უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ სარჩელი მზადდება, რომელიც 2005 წელს სასამართლო კორპუსზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს უკავშირდება. მოსარჩელე მხარეს ყოფილი მოსამართლეები ნინო გვენეტაძე და მერაბ ტურავა წარმოადგენენ.
"მე და მერაბ ტურავა საჩივარს ვამზადებთ კონსტანტინე კუბლაშვილის წინააღმდეგ. მივმართავთ მთავარ პროკურორს, გამოიძიოს 2005 წელს სასამართლო კორპუსზე მომხდარი ზეწოლის ფატები, მათ შორის ჩვენი საქმეც. მერწმუნეთ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია საკმარისი საფუძველია, პროკურატურამ და არჩილ კბილაშვილმა გამოძიება დაიწყონ! კუბლაშვილი ამ სისტების ბოლო მძევლად დარჩა ქვეყანაში - მურთაზ ზოდელავა გაიქცა, იუსტიციის მინისტრიცა და მთავარი პროკურორიც შეიცვალნენ. დღეს საქართველოში მხოლოდ ის მოხელეები არიან, ვისაც ბოლო მისია და დავალება აქვს შესასრულებელი და მათ რიცხვშია კუბლაშვილიც", - აცხადებს გაზეთ "ვერსიასთან" საუბარში გვენეტაძე.
გვენეტაძე არც ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი რთული პროცედურაა.
"ჩემი დისციპლინური დევნა დასრულდა, მაგრამ ახლა მაქვს გათავისუფლებული მოსამართლის სტატუსი, რომელსაც სასამართლო სისტემაში დაბრუნების უფლება აღარ აქვს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი, სამართლებრივად, რთული პროცედურაა: ჯერ კუბლაშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი უნდა დადასტურდეს და დასკვნა დაიდოს, უშუალოდ იმპიჩმენტს კი საპარლამენტო ხმათა მესამედი სჭირდება", - ამბობს ნინო გვენეტაძე.
ყოფილი მოსამართლის თქმით, კოტე კუბლაშვილს თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვებაც შეუძლია.
"არის კიდევ ერთი გზა, რომელსაც ხშირად შთააგონებენ ხოლმე ბატონ კოტეს - პოსტის საკუთარი ნებით დატოვება!", - აღნიშნა გვენეტაძემ.