თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურები: თამაზ ზურაშვილი, ზურაბ ჭიკაიძე, დავით ხარიტონიშვილი, თამაზ სარალიძე, ზურაბ ღუღუნიშვილი, კობა თურიაშვილი და გიორგი უშვერიძე იმ ზემოქმედებასა და მუქარაზე ლაპარაკობენ, რაც მათ მიმართ 28 სექტემბერს ეროვნულ სტადიონზე ნაცმოს მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობაზე უარის შემდეგ დაიწყო. მანდატურები ამის გამო ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ...
თამაზ ზურაშვილი: - 27 სექტემბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო ხალხის მობილიზება სტადიონზე წასაყვანად. ჩვენთანაც შეადგინეს სიები, ვინ მიდიოდა და ვინ - არა. ხალხს რომ ვერ აგროვებდნენ, 500 პრობაციონერი დაიბარეს და შეჰპირდნენ, სტადიონზე თუ წახვალთ და არჩევნებზე ხმას ნაციონალებს მისცემთ, პირობით სასჯელს მოგიხსნითო. სამუშაო საათებში სასამართლოს თანამშრომლები სტადიონზე წაიყვანეს მანქანებით. მათთვის მთავარი იყო, სტადიონი გაევსოთ. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა საქალაქო სასამართლოს მენეჯერი, მანდატურების აპარატის უფროსი ვანო ზარდიაშვილი. რამდენიმე კაცმა უარი ვთქვით წასვლაზე, რის გამოც მოვხვდით "შავ სიაში". უარი თქვა ერთ-ერთმა მდივანმაც, რომელსაც სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ მოსამართლის პირით შეუთვალა, უმჯობესია, სამსახურიდან წახვიდეო. სამაგიეროდ, წავედით 29 სექტემბერს გამართულ "ქართული ოცნების" აქციაზე. ჩვენ ამით მაგალითი მივეცით ჩვენს თანამშრომლებს, თავიანთი პოზიცია გამოეხატათ და არაფრის შეშინებოდათ. ჩვენზე პირდაპირი არა, მაგრამ იყო ირიბი ზემოქმედება. გვითხრეს, არჩევნები ჩაივლის და მერე მოგხედავთო. არჩევნების წინა ღამეს, მენეჯერის დავალებით დაგვირეკა მანდატურის სამსახურის ცვლის უფროსმა დავით მატიაშვილმა და გვითხრა, ყველანი დილის 7 საათზე უნდა გამოცხადდეთ სამსახურშიო. აღმოჩნდა, რომ დაგვიბარეს მხოლოდ ისინი, ვინც "ოცნებას" ვუჭერდით მხარს - მე, ზურაბ ჭიკაიძე, დავით ხარიტონიშვილი, თამაზ სარალიძე, ზურაბ ღუღუნიშვილი, კობა თურიაშვილი და გიორგი უშვერიძე. ღუღუნიშვილი და ხარიტონიშვილი წინა ღამეს მორიგეობდნენ და დილის 9 საათზე დაუმთავრდათ ცვლა, მაგრამ შინ აღარ უშვებდნენ. ცვლის უფროსმა მატიაშვილმა გვითხრა, ვერ გავუშვებ, ასე მაქვს დავალებულიო. ბოლოს, როგორც იქნა, უფროსმა ნება დართო, წასულიყვნენ. არჩევნების შემდეგ კი გვეკითხებოდა, ვის მიეცით ხმაო. ჩვენ არც დაგვიმალავს ჩვენი არჩევანი. ერთ-ერთი ცვლის უფროსმა მამუკა თურქაძემ გვითხრა, მას შემდეგ, რაც თქვენ გააკეთეთ, ჩემი მტრები ხართ და მე მოგხედავთ, როგორც საჭიროაო. არჩევნების შემდეგ ჩვენ წინააღმდეგ იყო პროვოკაციები მენეჯერის "ნდობით აღჭურვილი" პირების მხრიდან. ასე ვთქვათ, მოგვიჩინეს ზარდიაშვილის მოყვანილი მანდატური ჯაბა კვირიკაშვილი, რომელიც ცდილობდა ჩვენს დამცირებას უცენზურო სიტყვებით. 25 ოქტომბერს კი ვანო ზარდიაშვილმა ჩაატარა თათბირი და გვითხრა, არჩევნებზე ლაპარაკს შეეშვით, რას ელოდებით, გგონიათ, სასამართლოში რამე შეიცვლება, ჩვენი სისტემა ყველაზე მყარია, მას არაფერი შეეხება, აქ კიდევ 5 წელი უნდა ვიყოთ, მაგრამ თქვენ რა სინდისით უნდა იმუშაოთ ჩვენ გვერდით და თვალებში როგორ უნდა ჩაგვხედოთ, ეგ არის საკითხავიო. ჩვენ უკვე შევიტანეთ განცხადება, მივმართეთ თავმჯდომარეს და ვითხოვთ ზარდიაშვილის გათავისუფლებას აპარატის უფროსის თანამდებობიდან.
თამაზ სარალიძე: - ერთ მშვენიერ დღეს დაგვიბარეს მე და უშვერიძე და გვითხრეს, რომ საქალაქო სასამართლოდან უნდა გადავსულიყავით რაიონებში - გარდაბანში, რუსთავში ან მცხეთაში. 548-ლარიანი ხელფასიდან 360-ლარიანზე - შტატების შემცირებაში რომ არ მოვხვედრილიყავით და სამსახური არ დაგვეკარგა. სინამდვილეში, ამას ჩვენს მოსაცილებლად აკეთებენ. ჩვენ უარი ვთქვით გადასვლაზე. ამ ქმედებას პოლიტიკური სარჩული რომ არ დასდებოდა, ზარდიაშვილმა ჩვენს რიგებში თავისი მეგობარიც ჩასვა, რომელიც თანახმა იყო რაიონში გადასვლაზე. ჯაბა კვირიკაშვილს რაც შეეხება, მან ასეთი რამ თქვა - ყველას დავასაქმე იმ ხელზე, ვინც 41 შემოხაზაო. ამით მან მარტო ჩვენ კი არა, მთელი ერი შეურაცხყო. როდესაც ამაზე პასუხი მოვთხოვეთ, მენეჯერმა მოუწონა გამონათქვამი, თქვა - მერე რა მოხდა, მურმან დუმბაძემაც მსგავსი რამ თქვა, მაგრამ ნახეთ, რამხელა თანამდებობაზეო?! ყველაფერზე ვისაუბრეთ თავმჯდომარესთან, მაგრამ ვანო ზარდიაშვილი ისეთი მაღალჩინოსნის ახლობელია ძველი ხელისუფლებიდან, რომ სამსახურიდან გაშვებას ვერ უბედავდნენ. ეს ადამიანია მიხეილ ჩინჩალაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.