ვერსიები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე ვრცელდება, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ქვეყანა საკმაოდ დიდ საფრთხეს გადაურჩა...
როგორც სანდო წყარომ გვიამბო, სექტემბრის მეორე ნახევარში, როცა ტელევიზიით ციხეში გადაღებული შემზარავი კადრები გავრცელდა, პრეზიდენტს კაბინეტში დაუბარებია შს მაშინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და უთქვამს, - თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ ორივე ციხეში უნდა ჩაჯდეთო: - ასე სჭირდება სახელმწიფოს იმიჯს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა ხდებოდა ქართულ ციხეებში და ამას საერთაშორისო საზოგადოება არ გვაპატიებს, - განუცხადებია სააკაშვილს თავისი მაღალჩინოსნებისთვის.
წყაროს ინფორმაციით, ადეიშვილმა "დროებით პატიმრობაზე" თანხმობა განაცხადა, ოღონდ თავისი პირობები წამოუყენა, მაგრამ პრეზიდენტს სათქმელი ბოლომდეც არ დაამთავრებინა ბაჩო ახალაიამ, რომელიც "შემოთაზებას" სასტიკად გაუღიზიანებია და სააკაშვილის კაბინეტი ხმაურით დაუტოვებია.
იმავე წყაროს თქმით, რამდენიმე დღის შემდეგ, პრეზიდენტის დავალებით, თავდასხმა უნდა განხორციელებულიყო ბაჩო და დათა ახალაიებზე, რომლებიც უახლოეს მეგობრებთან ერთად წყნეთში ერთ-ერთი მათგანის აგარაკზე ქეიფობდნენ. ოპერაცია "შავნაბადას" ბატალიონის სპეცრაზმს უნდა შეესრულებინა.
შეიმუშავეს სქემა, თუ როგორ დააკავებდნენ მოძალადე მინისტრებს. ითქვა, რომ ამის დაგეგმვაში ვანო მერაბიშვილიც მონაწილეობდა: აგარაკისთვის ალყა უნდა შემოერტყათ, რასაც სახელისუფლებო ტელევიზიებში სპეციალური საინფორმაციო გამოშვება მოჰყვებოდა, რომლის მეშვეობითაც მომხდარის შესახებ საზოგადოებას თავად პრეზიდენტი აცნობებდა... მაგრამ ინფორმაციამ მალევე გაჟონა და სააკაშვილის ჩანაფიქრის შესახებ ვიღაცამ ბაჩო ახალაიას შეატყობინა. მან კი, კუდ-ის უფროსს, სოსო თოფურიძეს დაურეკა და დახმარება სთხოვა.
"რამდენიმე წუთში ათამდე პიკაპი წყნეთში ახალაიების აგარაკთან გაჩნდა. ამ დროს კი წყნეთის ტყე "შავნაბადას" სპეცრაზმელებით იყო სავსე... როცა მათ მეთაურს ახალაიების აგარაკთან კუდ-ის პიკაპები დაუნახავს, მიმხვდარა, რომ მათ წინააღმდეგ ცეცხლს გახსნიდნენ და პრეზიდენტისთვის ალყის მოხსნის ნებართვა უთხოვია", - ამბობს ჩვენი ინფორმაციის წყარო.
1-ლი ოქტომბრის ღამეს, როცა ექსიტპოლების წინასწარი შედეგებით, "ქართული ოცნების" გამარჯვება გაცხადდა, ახალაიები და თოფურიძე "მოსალაპარაკებლად" შაშკინთან შევიდნენ: მათი გეგმით, თბილისსა და რამდენიმე დიდი ქალაქის საარჩევნო უბნებთან, ინციდენტები შეიარაღებულ დაპირისპირებაში უნდა გადაზრდილიყო; ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად, სხვა ძალოვან უწყებებთან ერთად, "დამხმარე ძალას" თავდაცვის მინისტრიც გამოგზავნიდა, შემდგომ კი სიტუაციის შესაბამისად მოიქცეოდნენ. მაგრამ შაშკინს უპასუხია, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ ბრძანებას პრეზიდენტისგან მიიღებდა...
როგორც ყველამ ვნახეთ, ახალაიები არათუ დაკავებას გადაურჩნენ, არამედ სამშობლო მშვიდობიანად დატოვეს...
ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ ისიც გვაცნობა, რომ "ზედმეტი სიმკაცრით" ცნობილ ზურაბ ადეიშვილს ქვეყნის დასატოვებლად საკმარისი თანხა არ ჰქონია და ახლობლებმა შეუგროვეს, რაზეც სააკაშვილი გახუმრებია კიდეც, რომ ბოლო დროს "პატარა ახალაიებმა" ის თავიანთ ბრმა იარაღად აქციეს...