აღმოსავლეთ საქართველოში რთველი პრაქტიკულად დასრულდა. მევენახეები ამბობენ, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე რქაწითელის ჯიშის ყურძენი ასეთი იაფი არ ყოფილა. პრობლემას სხვა ჭრილში უყურებენ პოლიტიკოსები. მათი აზრით, სიიაფის მიზეზი ისაა, რომ რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება, რომელიც ყურძნისგან საერთოდ არ არის დამზადებული. მისი დამზადება გაცილებით იაფი ღირს და ამიტომაც ყურძენზე მოთხოვნა დაბალია.
სეზონის განმავლობაში 1 კგ რქაწითელი 70-80 თეთრს არ ასცილებია. ფასის გაზრდის მოთხოვნით აქციებიც გაიმართა, მაგრამ მევენახეების მოთხოვნა, ფასი ერთ ლარამდე გაზრდილიყო, კერძო და სახელმწიფო ღვინის კომპანიებმა არ დააკმაყოფილეს.
მთლიანად საქართველოში ამ დროისთვის 270 ათას ტონამდე მოსავალია მოკრეფილი, საიდანაც უმეტესი, 265 ათასი ტონა, კახეთზე მოდის. „რთველი 2019“-ის შეფასებისას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ამბობს, რომ, გასულ წელთან შედარებით, რთული რთველი იყო, რასაც კერძო ქარხნების მხრიდან პროდუქტზე ნაკლებ მოთხოვნას უკავშირებს. სწორედ ამიტომ, მეხუზლას თქმით, წელს სახელმწიფო საწარმომ 80 ათას ტონამდე რქაწითელი ჩაიბარა, რაც დიდი მაჩვენებელია:
„შარშანდელთან შედარებით, რთული რთველი იყო, რადგან კერძო კომპანიების მხრიდან არ იყო იმდენად მოთხოვნა ყურძენზე, როგორც შარშან. როგორც ყველა რთველზე, მცირე ინციდენტებს წელსაც ჰქონდა ადგილი. მევენახეების მხრიდან იყო ცოტა უკმაყოფილება რქაწითლის ფასზე, რომელიც სახელმწიფო საწარმომ დააწესა, თუმცა მინდა მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, რადგან გაგებით და სწორად შეაფასეს არსებული სიტუაცია. რეალურად ეს ფასი უზრუნველყოფდა თვითღირებულებას და, დაახლოებით, 10-15-პროცენტიან და შეიძლება უფრო მეტ მოგებასაც. შესაბამისად, მოსახლეობამ ჩააბარა ყურძენი ზედმეტი პრობლემების გარეშე“, - განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ ლევან მეხუზლამ.
კახეთში რთველი, დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება. ყურძენს ახლა მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კრეფენ, სადაც მოსავალი ყველაზე გვიან შემოდის. პარალელურად ყურძნის კრეფა დაიწყო რაჭაში.
მევენახეებთან ერთად წლევანდელი რთველით უკმაყოფილონი დარჩნენ დეპუტატებიც. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მცირე ანალიზსაც აკეთებს.
„ჩემი აზრით, რქაწითელი უნდა ღირდეს არა 70 თეთრი, არამედ მინიმუმ 1,5 ლარი. ეს არ არის სოფლის მეურნეობის თემა, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს და მთლიანად მთავრობის საზრუნავი თემა. როდესაც ქვეყანაში ჩამოსასხმელი ღვინო ძირითადად არის ფალსიფიცირებული და ყურძნისგან არ არის დამზადებული და 4-5 ლარი ღირს, სწორედ ამ პირობებში, სახელმწიფო იმას არ აკონტროლებს, რაც მისი მოვალეობაა. პირდაპირ ვამბობ, რომ რესტორნებში იყიდება ფალსიფიცირებული ღვინო. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს შემოწმებები იმიტომ, რომ ეს საკითხი თუ მოგვარდება მაშინ გლეხს ყურძენს ხელიდან წაართმევენ“, - განაცხადა კობერიძემ.
კობერიძის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში დაახლოებით 60-80 მლნ ლიტრი ჩამოსასხმელი ღვინო მოიხმარება, მათ შორის რესტორნებში და რქაწითელის ღვინო რესტორნების უმეტესობაში ფალსიფიცირებულია.
„მოვითხოვ შემოწმებას, რადგან თუ შემოწმდება, რქაწითელი დაფასდება და გლეხს არავის სათხოვარი აღარ გაუჭირდება ყურძნის ჩაბარება! ამას უნდა მიხედოს დღეს ხელისუფლებამ და არა ბიუჯეტიდან 60 მლნ ლარის გამოყოფას სუბსიდირების სახით რქაწითელის ყურძნის შესასყიდად“, - აღნიშნა კობერიძემ.
კახელები რომ სახელმწიფო სუბსიდიას ითხოვდნენ, სწორედ მაშინ ვწერდი, რომ "ფალსიფიცირებული ღვინის წარმოება აღიკვეთოს და ყურძენს თავისთავად დაედება რეალური ფასი".
ჩამოსახმელ ღვინოს ქარხნები 1 ლიტრს 5 ლარად ყიდიან, რომელშიც ერთი გრამი ყრძნის წვენი არ არის. ასევეა პლასმასის ტარაში ჩამოსხმულიც, რომელიც მაღაზიებში იყიდება.
სახელმწიფო იქ უნდა ჩაერიოს სადაც მისი სფეროა და არა ფული ურიგოს კახელ მევენახეებს.
გააკონტროლონ ღვინის წარმოების პროცესი (როგორც ფალსიფიკაცია ისე რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა) და მწარმოებლები თითონ გადაუხდიან მევენახეს რეალურ საბაზრო ფასს, რომელიც 1,5-დან 2,5 ლარის დიაპაზონში დადგინდება. განსაკუთრებული ჯიშებისათვის კი 10 ლარს მიაღწევს და გადააჭარბებს კიდეც.