ვაჟა ლორთქიფანიძე: -

ვაჟა ლორთქიფანიძე: - "თუ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება გვინდა, ჯიბრზე არ უნდა ვიმოქმედოთ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ექსპერტი, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე წარადგინა. ივანიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და დაალაგოს ურთიერთობა ყველაზე დიდ მეზობელთან. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვაჟა ლორთქიფანიძე, ამ გადაწყვეტილებას დადებით ნაბიჯად მიიჩნევს.

- ეს არის პირველი, კეთილი ნების გამომხატველი ნაბიჯი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ რუსეთის მიმართულებით გადადგა. რაც ნიშნავს, რომ საქართველო მზად არის, სირთულის მიუხედავად, დიალოგი დაიწყოს. გზის გაკაფვა ძალიან რთული იქნება, მაგრამ პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრმა დაასახელა ისეთი ფიგურა, რომელმაც ეს შეხვედრები უნდა გამართოს. ეს არ ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა ხვალვე აღდგება, ამას ბევრი წინაპირობა ექნება და არაერთი შავი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, მაგრამ ჩვენი მხრიდან პირველი ნაბიჯი გადადგმულია.

- რუსეთის მხრიდან როგორ პასუხს ელოდებით ამ მესიჯზე?


- შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალოს სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ქართულ მხარეს შეხვდება და რაღაც საკითხების განხილვა დაიწყოს. არ არის გამორიცხული, რუსული მხრიდანაც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ჩაუდგეს ამ საქმეს სათავეში, ეს მათი გადასაწყვეტია. ისინი დიდი ხნის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან საუბარი არ შეეძლოთ, ახლა ახალი პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერია ქვეყნის სათავეში და სხვა გამოსავალი არ აქვთ, უნდა დაიწყონ ამ საკითხის განხილვა.

- პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს გზა არის ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე, მაგრამ ამავდროულად უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. რამდენად შესაძლებელია ეს ორი მიმართულება თანხვედრაში მოვიდეს? 


- ეს გზა აირჩია 90-იან წლებში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. Eევროპული გზა და ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის პირველი ინიციატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი არ ყოფილა. ეს დიდი ტყუილი იყო. ჩემი რუსეთში ელჩობის დროს ეს კურსი გვქონდა არჩეული და მაშინაც ღიად ვაცხადებდით. იმ წლებში გავხდით ევროსაბჭოსა და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. ბედნიერი ვარ, რომ 1999 წელს ჟენევაში პირადად მოვაწერე ხელი იმ ხელშეკრულებას, რომელი ორგანიზაციის წევრიც რუსეთი ახლახან გახდა. მაშინ შევარდნაძე ამბობდა, ნატოს კარებზე დავაკუკუნეთო. ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო ნატოს სპეციალური პროგრამით ქართული ჯარის წვრთნა და რამდენიმე დივიზია მომზადდა. დაიწყო არმიის ნატოს სტანდარტებზე გადასვლა, მაგრამ როცა ქვეყნის სათავეში სააკაშვილი მოვიდა, ისე წარმოაჩინეს, თითქოს მათ დაიწყეს ყველაფერი, მაგრამ იმ წლებში, პარალელურად ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა რუსეთთან. 

- რაში გამოიხატებოდა კარგი ურთიერთობა?

- იმაში, რომ ჩვენ გვქონდა პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენო, სწორედ მაშინ შევძელით საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანა. 1998-99 წწ-მდე საქართველოს სასაზღვრო ჯარები არ გვყავდა და საზღვარზე რუსი მესაზღვრეები იდგნენ. სულ ოთხი რუსული ბაზა იყო, აქედან ორი ჩვენ გავიყვანეთ, მაშინდელი ხელშეკრულების თანახმად, დანარჩენები 2009 წლამდე უნდა გასულიყვნენ და ასეც მოხდა. 
იმ წლებში აქტიური დიალოგი გვქონდა აფხაზებთან და ჟენევის პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება და რითაც ყოფილი ხელისუფლება ძალიან ხშირად იწონებს თავს, ჩვენი დაწყებულია - მე ვიყავი ამის ერთ-ერთი ინიციატორი. შეიქმნა ოთხმხრივი კომისია და ე.წ. აფხაზეთის მაშინდელი ლიდერები: ბაღაფში, შამბა, ჯერგენია და სხვები, თბილისში ძალიან ხშირად ჩამოდიოდნენ. მეც ჩავდიოდი სოხუმსა და გუდაუთაში, შეხვედრები გვქონდა ჟენევაში, მოსკოვსა და თბილისში. 

- შეხვედრების შედეგი რა იყო?

- ის, რომ ძალიან ფართოდ მიმდინარეობდა დიალოგი. პირადად შევახვედრე ერთმანეთს ათენში ყველაზე შეურიგებელი ქართველი და აფხაზი პოლიტიკოსები. თურქეთში, სტამბოლში შედგა საველე მეთაურების, იმ ადამიანების შეხვედრა, ვინც საბრძოლო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. ეს ყველაფერი რუსეთის მონაწილეობით ხდებოდა. არადა, გაცხადებული გვქონდა, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა იყო და ევროპისკენ ვისწრაფოდით... ასე რომ, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობაც შესაძლებელი ყოფილა. კეთილი ნებისა და გააზრებული პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში, ამის მიღწევა შეიძლება. თუმცა, ახლა ამის გაკეთება გაცილებით რთულია, რადგან ყველას გვახსოვს და ძალიან გვტკივა 2008 წლის აგვისტოს ომი. ადვილი არც მაშინ ყოფილა, 1992-93 წლებშიც რუსეთ-საქართველოს შორის იყო ომი და გაცილებით დიდი, ვიდრე ბოლოს. წელიწადნახევრის განმავლობაში რუსეთის ავიაციისგან იბომბებოდა იქაურობა და მარტო სოხუმში 1000-ზე მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა. ამ ვითარების შემოტრიალება შევძელით და ორ-სამ წელში იმ შედეგს მივაღწიეთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.
იმედი მაქვს, ახლაც ნაბიჯ-ნაბიჯ, კარგად გათვლილი პოლიტიკით სასურველ შედეგს მივაღწევთ, ეს შესაძლებელია, ოღონდ არა საგარეო კურსის შეცვლის ხარჯზე. 

- ახალი მთავრობის ინიციატივით, შესაძლოა, ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლების გაძლიერება დაიწყოს. ეს გადაწყვეტილებაც შეიძლება რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს?


- მე არ მომისმენია ამის შესახებ, მაგრამ ეს არის განათლებისკენ გადადგმული ნაბიჯი. რაც უფრო მეტმა ადამიანმა იცის ბევრი ენა, მით უკეთესია. რუსეთი ჩვენი უახლოესი მეზობელია და მგონი, არავინ უარყოფს, რომ დიდი ისტორიული კავშირები გვაქვს. არც იმის ოკუპაციისა და იმპერიის შემადგენლობაში თანაცხოვრების უარყოფა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის მუქ ფერებში წარმოდგენაც არ არის სწორი. ბედკრული იყო თუ ბედნიერი ჩვენი ცხოვრება, მასთან დიდი ისტორიული ურთიერთობა გვქონდა. რუსეთი ძალიან დიდი კულტურის მატარებელი ქვეყანაა, მაღალი დონის მწერლობა, თეატრი, კინო, მეცნიერება, მუსიკა აქვს და ცუდი არაფერი იქნება, თუ ჩვენს ახალგაზრდობას ამ ენაზე სწავლის შესაძლებობა ექნება. ისტორიამ მოიტანა და რუსულენოვანი მოსახლეობაც ძალიან დიდია. რა დოზით და რომელი კლასიდან, ამაზე უკვე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. 

მისი პროგრამიდან ამოღებაც ჯინაზე გადადგმული ნაბიჯი იყო, ისევე, როგორც რუსეთის მხრიდან მიღებული უგუნური გადაწყვეტილებები, ჩვენი თანამემამულეების იქიდან გამოძევება, 2008 წლის მოვლენები, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და კიდევ ბევრი სხვა ნაბიჯი, მაგრამ თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგება გვინდა, გადაწყვეტილებები ცხელ გულზე და ჯიბრზე არ უნდა მივიღოთ.