ლაფანყურის ტრაგედია კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამ გახმაურებულ მოვლენასა და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს გენერალთა კლუბის ანალიტიკური ცენტრის უფროსი თამაზ იმნაიშვილი გამოხატავს:
- ლაფანყურის ოპერაციის შესახებ რომ ვისაუბროთ, აუცილებელია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თვალი არა 28 აგვისტოდან, არამედ აგვისტოს პირველი დეკადიდან მივადევნოთ და განსაკუთრებით რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მივაქციოთ ყურადღება. აგვისტოს პირველ დეკადაში ლაფანყურთან ახლოს, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის რესპუბლიკის წუნდინის რაიონის ტყეებში გახშირდა ხანძრები. ამ ინფორმაციას ავრცელებდნენ რუსული ოფიციალური სტრუქტურებიც და ჩრდილოკავკასიელი სეპარატისტების ინტერნეტგამოცემებიც. რუსეთის არმიის პირველი სამხედრო ჯგუფი ერთი ბატალიონის შემადგენლობით წუნდინის რაიონში 16 აგვისტოს გამოჩნდა - ეს იყო სამხრეთის სამხედრო ოლქის როსტოვის დივიზიის სადესანტო ბატალიონი. იმ დღეებში რუსული ოფიციალური წყაროებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი გაიზარდა 2500-მდე. ხოლო ჯავშანტექნიკა - 250 ერთეულამდე. ამავე რაიონში გაიშალა 300-კაციანი საველე ჰოსპიტალი. საერთო ჯამში, წუნდინისა და მეზობელი რაიონების ტერიტორიაზე 10 000-მდე სამხედრო იყო მობილიზებული. 16-დან 24 აგვისტომდე რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ წუნდინის რაიონში ხანძრების გაჩენის საფრთხე პირველი დონიდან უმაღლეს, მე-5 დონემდე აიყვანა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იქ მობილიზებული სამხედროების მთავარი ამოცანა ხანძართან ბრძოლა იყო, თუმცა, 300-კაციანი საველე ჰოსპიტალი სამხედრო მედიცინის ტერმინოლოგიით ნიშნავს, რომ ის დღიურად დაახლოებით 2000 მწყობრიდან გამოყვანილ სამხედროს უნდა მოემსახუროს, ანუ იქ განლაგებული სამხედრო საველე ჰოსპიტლის გაშლა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებისთვის იყო განკუთვნილი. საგულისხმოა, რომ ჩრდილოკავკასიელი სეპარატისტების ინტერნეტგამოცემების (vdagestan,com,) ინფორმაციით, აგვისტოს 5-დან 20-მდე ამ რაიონებში ხშირად წვიმდა. აქედან გამომდინარე, ხანძრის ბუნებრივად გაჩენის და, მით უმეტეს, მასშტაბის გაზრდის ალბათობა პრაქტიკულად, არ არსებობდა. ასე რომ, თუ ამ ორი სამინისტროს მიერ გადაგმულ ნაბიჯებს გავაანალიზებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ ქმედებას სინამდვილეში სულ სხვა მიზანი ჰქონდა.
ამჟამად ციხის საავადმყოფოში მყოფმა დაღესტნელმა მებრძოლმა ახმედ ჩატაევმა განაცხადა, რომ იმ 17-კაციან შეიარაღებულ ჯგუფში იყო ერთი ლეკი, რომელმაც გარკვეული პერიოდით ადრე მიაწოდა ინფორმაცია რუსულ სპეცსამსახურებს ამ ჯგუფის ლაფანყურის ხეობიდან დაღესტანში შესაძლო გადასვლის შესახებო. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე რუსეთმა, თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ადეკვატური ნაბიჯები გადადგა, თუმცა სხვაგვარად შეფუთა თავისი განზრახვა.
- რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ ეს ჯგუფი მაინც გადალახავდა რუსეთ-საქართველოს საზღვარს?
- დიდი ალბათობით, მოხდებოდა შეიარაღებული შეტაკება რუს სამხედროებთან. რაც შეეხება ჩრდილოკავკასიელი "ბოევიკების" ბრძოლის ტაქტიკას, ჩეჩნურ-დაღესტნური პარტიზანული ომების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ისინი პარტიზანული მოქმედების კლასიკურ ვარიანტს მისდევენ, ანუ არსებობს ბრძოლის ველი და არსებობს უსაფრთხო ტერიტორია, სადაც ბრძოლის ველიდან გაცლა და შემდეგ თავის შეფარება შეიძლება. დიდი ალბათობით, ეს ჯგუფი, საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის შემთხვევაში, დაიწყებდა უკან დახევას უსაფრთხო ტერიტორიაზე. ასეთი კი საქართველოა. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში კი რუსეთის ხელისუფლება უკან არ დაიხევდა და საქართველოს ტერიტორიას გადმოლახავდა. ეს კი ფაქტობრივად, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების დაწყებას ნიშნავდა ორ სახელმწიფოს შორის. ჯერჯერობით გაურკვეველია, სცენარის ამგვარი განვითარების ალბათობამ შეაშინა სააკაშვილის ხელისუფლება, თუ რომელიმე დასავლელმა მრჩეველმა გააფრთხილა მკაცრად, არ დაეშვა ამ სცენარის განვითარება.
- რატომ ჩახოცეს ჯგუფის წევრები და არ შეეცადნენ მებრძოლების ცოცხლად აყვანას?
- ჩატაევის მონათხრობმა კიდევ ერთი ნათელი წერტილი გააჩინა ამ ამბავში. შეიარაღებული ჯგუფი უაღრესად საშიშ ინფორმაციას ფლობდა: საქართველოს ხელისუფლება გზავნის "ბოევიკებს" ჩრდილოკავკასიაში - ეს ისეთი ბომბი იყო სააკაშვილისთვის წინასაარჩევნოდ, რომ მას დიდი პრობლემები შეექმნებოდა, თუ ინფორმაცია გაჟონავდა. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იყო, რომ ხელისუფლება შეეცადა, ინფორმაციის მფლობელთა განადგურებას. მათ შორის ახმედ ჩატაევისაც, რომელიც არ იყო ამ ჯგუფის წევრი, მაგრამ მან ბევრი რამ იცოდა და მისი სიტყვა უაღრესად დიდი წონისაა საერთაშორისო საზოგადოებისთვის...
- რაც შეეხება თვითონ ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალებს.
- ოპერაცია ჩატარდა უაღრესად არაპროფესიულად. 17-კაციანი შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ მოქმედებდა დაახლოებით ათასამდე ქართველი სამხედრო. დანაკარგების შეფარდება კი იყო თხუთმეტი თვრამეტთან. 11 დაღუპული და ოთხი დაჭრილი შეიარაღებულ ჯგუფში და სამი დაღუპული და ხუთი დაჭრილი ქართველი სამხედროების მხრიდან. ყველაზე დიდი კითხვა კი ქართველი ექიმის დაღუპვამ გააჩინა. ვისაც ოდნავ მაინც ესმის საბრძოლო ოპერაციებისა, მიხვდება, ექიმის დაღუპვა ამ სპეცოპერაციაში პირდაპირ აჩვენებს, რომ ოპერაცია ძალზე არაპროფესიულად დაიგეგმა და განხორციელდა. დაღუპული ქართველი მებრძოლები ბრძოლის ველზე მიატოვეს და მხოლოდ 29 აგვისტოს, დილის 6 საათზე გამოიყვანეს.
ნებისმიერი ხელისუფლების მიზანი, საბოლოო ჯამში, მისთვის სასურველი პოლიტიკური შედეგის მიღებაა. კითხვა - რა ამოცანა იყო სინამდვილეში დასახული და რა შედეგს ელოდა სააკაშვილის ხელისუფლება ამ ავანტიურისგან? - ჯერ პასუხგაუცემელია. ფაქტია, კავკასიის ხალხებმა გააცნობიერეს, რომ ეს ავანტიურა მხოლოდ სააკაშვილის ავადმყოფური იდეების ნაყოფი იყო და შეხება არ ჰქონია ქართველ ხალხთან.
- გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ახლადდანიშნულმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გენერალთა კლუბს თანამშრომლობა შესთავაზა...
- ირაკლი ალასანიას უახლოეს დღეებში უნდა შევხვდეთ. გენერალთა კლუბსა და ოფიცერთა ორდენში არაერთი პროფესიონალია, რომელსაც დიდი პოტენციალი, პრაქტიკული და თეორული გამოცდილება აქვს. მათი პოტენციალის გამოყენება, ალბათ, ორი გზით არის შესაძლებელი: ოფიცრების ნაწილს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში დააბრუნებს, ხოლო მეორე ნაწილის გამოცდილებას, ხედვებს რჩევის სახით მიიღებს. თავდაცვის ახალი მინისტრი შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი ოფიცრების, ომის ვეტერანების უფლებებისა და ინტერესებისთვის ბრძოლას აპირებს.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით თევზაძეს, შესაძლოა, თავდაცვის მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრობა შესთავაზონ.
- დიახ, გენერალი დავით თევზაძე, ისევე როგორც გენერალი გია ყარყარაშვილი მინისტრის მრჩეველთა შორის იქნებიან. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ისინი არაერთ საომარ ოპერაციაში მონაწილეობდნენ და კარგად ესმით, რა გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა. ალასანიამ განაცხადა, რომ ვეტერანი სამხედროების გამოცდილებას გამოიყენებს, ვნახოთ, კიდევ ვინ დაემატება ამ სიას.