“მმართველი პარტია მძიმე არჩევანის წინაშე დგას - მან ან უნდა შეინარჩუნოს როგორმე დემოკრატი მმართველის იმიჯი და წავიდეს დათმობაზე, ან საბოლოოდ მოახდინოს ყველას და ყველაფრის იგნორირება შინ თუ გარეთ, ყველაფრის დასად შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც შეიძლება კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს. საქართველო ტიპური, კლასიკური ევროპული ქვეყანა რომ იყოს, მმართველი პარტია პირველ არჩევანს გააკეთებდა. დათმობაზე წავიდოდა და ამით შეინარჩუნებდა ხელისუფლებაში მეორე დაბრუნების შანსს. მაგრამ ჩვენ ხომ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ამიტომ მე გამოვრიცხავ “ქართული ოცნება” რამე დათმობაზე წავიდეს, რასაც შეიძლება ხელისუფლების დათმობა მოჰყვეს”, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცინცაძე: “ოცნებას” ურჩევნია ახლა წააგოს არჩევნები, რომ მომავლის შანსი დაიტოვოს” / “ოპოზიციამ წულუკიანს ყოველდღე მადლობები უნდა უხადოს”.
“დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა. სამწუხაროდ, ეს უკვე მთავარ იდეოლოგიად, მთავარ კონსტრუქციად იქცა “ქართული ოცნებისთვის”. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა ხელისუფლებისთვის საქართველოში ხელისუფლების დაკარგვა ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს. ინგლისის მაგალითს მოგიყვანთ - მე-19 საუკუნის ინგლისში გლადსტონის პარტია როდესაც არჩევნებს აგებდა, გლადსტონი, იცით, რით იყო დაკავებული? - “ილიადას” თარგმნიდა. წარმოიდგინეთ, დღეს რომ კობახიძე ან წულუკიანი “ილიადას” თარგმნით იყვნენ დაკავებული! დღეს არჩევნები ხელისუფლებას აღქმული აქვს, როგორც სიკვდილი ან გამაჯვება! “არც ერთი ნაბიჯი უკან” - ასეთია დაახლოებით მათი განწყობა... ხელისუფლებისა და ოპოზიციის ეს შეხვედრები ჰგავს შეხვედრებს შეხვედრისათვის, თუმცა ოპოზიცია არაფერს კარგავს, მეტიც, ხელისუფლების ლუსტრაციას ახდენს, რომ მერე სათქმელი ჰქონდეს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ და მერამდენედ უმტკიცებს დასავლეთს, რომ ხელისუფლებს კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, არადა, პოლიტიკა კომპრომისის გარეშე არ არსებობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
“ყოველგვარი იუმორის გარეშე ვამბობ, წულუკიანის მისამართით ოპოზიციას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის - ძალზე გულახდილია, მეტისმეტადაც პოლიტიკისთვის. ჯერ ერთი არ ერთი ევროპელი პოლიტიკოსი არ იტყოდა, ჯობს ოპოზიციამ ახლავე გამოიგლოვის დამარცხებაო. წულუკიანმა იმ ჯადოსნურ ჯოხზე მიანიშნა, რომელსაც ხელისუფლება აიქნევს და გამარჯვებაც გარანტირებული იქნება. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ პოლიტიკაში ზოგჯერ დღევანდელი წაგება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგება. დღევანდელი წაგება ხშირად ხვალინდელი დღის გარდაუვალი გამარჯვების გარანტიაა, რაზეც უარს ამბობს დღევანდელი ხელისუფლება...” - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე “თუ დასავლეთი არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, რა შეიძლება მოხდეს?” - პასუხობს:
“ღმერთმა ნუ ქნას! ეს კარგს არ მოუტანს არს ხელისუფლებას და და არც არავის. რაც მთავარია იქნება ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისათვის...”