პირველი საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტის თბილისში გადმოტანა იქნება - თბილისის პარლამენტის შენობას "ქართუ ჯგუფი" აღადგენს
"ქვეყანაში არსებობს "გონივრული ეჭვი", რომ ჩვენი კანონმდებლების ტანჯვას წერტილი დაესმება. ქუთაისში პარლამენტის გადატანის გამო ჩვენს დეპუტატებს ლიხს იქით და ლიხს აქეთ უწევთ წარამარა სირბილი. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების გამო ისინი თბილისში ვერ ბრუნდებიან და რომც დაბრუნდნენ, შენობა არ აქვთ, სადაც სხდომის გამართვას შეძლებენ. რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იავარჰქმნეს. სავარაუდოდ, ზონდერბრიგადა გადიოდა იქ წვრთნას მტრის მთავრობის სახლის დარბევაზე..." - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ქუთაისის პარლამენტი დანგრევის პირასაა / თბილისის პარლამენტის შენობას "ქართუ ჯგუფი" აღადგენს.
"ამბობენ, რომ ქუთაისში სიარული არც ნაციონალ დეპუტატებს მოსწონთ. ისინი, ალბათ, მხარს დაუჭერენ პარლამენტის თბილისში გადმოტანას. მხოლოდ რამდენიმე მათგანია ამის წინააღმდეგი. ამბობენ, რომ თბილისის პარლამენტში მუშაობა არ სურთ, რადგან ეს შენობა "ცოდვიანია"?! საინტერესოა, რაღა ახლა შეაწუხა ეს ჯეელები ცოდვამ და მოჩვენებებმა? წლების განმავლობაში ამ პარლამენტში არ სხედან? ლამის პარლამენტის ფანტომებს დაემსგავსნენ და ახლა ძველი ცოდვების გამო ვერ შედიან იქ. თუ ასე წავიდა, ქუთაისის ლამის 400-მილიონიანი პარლამენტიც კაი ცოდვიანია. ამ აუშენებელმა შენობამ უკვე სამი ადამიანი იმსხვერპლა და და თუ იქაურობას დროზე არ დატოვებენ, შესაძლოა თავში ვინმეს რამე დაეცეს", - აღნიშნავს გამოცემა.
"შენობა რომ დაუმთავრებელია, ვიცით, ვიცით ისიც, რომ იქ თაგვების დოღია გამართული. ყოველი გაწვიმებისას რომ წვიმა დეპუტატებს ასველებს, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. ამაზე დიდად არავინ ინაღვლებს. ცუდი ის არის, რომ შენობის მინები იბზარება, ეს კი სახიფათოა. აპარატის თანამშრომლების განცხადებით, ხშირად იბზარება სახურავის მინებიც. მათი გამოცვლა კი ალპინისტებს უწევთ. თუ ეს პარლამენტი დროზე არ გადაიტანეს თბილისში, ახალი სპორტის სახეობა გვექნება - კლდეზე ცოცვის მაგივრად ალპინისტები პარლამენტის სახურავზე ცოცვაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს", - დასძენს გამოცემა.
"პარლამენტის ახალი შენობის სავალალო მდგომარეობამ დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე საგონებელში ჩააგდო. მან გუშინ პარლამენტში საგანგებო შეკრება გამართა, სადაც შეეცადა გარკვევას, ვინ და როგორ აშენებს ამ შენობას. ახალი პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით დეპუტატთა ჯგუფი გუშინ დახურულ ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. "მშენებლობის დამკვეთი შპს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოა, რაც არასწორია - როგორც ირკვვევა, სააგენტომ არ იცის რა უნდა გაკეთებულიყო!" - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ, რომლის თქმით, "ვიღაც მშენებლებს ეტყოდა - ასე უნდა გაკეთდესო, ისინი კი უპასუხებდნენ, ამდენი უნდა გადაიხადოთო და პროცესი ამ დონეზე მიმდინარეობდა", - წერს სტატიის ავტორი.
"პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავ რეკომენდაციით, რომ საკითხის სამართლებრივი შესწავლა მოხდეს, ის საკმაოდ სერიოზულ სამართლებრივ შესწავლას მოითხოვს. შენობისთვის დახარჯულია 360 მლნ ლარი და სამშენებლო პროცესის დასრულებას დამატებით 20-30 მლნ ლარი სჭირდება. თუმცა უნდა დასრულდეს თუ არა მშენებლობა, ვერ დავაკონკრეტებ. პროექტი ჯერ ხელთ არ გვაქვს და არ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. შენობა ექსპლუატაციაში შესული არ არის და მის მდგრადობაზე დასკვნა არ არსებობს. პრინციპში კანონს ვარღვევთ, რადგან ექსპლუატაციას ვუწევთ შენობას, რომელიც ვისი საკუთრებაა, ვერ გავარკვიეთ", - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. იუსტიიის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ პირველი საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტის თბილისში გადმოტანა იქნება", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"როგორც ამბობენ, ახლო მომავალში თბილისის პარლამენტის შენობის რემონტი დაიწყება. პორტალ "ფრომ.გე"-ს ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს დეპარტამენტების თანამშრომლები, რომლებიც საპარლამენტო დარბაზებში ტექნიკურ საკითხებს აწესრიგებენ, თბილისში "ქართუ ჯგუფში" დაიბარეს. ტექნიკური პერსონალის დაახლოებით ოცი წარმომადგენელი "ქართუ ჯგუფში" შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობაში გადაინაცვლებენ და ვითარებას შეისწავლიან. პორტალის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით "ქართუ ჯგუფში" გუშინ თათბირი უკვე მოეწყო და დღეს დანიშნულ თათბირს უკვე პარლამენტის თანამშრომლებიც დაესწრებიან", - დასძენს სტატიის ავტორი.