ჩერგოლეიშვილი, ბენდუქიძე და «თავისუფლების ინსტიტუტი» საინფორმაციო ომს იწყებენ!

ჩერგოლეიშვილი, ბენდუქიძე და «თავისუფლების ინსტიტუტი» საინფორმაციო ომს იწყებენ!

რეკორდულ ვადაში, 3 დღეში, არჩევნებიდან მეთორმეტე დღეს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ტელეკომპანია «საქართველოს» ლიცენზიის გადაცემა «სამოქალაქო განვითარების ფონდისთვის» სათანადოდ არავის შეუფასებია. სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ საზოგადოებას სხვა, «უფრო მნიშვნელოვანი» საკითხები აღმოაჩნდა. ახალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება უკვე შეუდგა მუშაობას და ახლა კომპეტენტური ორგანოები დაინტერესდებიან ამ საკითხით. როგორ ემზადება საინფორმაციო ომისთვის «თავისუფლების ინსტიტუტი», რა სიყალბეები და კანონდარღვევები დგას მედიური გადაჯგუფებების უკან, ამის შესახებ ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებას «საქართველო და მსოფლიო» უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ, ახლა კი მცირე ამონარიდი, რომელიც ნათელს ჰფენს ბოლოდროინდელ მოვლენებს და სამომავლო პერსპექტივასაც ავლენს.

უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლე, რომელიც «სულაც არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული», 1 ოქტომბრის არჩევნების კრახის შემდეგ ახალ ამპლუაში მოევლინა საზოგადოებას. მან ჯერ წვრილად გააანალიზა საკუთარი ფავორიტის მარცხი და განაცხადა, რომ სააკაშვილი სულაც არ არის მისი სათაყვანებელი პრეზიდენტი. ის მისი მეგობარია. შემდეგ ჩერგოლეიშვილმა პოპულიზმის მავნებლობაზეც ილაპარაკა და კომპეტენტურად ბრძანა: «პირველ რიგში, მისი («ნაცმოძრაობის» – თ. დ.) დამარცხება გამოიწვია დაღლამ, ხელისუფლებაში რვაწლიანმა ყოფნამ; მეორე, რაშიც ვთვლი, რომ «ნაციონალურ მოძრაობას» შეეშალა, ესაა კომუნიკაცია. კარგად ვერ ხდებოდა იმ რეფორმების არსის ახსნა მოსახლეობისთვის, რომელთაც ხელისუფლება ახორციელებდა. მაშინ, როცა მიხვდა, რომ მოსახლეობამ შეიძლება კარგად ვერ გაიგო რაღაც რეფორმის არსი, მათი საარჩევნო კამპანია სხვა პარტიებთან მიმართებაში პოპულიზმში დეგენერირდა. პოპულიზმი არ აღმოჩნდა მომგებიანი, რადგან მარტო ამით ვერ შეინარჩუნებ მხარდამჭერს, მითუმეტეს მაშინ, როცა მეორე მხარეს დგას დიდი რაოდენობით ფული».

ფულის, განსაკუთრებით დიდი ფულის, ფასი ჩერგოლეიშვილს, როგორც ჩანს, კარგად ესმის, რადგან არჩევნების შემდეგ სულ რაღაც ერთ კვირაში სწორედ ფულის ტომარასთან ერთად გადაწყვიტა ახალი მედიაპროექტისთვის მოეკიდა ხელი, რათა, მისივე გამოთქმისა არ იყოს, «კარგად აუხსნას მოსახლეობას «ნაციონალური» რეფორმების არსი». 30 ოქტომბერს მან საზოგადოებას სიხარულით ამცნო, რომ ჟურნალი «ტაბულა» ყოველთვიურ ფორმატზე გადადის, რადგან ახლა იგი უკვე ტელეკომპანიას ქმნის. ჩერგოლეიშვილს კარგად ესმის, რომ შუბი (თანაც ამხელა) ხალთაში მაინც არ დაიმალება და საზოგადოებას თავად ეუბნება, რომ მის ტელევიზიას კახა ბენდუქიძე დააფინანსებს.

თუმცა თამარ ჩერგოლეიშვილს ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმის თაობაზე, რომ მისი «სამოქალაქო განათლების ფონდი» უპირობოდ როდი მიიღებს თანხებს ბენდუქიძისგან. 9 ოქტომბერი ერთობ დაძაბული დღე გამოდგა ჩერგოლეიშვილისთვის: გარდა იმისა, რომ ტელეკომპანია «საქართველოს» ერთადერთი მფლობელი იაგო ჩოჩელი და გენერალური დირექტორი თამარ სტეფანიშვილი დაიყოლია სამაუწყებლო ლიცენზიის გადაცემაზე, იმავე დღეს იმსჯელა ერთბაშად 14 მოხალისის წერილობით მიმართვაზე, მიეღო ისინი ფონდის წევრებად. მათგან ცამეტმა საკუთარი ფეხით ინება ნოტარიუსთან მიბრძანება, ხოლო ბენდუქიძეს ნოტარიუსი იქით ეახლა _ «თავისუფალ უნივერსიტეტში». ვინ არის სინამდვილეში მთელ ამ სასწრაფო გადაფორმებაში პირველი პირი, აქედანაც ჩანს, ხოლო დანარჩენი 13 მოხალისის ვინაობა ასეთია:


1. გიორგი ნოდია


2. გიგა ზედანია


3. ბაადურ მალაზონია


4. ლევან რამიშვილი


5. ალექსი მაჭავარიანი


6. ბექა მინდიაშვილი


7. დავით პაიჭაძე


8. გიორგი ფრუიძე


9. ნინო გოგიბერიძე


10. დავით კოვზირიძე


11. ირაკლი საღინაძე


12. ქეთევან დევდარიანი


13. გიორგი ლიფონავა.

იმავე 9 ოქტომბერს თამარ ჩერგოლეიშვილი მინდობილობას უფორმებს ახალ წევრს – გიორგი ფრუიძეს და უფლებამოსილებას ანიჭებს, მისი წარმომადგენელი იყოს ნებისმიერ ორგანიზაციას და დაწესებულებაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში, საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ბანკში. გიორგი ფრუიძე უფლებამოსილია, მართოს და განკარგოს ფონდის ანგარიშები შეუზღუდავად, აწარმოოს ყველა სახის საბანკო ოპერაცია, კერძოდ: შეიტანოს, გადარიცხოს, გამოიტანოს თანხა, მოახდინოს კონვერტაცია, მიიღოს ამონაწერები ანგარიშებიდან, განახორციელოს მასზე კანონით ნებადართული ყველა მოქმედება, გახსნას საზოგადოების სახელით ახალი ანგარიშები მართვისა და განკარგვის უფლებით, საჭიროების შემთხვევაში კი დახუროს ისინი.

ერთი სიტყვით, ფინანსურ მხარეს მთლიანად ფრუიძე აკონტროლებს. იქნებ თამარ ჩერგოლეიშვილი ტექნიკურ მხარეს აგვარებს? სულაც არა. ინტერვიუში იგი თავად აცხადებს: «ეხლა გავრბივარ დუდუ კურდღელიასთან, რომელიც ტექნიკურ ნაწილში კარგად ერკვევა. სხვა საკითხებზე კონსულტაციებს სხვა გამოცდილი ადამიანებისგან ვიღებ. მაგალითად, გუშინწინ მქონდა შეხვედრა ნიკა ტაბატაძესთან. მე ხომ ეს საქმე არ მიკეთებია არასდროს და ისეთ ადამიანებს უნდა ვკითხო, ვისაც ჩემზე უკეთ ესმით და გამოცდილები არიან».

ახალი წევრების სია ცხადყოფს, რომ ჩერგოლეიშვილს არც «იდეურ ხელმძღვანელობას» ანდობენ ერთპიროვნულად. აქაც ისეთი, ხალხია, რომელთაც «უკეთ ესმით და გამოცდილები არიან». ამდენად, ჩერგოლეიშვილი მხოლოდ ფასადია, მის უკან კი კარგად ცნობილი პერსონები დგანან. თუმცა იგი ამას ასე ხსნის: «ტელევიზია, ბუნებრივია, დაეფუძნება გარკვეულ იდეოლოგიას, ფონდის წევრები ძირითადად ვეფუძნებით საერთო ღირებულებებს, პირველ რიგში ეს არის ინდივიდუალური თავისუფლება, სეკულარული სახელმწიფო, რაც არამც და არამც არ ნიშნავს ურწმუნო ადამიანების სახელმწიფოს, ეს ნიშნავს იმას, რომ რელიგია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ თავისუფალი ბაზარი არის საუკეთესო გზა ეკონომიკური წარმატების მისაღწევად და ა.შ. თუმცა თვითონ ფონდის წევრთა შორისაც არის აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხებზე. იდეოლოგია გარკვეულწილად შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარმოდგენილი არ იქნება განსხვავებული აზრი. პირიქით, ტელევიზიაში იქნება ფართო სპექტრი მოსაზრებებისა წარმოდგენილი».

როგორ იტანს ეს ჯგუფი განსხვავებულ აზრს, ყველასთვის ცნობილია, თუმცა ერთი იდეოლოგიის ადამიანებს განსხვავება იმაში თუ ექნებათ, კვირაში ერთხელ თუ ორჯერ რომ შეუტიოს სახელმწიფოსგან გამიჯნულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ეს, ცხადია, პლურალიზმად ვერ ჩაითვლება. სხვაფრივ, ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებების იდეოლოგია რომ სწორედ ის არის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა 1 ოქტომბერს უთხრა უარი, ესეც დღესავით ნათელია.

«სამოქალაქო განათლების ფონდის» 9 ოქტომბერს შეტანილი განცხადება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რეკორდულ, 3 დღის ვადაში განიხილა და 12 ოქტომბერს სხდომაზე ლიცენზია გადასცა. გადაწყვეტილების წინააღმდეგ კომისიის მხოლოდ ერთი წევრი _ აკაკი სიხარულიძე წავიდა. ოღონდ პრესაში ითქვა, რომ «სამოქალაქო განათლების ფონდს» ტელეკომპანია «საქართველოს» კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიები გადაეცა, მაშინ, როცა კომისიის გადაწყვეტილებაში ერთ საერთო ლიცენზიაზეა საუბარი. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი სიყალბე, რომელიც ამ ბედკრულ სიხშირესა და სამაუწყებლო ლიცენზიას ახლავს, აგერ უკვე 9 წელია. ამაზე უახლოეს მომავალში ვრცლად მოგითხრობთ, ხოლო თავად ჩერგოლეიშვილი ამ სიყალბეებზე კარგად რომ არის ინფორმირებული, მისი ერთ-ერთი კომენტარიდან ჩანს: «ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი მყიდველი. თუ «საქართველო» არღვევდა პირობებს, მას უნდა მიეღო გაფრთხილება, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო ეჩივლა ან თვითონ კომისიას შეეძლო მიეღო ზომები. ჩვენ ვერ დაგვემუქრება ის, რომ «საქართველო» ოდესღაც არღვევდა ლიცენზიის პირობებს, ჩვენ პირობებს არ დავარღვევთ».

პატრონების «ნებაყოფლობით» გამოცვლის შემდეგ ტელეკომპანია «საქართველოს» 100%-იანი წილის მფლობელი ასევე «პოლიტიკასთან არანაირად დაკავშირებული» ბიზნესმენი იაგო ჩოჩელი გახდა, რომელიც ამავე დროს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის, ძმა არის. ტელეკომპანია «საქართველო» მაუწყებლობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, სენაკში, საჩხერეში ასევე გადის სატელიტზე. სწორედ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი «თავისუფლების ინსტიტუტისთვის», რადგან ამ უპირატესობის გარეშე ისინი იმავე პრობლემის წინაშე დადგებოდნენ, როგორიც არჩევნებამდე «მაესტროს» და «მე-9 არხს» ჰქონდათ.

«საქართველო» გახსნის დღიდან თანამშრომლობდა თავდაცვის სამინისტროსთან. იმ პერიოდში, როდესაც თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო, ტელეკომპანია «საქართველოსა» და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომპანიის სამაუწყებლო ბადის ძირითადი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით მომზადებულ სამხედრო და ისტორიულ გადაცემებს ეთმობოდა.

დავით კეზერაშვილმა არჩევნების შემდეგვე იყიდა ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ისა და «მზის» წილები, რომლებიც ორიოდე დღეში იმავე ფასად გაყიდა. ასე იქმნება მითები «კეთილსინდისიერი მყიდველების» შესახებ, თუმცა ამ და მედიაბაზრის ახალი გადანაწილების ჩრდილოვან მხარეზე – შემდგომ წერილში.