გაერთიანებული შტაბების უფროსი ვახტანგ კაპანაძე იქნება

გაერთიანებული შტაბების უფროსი ვახტანგ კაპანაძე იქნება

გაერთიანებული შტაბების უფროსი ვახტანგ კაპანაძე იქნება - გიორგი კალანდაძე სასწავლებლად მიდის

"უკვე ერთ კვირაზე მეტია აცხადებენ, რომ გიორგი კალანდაძე თანამდებობას ტოვებს. ამ ახალგაზრდას გაერთიანებული შტაბების უფროსის თანამდებობა უკავია. ამ პოსტზე 32 წლის გენერალი სააკაშვილმა ნაარჩევნევს გაამწესა. ამბობენ, რომ მას უწყებაში სიტუაციის არევა დაევალა - აპირებდა კიდეც გენერალი კალანდაძე ცელქობას, მაგრამ მერე ჯარს შეუთვლია, ჩვენ შენ არ დაგემორჩილებითო... წინა კვირაში გავრცელდა ცნობა, რომ კალანდაძემ პოსტი დატოვა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურითგაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე იქნება / გიგი კალანდაძეს კი სასწავლებლად გაუშვებენ.,

"გიგი კალანდაძემ საზღვარგარეთ სწავლის სურვილი გამოთქვა, სააკაშვილი კი პატაკს მისი გადადგომის შესახებ ხელს არ აწერს. ამის მიუხედავად, ის მაინც წავა სასწავლებლად. გაერთიანებულ შტაბებს კი ვახტანგ კაპანაძე ჩაუდგება სათავეში. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გუშინ ის შტაბების უფროსის პირველ მოადგილედ წარადგინა, ახლო მომავალში კი შტაბების უფროსი გახდება. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტთან - უმაღლეს მთავარსარდალთან შეთანხმებულია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ვახტანგ კაპანაძე 2008 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მას სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობები ეკავა გენერალურ შტაბში. 2004 წელს დაინიშნა გენერალური შტაბის უფროსად. გაერთიანებული შტაბების უფროსის პირველ მოადგილეს მუშაობის გამოცდილება აქვს დიპლომატიურ და სამეცნიერო სფეროშიც. 2007-2008 წლებში ის პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი იყო. გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი სამეცნიერო სტატია სამხედრო საქმესა და გეოგრაფიაში. სამხედრო კუთხით ვახტანგ კაპანაძეს განათლება მიღებული აქვს გერმანიაში ჯორჯ მარშალის სახელობის სამხედრო ბიუჯეტის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების კოლეჯში, უკრაინის ეროვნულ სამხედრო აკადემიაში ოპერატიულ-ტაქტიკურ ფაკულტეტზე და აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯში", - დასძენს გამოცემა.

"საქართველოს გაერთიანებული შტაბების უფროსის ახალი მოადგილე, რომელიც დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით მიიჩნევს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. "ჩემთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ძალიან ბევრი სამუშაო იქნება გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს ნათელი მიზნები და გეგმები და გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ მიზნებს მივაღწიოთ" - აღნიშნა კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. გასაკეთებელი მას ისევე ბევრი ექნება, როგორც ირაკლი ალასანიას: მომავალი კვირიდან თავდაცვის მინისტრი საბრძოლო ძალების ინსპექტირებასა და შემოწმებას იწყებს. თავდაცვის მინისტრი უშუალოდ გაეცნობა ყველა სამხედრო ბაზაში არსებულ სიტუაციას და შეხვდება პირად შემადგენლობას", - წერს სტატიის ავტორი.