ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მოლაპარაკება გამართეს მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებმა და საქართველოს მუსლიმანთა წინამძღოლმა ჯემალ პაქსაძემ. მისი განმარტებით, მუსლიმანებს პარასკევობით და წელიწადში ორი დიდი დღესასწაულისთვის სჭირდებათ ჯგუფური ლოცვა და სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამლოცველოს გახსნა. თავის მხრივ, მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურები აცხადებენ, რომ მუსლიმანთა ლოცვას მასობრივი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს და საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკება გაგრძელდება. ნიგვზიანში დაძაბულობა განაპირობა მკვიდრი და აჭარიდან ჩასახლებული მოსახლეობის კონფლიქტმა. ნიგვზიანის მცხოვრებნი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ სოფელში მეჩეთის აშენებას, მუსლიმანი მრევლი კი განმარტავს, რომ საუბარია მხოლოდ სამლოცველოს არსებობაზე. სიმშვიდის შესანარჩუნებლად სოფელში სამართალდამცავები იმყოფებიან. ნიგვზიანში ჩავიდნენ ომბუდსმენის აპარატის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში დაძაბულობა ხელოვნურადაა შექმნილი. მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოში 9 წელია მსგავსი რამ არ მომხდარა. სატელევიზიო მიმართვისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გურიაში მშვიდობიანი ხალხი ცხოვრობს და ამიტომ, დაძაბულობა შესაძლოა, პროვოცირებულიც კი იყოს. ”დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მთავრობის ინტერესებშია, რომ მომავალშიც გაგრძელდეს სამოქალაქო მშვიდობა და ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრება”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავებმა არ დაუშვან სიტუაციის კონტროლიდან გასვლა, რადგან მსგავსი ფაქტები შესაძლოა, პოტენციურად საშიში იყოს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი მთავრობის წარმოამდგენლებს მოუწოდა, ადგილზე ჩავიდნენ, რათა სიტუაცია საბოლოოდ განიმუხტოს და მომავალში მსგავსი დაძაბულობა თავიდან იყოს აცილებული. ”დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი მოქმედებებით გაგრძელდება საქართველოს განვითარება და შენარჩუნდება სამოქალაქო მშვიდობა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა