ამირან მესხელი საქართველოდან გაიქცა

ამირან მესხელი საქართველოდან გაიქცა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ამირან მესხელმა დღეს ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა.

ამის შესახებ "ივერიონს" სანდო წყარომ აცნობა. მისი ინფორმაციით, ამირან მესხელი ავსტრიაში, ვენაში გაემგზავრა, სადაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ასევე ოჯახთან ერთად იმყოფება.

"ამირან მესხელი ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო წლების განმავლობაში, ის მერაბიშვილის მარჯვენა ხელად ითვლებოდა. მესხელი კურატორობდა უშიშროების სამსახურს, მას ემორჩილებოდა სოდ-ი, კუდ-ი და სხვა კიდევ რამდენიმე დეპარტამენტი. მესხელი მონაწილეობდა სვანეთში ევგენი აფრასიძის ოჯახის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ამ სპეცოპერაციის ჩატარების დროს, 24 მარტს ვანო მერაბიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მესხელი კი მისი მოადგილე. აფრასიძეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ერთობლივად დაგეგმა და ჩაატარა შსს-მ და უშიშროების საბჭომ. მესხელი ამ სპეცოპერაციის დაგეგმვაშიც მონაწილეობდა და ჩატარებაშიც. მეტიც, სპეცოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და მისი განხორციელებისას სოფელ ეწერში იმყოფებოდა~, _ განუცხადა წყარომ "ივერიონს".

წყაროს ინფორმაციით, ამირან მესხელს უამრავი უკანონობა აქვს ჩადენილი იმ 8 წლის მანძილზე, რაც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, თუმცა მისი საქართველოდან გაქცევის გადამწყვეტი ფაქტორი "აფრასიძეების საქმის" ხელახალი გამოძიების პერსპექტივა გახდა.

ცნობილია, რომ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დღეს მიმართა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გიორგი ბარამიძისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

"ამირან მესხელს, როგორც შს ყოფილი მინისტრის მოადგილეს უამრავი ინფორმატორი ჰყავს, მათ შორის, მთავარ პროკურატურასა და ახალ ხელისუფლებაში. მან შეიტყო, რომ აფრასიძეების საქმეზე აუცილებლად განახლდება და ამის მოსურნე იუსტიციის ახალი მინისტრი თეა წულუკიანია. მესხელმა კარგად იცის, რომ შესაძლოა ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებები გადარჩნენ და ოპერაციის უშუალო შემსრულებლებს მოუწიოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. თუ ასე მოხდა, ის აუცილებლად ციხეში ჩაჯდება. ამდენად, შეიძლება ითქვას, მესხელი მართლმსაჯულებას გაექცა უცხოეთში~, _ აცხადებს წყარო.

"ივერიონმა" აღნიშნული ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" პრესცენტრის უფროსთან გიორგი პატარაიასთან გადაამოწმა. მან გვიპასუხა, რომ ამირან მესხელის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცის. "ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ მაგ ინფორმაციას. ამირან მესხელის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი ვიცი", _ გვიპასუხა პატარაიამ.

ამირან მესხელის საქართველოდან გაქცევის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის~ საპარლამენტო უმცირესობის პრეს-სპიკერს დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილსაც ვკითხეთ. "არა, არაფერი ვიცი. ამირან მესხელის ადგილსამყოფელს ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ~, _ განუცხადა "ივერიონს" ჩიორა თაქთაქიშვილმა.