ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მათი გატაცების გამოძიებას ითხოვენ
"ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტის: გიორგი ცინცაძის, ივანე მეფარიშვილის, ბადრი ოთარაშვილისა და ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ისინი 2011 წლის 26 ოქტომბერს რექტორის მისაღებიდან გაიტაცეს და ძეგვთან ჩამოსვეს. მათი მტკიცებით, გატაცებაში "გეპეის" თვითმმართველობის წევრები უშუალოდ მონაწილეობდნენ. სტუდენტების თქმით, გამოძიება ერთი წლის წინ, მათივე სურვილით არ დაიწყო, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ახალ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს საქმის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას სთხოვენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "გეპეის" სტუდენტები მათი გატაცების გამოძიებას ითხოვენ.
"ერთი წლის წინ უნივერსიტეტში პრობლემურ საკითხებს ვაპროტესტებდით, რექტორის მისაღებში შიმშილობა დავიწყეთ. ამას უნივერსიტეტის თვითმმართველობის გაღიზიანება მოჰყვა. რექტორის მისაღებიდან 15-მდე პირმა ძალის გამოყენებით ჩაგვიყვანა ეზოში უკანა გასასვლელიდან, ფურგონში ჩაგვსვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს. ყველაფერს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის მაშინდელი თვითმმართველობის თავმჯდომარე გიორგი ყულდონაშვილი, რომელიც ახლა უნივერისტეტის მენეჯერია, ასევე სპორტის, კულტურის და სტუდენტებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბორის გითოლენდია, დაცვის უფროსი რეზო კელდიშვილი და კუდ-ის მე-3 განყოფილების უფროსი, ვინმე ლევან ტატიშვილი", -აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინცინდენტის მონაწილე ივანე მეფარიშვილი.
"ჩამოგვსვეს სოფელ ძეგვში, ჩამოგვართვეს ტელეფონები და გაგვაფრთხილეს, რომ საპროტესტო აქტიურობა შეგვეწყვიტა და გვეთანამშრომლა თვითმმართველობასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაგვემუქრნენ: ასე ადვილად მომავალში ვეღარ გამოძვრებითო. ვიცოდით, რომ იმ ხელისუფლების პირობებში სამართალს მაინც ვერ მივაღწევდით და პროკურატურაში საქმე არ აღგვიძრია. თუმცა მედიასთან და სახალხო დამცველთან ფაქტი დავაფიქსირეთ. სახალხო დამცველის მხრიდანაც იყო შემოთავაზება, რომ პროკურატურაში შეგვეტანა საჩივარი, მაგრამ უარი ვუთხარით. ახლა პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა, გაგვიჩნდა განცდა, რომ ახალი პროკურატურა რეალურად გამოიძიებს ჩვენს საქმეს და ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩვენს გატაცებაში დაისჯებიან. ამ 4 პიროვნების გარდა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ჩვენს გატაცებაში, კიდევ იყო დაახლოებით 11 პირი, რომლის ვინაობაც არ ვიცით და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სტუდენტების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და სტუდენტებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბორის გითოლენდია - "არავის გატაცებაში მონაწილეობა არ მიმიღია, სისულელეს აცხადებენ. საერთოდ მოხდა კი ასეთი ფაქტი? მე რატომ დამადეს ხელი, არ ვიცი, თუ პროკურატურაში დამიბარებენ, რა თქმა უნდა, პასუხს გავცემ. ადამიანის გატაცება იმხელა ბრალდებაა, თვითონ თუ იციან ამის შესახებ?", - აცხადებს გითოლენდია, რომლის თქმით, ამ ერთი წლის მანძილზე ”მათთან ჰქონდა ურთიერთობა და მსგავსი პრეტენზია მაშინ არ გამოუთქვამთ". დაიწყება თუ არა საქმის გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა მთავარი პროკურატურის განცხადებით იმ საქმეებზე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არის, გამოძიება დაიწყება" - აღნიშნავს გამოცემა.