...
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com როდესმე შავი და თეთრი ხომ უნდა გავარჩიოთ, ზუსტად ამიტომ წელს მაქსიმალურად ყველამ უნდა მივცეთ ხმა ოცნებას, რომ საბოლოოდ ჩაიწყვიტონ ხმა ავისმსურველებმა!!
მერე კი ქვეყანაში უნდა დავიწყოთ სიტუაციის დალაგება ისე როგორც ეს დამოუკიდებელ ქვეყანას ეკადრება...
4 წლის უკან