აკადემიკოსი, პროფესორი, "სახალხო კრების" წევრი, ბატონი ელიზბარ ჯაველიძე ქვეყანაში ბოლო ხანს მომხდარ მოვლენებს დადებითად აფასებს, თუმცა საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს:
- სააკაშვილის პოლიტიკა გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა "ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენით სამუშაოებს" მახსენებს, სადაც მოქმედი გმირები წყალბურთის თამაშისას წყალქვეშ ერთმანეთს ამტვრევენ, ზემოთ კი გაღიმებული სახეებით დაცურავენ. სააკაშვილის ხელისუფლების წევრებსაც თავები აწეული აქვთ და დემოკრატიაზე ლაპარაკობენ, მაგრამ რეალურად კლავენ და ფატრავენ ადამიანებს. ასეა, არ არსებობს სიბინძურე, სააკაშვილს ხელი რომ არ ჰქონდეს მოწერილი...
20 წლის განმავლობაში მოღრუბლულ ზეცას გავყურებდი, ყოველთვის მოწყენილი ვიყავი, არც ოცნებების ახდენის მჯეროდა, მაგრამ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და ცაც გაიხსნა. სხვათა შორის, ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, რომ სააკაშვილი არჩევნების გზით დათმობდა ხელისუფლებას, არც თმობდა, გარე ფაქტორები რომ არ ჩარეულიყო. ღმერთმა გვიშველა, თორემ ესენი კიდევ რომ დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში, სისხლის კალოს დააყენებდნენ. დარწმუნებული ვარ, ხელახლა რომ ჩატარდეს არჩევნები, ნაცმოძრაობა 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. ძალიან მალე, როგორც "მოქალაქეთა კავშირი" გაქრა, "ნაციონალური მოძრაობაც" აღარ იარსებებს. მოვითხოვ ნაცმოძრაობის დაშლას, აკრძალვას, რადგან ისე ყოყლოჩინობენ ეს ვითომ ოპოზიციონერები, თითქოს მე ვიყო მკვლელი და ესენი ანგელოზები. ახალაიების მამა, რომლის ოჯახიც მამაბუდიანად სადისტები არიან, პარლამენტში ისე ამაყად ზის და იცინის, თითქოს მე ვხოცავდი ციხეში თუ ქუჩაში ადამიანებს. მართალია, ეს ნერვიული სიცილია, მაგრამ თავხედური და კადნიერი. ან რას ჰგავს გაბაშვილის და ხაჩიძის ზეკადნიერი თავხედობით გამოსვლა?! სირცხვილია პარლამენტში ამ ხალხის ჯდომა. არა უშავს, ძალიან მალე გამომზეურდება დოკუმენტები, რომლებიც მათ დანაშაულებს სააშკარაოზე გამოიტანს და ყველას თავისი მიეზღვება. მაგალითად, ბარამიძეს აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტისთვის. მართალია, უარყოფს, მაგრამ მთელ საქართველოს გვაქვს ნანახი კადრები და თვალებდათხრილი არ ვართ. ბარამიძე ჟვანიას მკვლელობაში თანამონაწილეობასაც უარყოფს, მაგრამ არსებობს ამის დამადასტურებელი კადრები, რომელსაც საზოგადოება ძალიან მალე იხილავს.
- ნუთუ მართლა არსებობს ჟვანიას მკვლელობის ამსახველი კადრები?
- რა თქმა უნდა. ფოტოც არსებობს, როგორ მიათრევენ სწორედ ეგ ადამიანები ჟვანიას ცხედარს. ეს ფოტო და კადრები აქვს ჩემს ახლობელ ადამიანს, რომელსაც ვენდობი. ხოლო ისინი, ვინც თავის დროზე ჟვანიას მკვლელობაზე ალაპარაკდნენ, ყველა საიქიოს გაისტუმრეს. მაგალითად, გენერალი დუმბაძე, რომელიც საეჭვო ვითარებაში მოკლეს, ბონდო შალიკიანსაც ასეთივე ბედი ეწია. ეს მკვლელობები სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერაა, ასე მოქმედებდნენ და დღესაც ასე მოქმედებენ. ისინი მკვლელობებით ერთობოდნენ, რადგან დაუსჯელობის სინდრომით იყვნენ შეპყრობილნი. გურამ შარაძის მკვლელობაც ამაზე მეტყველებს - როგორ თავხედურად, დღისით, მზისით, შუაგულ დედაქალაქში მოკლეს. მიცვალებულს 2 საათი ხელი არ ახლეს და ხალხს აყურებინეს, რომ კარგად დაეშინებინათ. ან რატომ მოკლეს, ფინანსურ მაქინაციებში იყო გახვეული თუ რა? გურამ შარაძის ერთადერთი დანაშაული იყო ის, რომ საქართველო უყვარდა. სააკაშვილი თავისი გუნდით რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, ერთ წელიწადში საქართველო აღარ იარსებებდა. მას დავალებული ჰქონდა ქართველი ხალხის გენოციდი. ხალხს დააკარგვინეს კრიტიკული აზროვნება და ვირტუალურ გარემოში ცხოვრებას მიაჩვიეს. სააკაშვილის აღმშენებლობის პროცესიც ვირტუალური გახლდათ. ამაში დასავლეთიც ხელს უწყობდა, რადგან სააკაშვილი მათი პროექტია და დემოკრატიის შუქურადაც გამოაცხადეს. არადა, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა კი არა, პირწავარდნილი ტირანია.
- ანუ აშშ-ს პროექტი ჩაუვარდა?
- ამერიკამ კარგად იცის, რომ სააკაშვილი ტირანი და სისხლისმსმელია, მაგრამ ამას არ აღიარებს, რადგან მათ რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება. საბედნიეროდ, მოვიდა ხელისუფლებაში კაცი, რომელიც ამ უზნეობას ებრძვის. მართალია, "ქართულ ოცნებაში" არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც სამშობლოს სიყვარულს არად დაგიდევენ, მაგრამ თვითონ ივანიშვილის ფაქტორია კარგი - მას ძალიან უყვარს თავისი საქართველო. რაც მთავარია, ოჯახის წესიერება უმაღლეს საფეხურზე აჰყავს. მისთვის ზნეობა, სიმართლე და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე პირში თქმაა უმთავრესი.
- ოპოზიციაში გადასული ნაცმოძრაობა მაინც რიხიანად არის...
- როდესაც მშიშარა კაცი წყვდიადში მარტო გადის, ჰეი-ჰეის ყვირის და ამით თავსაც იიმედებს და ჰგონია, რომ ვიღაცასაც აფრთხობს. ქათამს თავს რომ წააცლი, ერთ საათს კიდევ ფართხალებს - სააკაშვილის ხელისუფლებაც ზუსტად ასე ფართხალებს. თუმცა ესენი მაინც საშიში არიან, რადგან კუთხეში არიან მიმწყვდეული. ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. ყველაზე სასაცილო და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა ის არის, როდესაც სააკაშვილი გაიძახის, ევროპული კულტურა და დემოკრატია დავნერგეო... ეგენი მასწავლიან, რა არის ევროპული კულტურა?! მათ ჰგონიათ, და ძმასთან რომ დაწვება და მამა-შვილთან, ეს არის ევროპული კულტურა, რეალურად კი უწიგნურები არიან, და რომ ჰკითხო, ვინ არის შილერი ან დანტე ალიგიერი, ვერ გიპასუხებენ. ან რას ეძახიან განათლებას, უცხო ენების ცოდნას?! სააკაშვილმა როგორც ქართული ენა "იცის", ისე ეცოდინება სხვა ენებიც. თამაზ წივწივაძემ გამოუქვეყნა სააკაშვილს თავისი "მარგალიტები", სადაც ერთგვერდიან განცხადებაში უამრავი შეცდომა ჰქონდა დაშვებული. ზვიად გამსახურდიამ ნამდვილად იცოდა ინგლისურიც, გერმანულიც და კიდევ სხვა ენებიც, თან ისეთ დონეზე, რომ მსოფლიო პოეზია თარგმნა, მაგრამ უცხოელს ქართულად, თარჯიმანის თანხლებით ესაუბრებოდა.
- როგორ განვითარდება მოვლენები?
- სააკაშვილს ბავშვობიდან ვიცნობ და ვიცი, რომ ის არაფრის დამთმობი და არსად წამსვლელი არ არის. საპრეზიდენტო ვადაც რომ გაუვა, თუ არ მიაბრძანე, ისე არ წავა! იანვარში ეწურება საპრეზიდენტო ვადა, მაგრამ კონსტიტუცია ისე კარგად აქვს მორგებული, ვერაფერს დააკლებ. არადა, იღუპება ქვეყანა, არ შეიძლება სააკაშვილის დარჩენა, კიდევ ათას უბედურებას ჩაიდენს. ამიტომ სასწრაფოდ იმპიჩმენტის საკითხია წამოსაწევი.
- ბატონო ელიზბარ, თქვენ თავიდანვე აკრიტიკებდით თანამედროვე. ე.წ. შუშის არქიტექტურას...
- არ არის გასაკრიტიკებელი? იუსტიციის ახალი სახლი ურჩხულს ჰგავს, ის "პამპერსი" ხიდიც რომ უადგილო ადგილზე დგას, ესეც ყველამ იცის. ძველ თბილისში, აშპაშხანისკენ რომ გავისეირნებ, არ უნდა მეჩხირებოდეს თვალში ეს შუშის კონსტრუქცია. ან რა შუშამანია დაემართათ, ამით ევროპას გააკვირვებენ?! ან რას ნიშნავს პოლიციის გამჭვირვალე შენობები? ასეთი გამჭვირვალე პოლიტიკა აქვთ? სარდაფში ჩავიდნენ და ნახონ, სისხლის გუბეები რომ დგას. როგორც მითხრეს, ქუთაისის პარლამენტში ყოფნა გაუსაძლისია, ჰაერი არ მოძრაობს. მის კონდიცირებაში კი დღეში იმდენი თანხა იხარჯება, რამდენიც მთელ ლანჩხუთის რაიონს ეყოფა.