ლუკა კურტანიძე

ლუკა კურტანიძე "სახალხო კრებიდან" წავიდა

"ლუკა კურტანიძემ სახალხო კრება დატოვა, თანაც ისე, რომ არც ნინო ბურჯანაძე შეიყვანა საქმის კურსში და არც სახალხო კრების სხვა ლიდერები. კურტანიძე ამას იმით ხსნის, რომ თავისუფალი მოქალაქეა და საჭიროდ არ მიიჩნია წინასწარ ვინმესთან რამე ნაბიჯის შეთანხმება. "მე თავისუფალი ადამიანი ვარ და არავისთან არაფერი არასოდეს შემითანხმებია", - განაცხადა პრესკონფერენციაზე კურტანიძემ, თუმცა მედიამ მას გაახსენა, რომ მან ბურჯანაძესა და სახალხო კრებას წინასწარ შეუთანხმა ბიძინა ივანიშვილის კოალიციიდან კენჭისყრის საკითხი", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ლუკა კურტანიძე "სახალხო კრებიდან" წავიდა.

"დღეს კი კურტანიძე უცებ ცვლის პოზიციას და არავის აფრთხილებს საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კურტანიძე მიმართავს ნონა გაფრინდაშვილს, რეზო ესაძეს, ელიზბარ ჯაველიძეს, გია ბურჯანაძეს, ირაკლი ბათიაშვილს, სოსო ჯაჭვლიანსა და სხვა პირებს და აუწყებს მათ შემდეგს: "2011 წლის 26 მაისის ტრაგედია იყო იმ ტალღის დასაწყისი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ქართველთა ოცნების განმახორციელებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააერთიანა და შეკრა მთელი საქართველო გონიერი ბრძოლით. ჩვენს ერსა და სახელმწიფოს მისცა თავისუფლება უგუნური რეჟიმისგან და თითოეულ ჩვენგანს - იმედი ქართული ოცნების ახდენისა". ლუკა კურტანიძე ოფიციალურად ტოვებს სახალხო კრებას და ქართულ ოცნებაში გადადის", - აღნიშნავს გამოცემა.

"კურტანიძის თქმით, სადაც დაინახავს ბატონი ივანიშვილი მის საჭიროებას, იქ დაასაქმებს. რაც შეეხება იმას, ექმნება თუ არა უხერხულობა კრებიდან წასვლის გამო, კურტანიძის განმარტებით, სახალხო კრება ზეპარტიული მოძრაობაა, რომელიც ყველა ხელისუფლების ოპოზიციაში იქნება. მისთვის კი უფრო უხერხულია დარჩეს კრების რიგებში იმ დროს, როცა ის უკვე "ქართული ოცნების" წევრია, კოალიცია კი ხელისუფლებაშია", - დასძენს გამოცემა.