უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ "ქართული ოცნება" ნინო გვენეტაძის კანდიდატურას განიხილავს - "კატეგორიულად ვაცხადებ - შეურიგებელი ვიქნები ყველა იმ მოსამართლის მიმართ, ვინც უკანონო განაჩენი გამოიტანა!"
"მე და მერაბ ტურავას სასამართლო სისტემის მოწყობის ჩვენი ხედვაც გვაქვს და ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი შეხვედრისას მოკლე პრეზენტაციაც გვქონდა. საუბარია რამდენიმე ახალი ინსტიტუტის შემოტანაზე: ერთ-ერთ უმთავრესია ცალკე სასამართლოს გამოყოფა არასრულწლოვანთათვის. ჩვენ ვართ კიდევ ერთი იდეის, ე.წ. "პატარა სტრასბურგის" ინიციატორები, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გაძლიერებას გულისხმობს და "ქართული ოცნების" პროგრამაშიცაა გაწერილი და მის შესრულებას დიდ ყურადღებას მივაქცევთ", - აცხადებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრი ნინო გვენეტაძე გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ "ქართული ოცნება" ნინო გვენეტაძის კანდიდატურას განიხილავს / ვინ არის ნინო გვენეტაძე, რა სარჩელი შედის მთავარ პროკურატურაში კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ და დაისჯებიან თუ არა "ჯალათი მოსამართლეები".
"საქართველოში უნდა შეიქმნას ახალი ინსტიტუტი, საკონსტიტუციო სასამართლოს სპეციალური პალატის სახით, სადაც თუ უზენაესი სასამართლო არასწორ განაჩენს გამოიტანს, ინდივიდუალური სარჩელის გზით, პირს დარღვეული უფლებების აღდგენა საკუთარ ქვეყანაში შეეძლება და სტრასბურგში ჩივილის უფლებასაც შეინარჩუნებს. სტრასბურგის სასამართლოს ხანგრძლივი ლოდინი სჭირდება, ეფექტის სწრაფად მიღება კი ხალხს საქართველოში შეეძლება. ამ ქვეყანაში პრეცედენტია საჭირო, როცა ეროვნული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ადამიანთა უფლების დარღვევა დაფიქსირდება. ეს ქვეყნის შიგნით არსებული რესურსის გამოყენების საუკეთესო მექანიზმია და რაც მთავარია, დროის მოგების საშუალებას იძლევა. საჭიროა შესრულდეს საპროგრამო ჩანაწერები და მომზადდეს რეფორმისთვის საჭირო კანონპროექტები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო გვენეტაძე.
"ინფორმაციას კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების თაობაზე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, მაგრამ ფაქტი ერთია - მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხში ძალიან აქტიური ვიქნები. რაც შეეხება ჩემი მოსამართლის სტატუსის აღდგენას, ჩემი ვალდებულებაც კია, ბოლომდე ვიბრძოლო საკუთარი დარღვეული უფლებების აღსადგენად. ახლა სტრასბურგის გადაწყვეტილებას ველი, ან იმას, სახელმწიფომ ეს საქმე მორიგებით დაასრულოს. ჩემი დისციპლინური დევნა დასრულდა, მაგრამ ახლა მაქვს გათავისუფლებული მოსამართლის სტატუსი, რომელსაც სასამართლო სისტემაში დაბრუნების უფლება აღარ აქვს!" - განაგრძობს რესპონდენტი.
"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი სამართლებრივად რთული პროცედურაა. ჯერ კუბლაშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი უნდა დადასტურდეს და დასკვნა დაიდოს, უშუალოდ იმპიჩმენტს კი საპარლამენტო ხმათა მესამედი სჭირდება. მე და მერაბ ტურავა საჩივარს ვამზადებთ კონტანტინე კუბლაშვილის წინააღმდეგ. მივმართავთ მთავარ პროკურორს, გამოძიოს 2005 წელს სასამართლო კორპუსზე მომხდარი ზეწოლის ფაქტები, მათ შორის ჩვენი საქმეც. მერწმუნეთ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია საკმარისი საფუძველია, პროკურატურამ და არჩილ კბილაშვილმა გამოძიება დაიწყონ! კუბლაშვილი ამ სისტემის ბოლო მძევლად დარჩა ქვეყანაში - მურთაზ ზოდელავა გაიქცა, იუსტიციის მინისტრიცა და მთავარი პროკურორიც შეიცვალნენ. დღეს საქართველოში მხოლოდ ის მოხელეები არიან, ვისაც ბოლო მისია და დავალება აქვს შესასრულებელი და მათ რიცხვშია კუბლაშვილიც! არის კიდევ ერთი გზა, რომელსაც ხშირად შთააგონებენ ხოლმე ბატონ კოტეს - პოსტის საკუთარი ნებით დატოვება", - დასძენს ნინო გვენეტაძე და შეკითხვას - "ბატონი კოტე კი აქეთ შთაგაგონებთ, მოსამართლეებს ხელფასი 10%-ით გაუზარდეთო... "ჯალათ მოსამართლეებზეც" მინდა გკითხოთ, რა პოზიცია გაქვთ მათთან მიმართებაში?" - პასუხობს:
"ჯერ ერთი, კუბლაშვილის ამ გულუბრყვილო შეძახილებს ვერ დავეთანხმები და ის ახლა იმ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის, მსგავსი განცხადებები აკეთოს! რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ვრჩები სასამართლოს ქომაგად, მაგრამ კატეგორიულად ვაცხადებ - შეურიგებელი ვიქნები ყველა იმ მოსამართლის მიმართ, ვინც უკანონო განაჩენი გამოიტანა. თითოეული მათგანი ყველა პროცედურის დაცვით უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე! ჩვენ არ მივდევთ რეპრესიულ პოლიტიკაც, მაგრამ ყველამ სამართლიანად უნდა ზღოს!"