ენერგეტიკის სამინისტროში ნოღაიდელის აჩრდილი გამოჩნდა

ენერგეტიკის სამინისტროში ნოღაიდელის აჩრდილი გამოჩნდა

ენერგეტიკის სამინისტროში ნოღაიდელის აჩრდილი გამოჩნდა - კახა კალაძემ მოადგილეებად სააკაშვილის ჩინოვნიკები და საკუთარი ბიზნესპარტნიორები დანიშნა

"ენერგეტიკის ახალი მინისტრის, კახა კალაძის პირველი მოადგილე გია ქავთარაძე იქნება. ქავთარაძე ენერგეტიკოსი არ არის, მაგრამ იგი ყოფილი პრემიერის, ზურაბ ნოღაიდელის დიდი ხნის პარტნიორია. ამ უკანასკნელს კი ენერგეტიკის სექტორში ყოველთვის მნიშვნელოვანი ინტერესები ჰქონდა. ენერგოსპეციალისტები ნოღაიდელს ენერგეტიკული ობიექტების "ჩალის ფასად" გაყიდვის ერთ-ერთ ინიციატორად მიიჩნევენ. მეორე მოადგილე, ასევე წინამორბედი მინისტრების მოადგილე მარიამ ვალიშვილია, რომელიც კალაძის ბიზნესპარტნიორია. ასე რომ, ენერგეტიკის სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებსაც ამ სექტორში ყველაზე დიდი კერძო ინტერესი აქვთ. თავად ენერგეტიკის მინისტრი ჯერ კიდევ "საქჰიდროენერგომშენის" აქციების მსხვილ პაკეტს აკონტროლებს", - წერს გაზეთი"რეზონანსი" სტატიაში სათაურით ენერგეტიკის სამინისტროში ნოღაიდელის აჩრდილი გამოჩნდა / კახა კალაძემ მოადგილეებად სააკაშვილის ჩინოვნიკები და საკუთარი ბიზნესპარტნიორები დანიშნა.

"ოფშორში, კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია "კალა კაპიტალ ლიმიტედი" საქართველოში რეგისტრირებული "კალა კაპიტალის" მთლიანი წილის მფლობელია, ეს უკანასკნელი კომპანია კი "საქჰიდროენერგომშენის" 45%-ს ფლობს. "საქჰიდროენერგომშენი" ჯამში 2254 მგვტ სიმძლავრის 18 ჰიდროელექტროსადგურსა და 4324 მგვტ სიმძლავრის 3 თბოელექტროსადგურს აერთიანებს. "კალა კაპიტალს" ეკუთვნის ასევე კომპანიები: "კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსი" და "კალა იმპექსი". რაც შეეხება კალაძის მოადგილეების ინტერესებს ენერგეტიკულ კომპანიებში: მარიამ ვალიშვილი რომელიც ექსმინისტრ ალეკო ხეთაგურის მოადგილეც იყო, "კალა ენერჯის" ენერგეტიკულ ჯგუფს ხელმძღვანელობს. იგი 2008 წლიდან "საქჰიდრომშენის" გენერალური დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა. ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვალიშვილმა "საქჰიდრომშენის" გენდირექტორის თანამდებობა დატოვა, ხოლო "კალა ენერჯის" ენერგეტიკული ჯგუფის ხელმძღვანელობიდან, სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ, ათი დღის ვადაში გადადგება. თუმც, კანონის მიხედვით, კერძო კომპანიებში თანამდებობები ვალიშვილს ჯერ კიდევ წლების წინ უნდა დაეტოვებინა. მიუხედავად ამისა, ენერგეტიკის სპეციალისტები მარიამ ვალიშვილს ენერგეტიკის სამინისტროში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ კადრად მიიჩნევენ", - აღნიშნავს გამოცემა

"რაც შეეხება გია ქავთარაძეს, იგი წლების განმავლობაში ზურაბ ნოღაიდელის ბიზნესპარტნიორი იყო. ყველას კარგად ახსოვს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება "დამენია, ნოღაიდელი, ვარშალომიძე და ქავთარაძე". გარდა ამისა, ქავთარაძე "კალა კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა. "რეზონანსის" ინფორმაციით, ქავთარაძე კახა კალაძის ბიზნესში ზურაბ ნოღაიდელის რეკომენდაციით მოხვდა. ამჟამინდელ მინისტრთან ბიზნესპარტნიორობამდე გია ქავთარაძე 2005 წელს ცესკოს თავმჯდომარეობდა. იგი 2005-07 წლებში ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროსაც. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებული ზურაბ ნოღაიდელი კახა კალაძის ბიზნესპარტნიორი გახდა - იგი "კალა კაპიტალის" ყველა პროექტს მართავდა. მას შემდეგ, რაც "ნაციონალების რიგებიდან" განდევნილ ნოღაიდელთან მეგობრობის გამო "კალა კაპიტალის" პროექტებს პრობლემა შეექმნა, ნოღაიდელმა ბიზნესიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა", - დასძენს გამოცემა.

"2006 წელს ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზაციას, რომელსაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ახლავს, ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობდა. მისი მინისტრობის პერიოდში მოხდა მოსახლეობის ინტერესების გაუთვალისწინებლად დენის ტარიფის გაზრდა. "ჰიდროელექტროსადგურების საყოველთაო პრივატიზაცია გამოცხადდა, მაშინდელ მთავრობაში მოკალათებულმა ადამიანებმა დენის ტარიფი ხელოვნურად გაზარდეს. ეს სპეციალურად "ენერგო პროსთვის" გააკეთეს და ამ კომპანიას ქართულ ენერგეტიკაში შემოსასვლელად ყველანაირი პირობა შეუქმნეს", - ამბობს ენერგეტიკის ექსპერტი გენო მესხია. ნოღაიდელს მიუძღვის წვლილი იმაში, რომ 2008 წელს სემეკის გვერდის ავლითა და კანონდარღვევით, "ინტერ რაო ეესს" პირდაპირ ხელშეკრულებაში ჩაუწერეს, რომ ხელოვნურად გაზრდილი ტარიფი 2015 წლამდე არ შეიცვლებოდა. ახლა ენერგეტიკის სამინისტროში ნოღაიდელის ბიზნესპარტნიორების მოკალათების შემდეგ დენის ტარიფის შემცირების საკითხი საერთოდ ეჭვქვეშ დადგა", - წერს სტატიის ავტორი და დასძენს:

"კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობას გამოეხმაურნენ ცნობილი ენერგეტიკოსები გურამ ქორიძე და დემურ კახურაშვილი. მათი განცხადებით, კალაძის მინისტრად წარდგენამ დაბნეულობა შეიტანა "ქართული ოცნების" მომხრე ენერგეტიკოსთა რიგებში. "კალაძე რომ შესანიშნავი პიროვნებაა, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ არ შეიძლება კაცს შესთავაზო ის, რაც არ ესმის და არც არასდროს უკეთებია. ენერგეტიკა სპეციფიკური დარგია, რომელშიც ცოდნა-გამოცდილების გარეშე ვერაფერს გააკეთებ, რაგინდ დიდი სურვილიც უნდა გქონდეს. თუ დარგი არ გესმის, კადრებს არ იცნობ, როგორ ჩაუდგები სათავეში მიმართულებას? რა შედეგს გამოიღებს კახა კალაძის უვიცობა ენერგეტიკაში?" - კითხულობენ ენერგეტიკოსები".