სოფლის განვითარება არის მრავალგანზომილებიანი, მრავალდონიანი, მონაწილეთა ფართო სპექტრის ჩართულობით მოქმედი პროცესი და ეს ყოველივე მიუთითებს მის სირთულეზე, შესაბამისად არ არსებობს მკაფიოდ შემოსაზღვრული პარადიგმა ამ თემაში.
ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროკავშირში სასოფლო ტერიტორიების განვითარების კონცეფციები განიცდიან მუდმივ განახლებას და სახეცვლას. იგი იცვლება დროში, იცვლება თანამეგობრობის პოლიტიკის რეფორმების მოთხოვნებზე დამოკიდებულებით, დგამს ნაბიჯებს წინ და მოულოდნელად იხევს უკან. თანამეგობრობის დონეზე და ცალკეულ ქვეყნებში ერთდროულად არსებობს რამდენიმე კონცეფცია, რომელთაგან ძირითადად დამკვიდრდა სამი მიმართულება:
I კონცეფცია გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს აგრარული სექტორის განვითარებას . სადაც უმთავრესია სოფლის მეურნეობის და აგროსასურსათო კომპლექსის მოდერნიზირება. მსხვილი ფერმერული, კლასტერული თუ კოოპერირებული მართვით;
II კონცეფციას იყენებენ ძირითადად ჩამორჩენილი, დეპრესიული ზონებისთვის. აქ აქცენტი კეთდება კონვერგენციაზე, რადგან როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკის სხვა დარგებიც საერთო სტანდარტს ჩამორჩებიან და საჭიროებენ მიზნობრივ მხარდაჭერას;
III კონცეფცია რომელიც იყენებს ტერიტორიის შესაძლებლობებს მისი ყველაზე ფართო გაგებით, კომპლექსურია და ითვალისწინებს როგორც რესურსულ, ასევე ადამიანისეულ ფაქტორს. მიდგომა მოიცავს ადგილობრივ დონეზე ყველა კომპონენტის და დარგის ინტეგრაციას. შეიძლება ითქვას, რომ კონცეფციის მოდელირებისას მრავალი წინააღმდეგობრივი, თუ მენტალური პრობლემა ჩნდება, თუმცა თანამეგობრობის სივრცეში მისი დანერგვა ითვლება ყველაზე პროგრესულ და უპირობო გამოწვევად.
ყველასათვის აუცილებელია სოფლად შეიქმნას ურბანულთან დაახლოებით მიახლოვებული ცხოვრების სოცკულტურული პირობები, როგორც კომუნალური, ინფორმაციული, ინსტიტუციონარული და ინფრასტრუქტურული, ასევე მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური და ინკლუზიური ეკონომიკით.
რა ძირითადი ელემენტები გამოარჩევს დარგობრივ მოდელს, სადაც სოფლის განვითარება ემყარება სოფლის მეურნეობის განვითარებას, კონკურენტუნარიანი პროდუქციით, სპეციალიზაციის მაღალი დონით, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა საწარმოო სტრუქტურების გამართულობას, პროდუქციის ხარისხს, ერთგვაროვნებას, რაოდენობას . ეს მიდგომა დაფუძნებული მოდერნისტულ პარადიგმაზე გაძლიერდა 80-იანი წლების დასაწყისში, თუმცა შემდგომში მუდმივად განიცდიდა პრობლემებს თავისი მოუქნელი ეკონომიკური ბუნებიდან გამომდინარე, რადგან ძალიან მგრძნობიარეა აგრარული პოლიტიკის ახალი ამოცანების და ევროკავშირის გაფართოების პროცესის მიმართ. თანამედროვე დარგობრივი მოდელი გაძლიერდა რამდენიმე კომპონენტით და მათში აუცილებლად გამოსაყოფია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე აგრობიზნესის მართვის კლასტერული პოლიტიკა.
მეორე მოდელს სუსტად განვითარებულ დეპრესიულ რაიონებში ნერგავენ სადაც განვითარების მოდელს გადამანაწილებელსაც ეძახიან, ევროკავშირს მათთვის სპეციალური პროგრამები აქვს, სადაც მაქსიმალურად გათვალისწინებულია და მხარდაჭერილი ეკონომიკური შესაძლებლობები, ხოლო ის რაც შეუძლებელია განვითარდეს დაბალანსებულია სოციალური პროგრამებით და კონვერგენციის პრინციპით.
დაბოლოს, ყველაზე რთული და პროგრესული ტერიტორიული მოდელი, რომელიც არაა ფოკუსირებული მხოლოდ დარგობრივი ინტერესებზე და არც დეპრესიული რეგიონების საჭიროებებზე, მისი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის განვითარების დივერსიფიცირება, ინკლუზიურობა, კომპლექსურობა და რაციონალიზაცია. სწორედ დაფინანსების და მართვის მრავალმხრივმა სისტემამ დააყენა დღის წესრიგში ასეთი მოდელის აუცილებლობა. ამ კონცეფციაში ორი გამოკვეთილი მიმართულება არსებობს. იქ სადაც დომინანტი აგრარული სექტორია და მეორე, სადაც ეკონომიკის დივერსიფიცირებულობა მრავალმხრივი შესაძლებლობებით გამოირჩევა.
უაღესად მნიშვნელოვანია, რომ ისევე, როგორც ეს ევროპაშია, საქართველოშიც ჩამოყალიბდეს სისტემური მიდგომა ზოგადად ტერიტორიების და განსაკუთრებით, სასოფლო ტერიტორიების მიმართ, რაც შესაბამისი პოლიტიკის კონცეპტუალურ, პროგრამულ თუ სამართლებრივ უზუნველყყოფას უნდა დაეყრდნოს.
სამწუხაროდ, დღევანდელი სინამდვილე ძალზე შორს დგას სოფლის მიმართ რაიმე სისტემური დამოკიდებულებისგან და მძიმე გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ: ქვეყანაში სახელმწიფო ან თუნდაც მუნიციპალური სასოფლო პოლიტიკა, როგორც ასეთი - ფაქტობრივად აღარ არსებობს! ეს „ეგზისტენციურად კრიზისული“ ვითარება რამდენიმე სავალალო გარემოებით თვალნათლივ დასტურდება, კერძოდ:
- მას შემდეგ, რაც პირველი დონის ადგილობრივი თვითმმართველობა 2006 წლიდან გაუქმდა, სოფელი, ე.ი. მისი ადგილობრივი საზოგადოება - სასოფლო თემი, აღარავითარი ფორმით სამართალ-სუბიექტს აღარ წარმოადგენს, გამომდინარე - ყოვლად შეუძლებელია მის უფლებრივ მდგომარეობაზე საგნობრივი საუბარი; უდავო იურიდიული ფაქტია - სოფელი დღეს უფლებაყრილია და რაღა გასაკვირია, რომ მოკლებულია ყველა შესაძლებლობას, ქვეყნის წინაშე საკუთარი ვალდებულებები, როგორც ეს ხდებოდა საქართველოს მრავალათასწლოვან ისტორიაში, ისევე პირნათლად აღასრულოს;
- სოფელი, მას შემდეგ, რაც’“ადგილობრივი თვითმმართთველობის კოდექსით“ მისი ტერიტორიული ორგანო ფაქტობრივად გაუქმდა 2014 წლიდან, ალბათ, ყველაზე უცნაური, ადმინისტრაციული ერთეულია (ისეთი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც არ ჰყავს საკუთარი ადმინისტრაციული ორგანო!?) სამართლის ისტორიაში; გამომდინარე, პრაქტიკულად წარმოუდგენელია სოფლის ტერიტორიული განვითარების რაიმე პოლიტიკაზე საგნობრივი საუბარი, ვინაიდან ამ პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი - სოფლის ადმინისტრაცია, სამართლებრივად აღარც არსებობს!
- უფლებაყრილი და, შესაბამისად, ვალდებულებებისგანაც დაცლილი სოფელი, რომელსაც სამართლებრივად თავისი ადმინისტრაციული ორგანოც კი აღარ შერჩენია, დე იურეცა და დე ფაქტოც - მოკლებულია საკუთარ სამკვიდროს: სოფლის სასიცოცხლო სივრცე - სათემო მიწა (თუნდაც საძოვარი და სათიბი მაინც, მაგრამ - არა მარტო), სათემო ტყე, წყალი, ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა ბუნებრივი რესურსები, საერთო სარგებლობის სამეურნეო თუ კომუნალური ინფრასტრუქტურა და სხვ. და სხვ. რაც თემის საერთო მფლობელობასა და სარგებლობაში უნდა იყოს, უმრავლეს შემთხვევაში მუნიციპალურ საკუთრებაშიც კი არ არის და ისევ, თითქოს გუშინ გამოიცა ლენინის მიწის დეკრეტი, კვლავაც დესპოტური სახელმწიფოს მიერ მიტაცებულია; ტრადიციული ქართული სამართლის თვალსაზრისით სოფლის დღევანდელი მაცხოვრებელი, ვინაიდან მას ყოველგვარი სათემო უფლება აყრილი აქვს, საკუთარი ბედის გამომჭედავი სოფლის ქედმოუხრელი და ამაყი მკვიდრი გლეხკაცი კი არა, არამედ ოდენ სხვისი ხელის შემყურე, და ბეჩავი, ამიტომაც, უპასუხისმგებლო - ხიზანია!
თუკი სინამდვილეს თვალს გავუსწორებთ, უნდა ვაღიაროთ - სოფლის არსებული მდგომარეობა, მისი სამართლებრივი სტატუსი - ფაქტობრივად სიკვდილ-მისჯილისას ჰგავს და ბუნებრივია, როგორ უნდა ვილაპარაკოთ მის განვითარებაზე, როცა სრულიად გულგრილად და თანაც ამ ჩვენი ვაი-სამართლის ძალით, სიკვდილი მივუსაჯეთ?!
და აკი გვიკვდება კიდეც! სასოფლო ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ღრმად დეპრესიულია და სრული დაცლის საფრთხე უკვე გარდაუვალი! დღევანდელი ამოცანა და სასოფლო პოლიტიკის მთავარი მიზანიც, თუკი საბოლოოდ არ ვამბობთ უარს სოფელსა და სასოფლო პოლიტიკაზე, ჯერ მისი ხიზნობიდან, ანუ სამოქალაქო სიკვდილისგან დახსნაა! რაიმე განვითარება სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნება, თუკი სოფელი, როგორც უფლებრივი და ამავდროულად, რაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეკონომიკური და სამეურნეო სუბიექტიც, ფაქტობრივად მკვდრეთით არ აღსდგა!
დასასრულ. სოფელი – პირველყოვლისა, არის სახლობის ტერიტორიული ერთეული (სამკვიდრო) და არა მეურნეობისა. სოფლის განვითარების ძირითადი მიზანია სოფლის მოსახლეობის ყოფითი (სოციალურ-კულტურული) სტატუსის მიახლოებით გათანაბრება ქალაქის მოსახლეობის სტატუსთან, რასაც სოფლად ადამიანთა რესურსების შენარჩუნება-განვითარებისთვის და ამგვარად, სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო წარმოების გაფართოებული აღწარმოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.