"ქართული ოცნების" თავდაპირველი ვერსიით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს სათავეში დეპუტატი გია ცაგარეიშვილი უნდა ჩასდგომოდა, მაგრამ კენჭისყრის პროცესში გაირკვა, რომ ამ პოსტზე ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დამტკიცდა. გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება გუნდმა ერთობლივად მიიღო და მიესალმება. გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაში გადასული ყოფილი უმრავლესობის მუშაობას აფასებს.
- როგორ წარმოგიდგენიათ ყოფილი უმრავლესობა ოპოზიციაში? უკვე ჩანს, რომ მათთან ერთად მუშაობა საკმაოდ რთული იქნება...
- ღმერთმა დაგვიფაროს, ხათუნა გოგორიშვილმა ან აკაკი ბობოხიძემ ამ ქვეყანაში რაიმე საკითხზე პასუხისმგებლობა აიღონ. ჩვენ უკვე ვნახეთ მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობის შედეგი. ამ სისასტიკისა და ანტიქართულობის განსახიერებებმა ქართული საზოგადოება მათხოვრობამდე მიიყვანეს. ამათ და მათ თანაგუნდელებს ნამუსი რომ ჰქონდეთ, საერთოდ არ უნდა იღებდნენ ხმას. თუ ამის შნო და ლაზათი აქვთ, გაგვიწიონ ოპონირება და იმუშაონ ისე, როგორც ღირსეულ ოპოზიციას შეეფერება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი 17-18 წლის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში და შეეჩვივნენ ფუფუნებაში ცხოვრებას. ყველაზე ცუდი ის დაემართათ, რომ მოძალადეებად გადაიქცნენ, საზოგადოებასთან მბრძანებლური ტონით საუბარს შეეჩვივნენ და მიაჩნდათ, რომ ასეც უნდა ყოფილიყო.
- სოციალურ ქსელებში ვრცელდება ყოფილი მინისტრების მიმართვა, სადაც ისინი ევროპულ ალიანსთან ახლო ურთიერთობასა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში მათ დამსახურებაზე საუბრობენ...
- კი, ისეთ გულისამაჩუყებელ წერილებს წერენ, მაგათ რომ უსმინო, დღედაღამ მაგაზე ფიქრობდნენ და ქართველ ხალხს მზე და მთვარე მათზე ამოსდიოდათ. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ისე გამოუვიდათ, "იღბლიან ჯენტლმენებში" რომ ამბობს ერთი პერსონაჟი, - "ვსე პაბეჟალი, ი ია პაბეჟალ"... თუ ბატონი შაშკინი ან ადეიშვილი ასეთი წარმატებული მინისტრები და რეფორმატორები იყვნენ, რომელთაც თურმე ქუჩაში მადლობებს უხდიან, რატომ გაიქცნენ ვირთხებივით ახსნა-განმარტების გარეშე? ახლა გაიარონ ქუჩაში, თუ მაგარი ბიჭები არიან და ვნახოთ, ვინ ეტყვის მადლობას და მადლიერების პასნიშნად შუბლზე ვინ აკოცებს. უბრალოდ კომიკურია ეს მათი ვითომ სევდანარევი განცხადებები, თავის შეცოდებას რომ ჰგავს. დასანანია, რომ ბატონ შაშკინს, ადეიშვილსა და მის კოლეგებს, მათ შორის სისხლისმსმელ ახალაიებს წლების განმავლობაში საშუალება ჰქონდათ ქართველი საზოგადოება თავიანთი სურვილისამებრ ეწამებინათ. მათი ცხრაწლიანი მმართველობის შედეგია ის სიძულვილი, რომელიც ასეთი დიდი დოზით მიიღეს ქართველი ხალხისგან. ახლა კი, რაც უნდა გულისამაჩუყებელი პოსტები წერონ, რეპუტაციას ვერასდროს აღიდგენენ. დაუშვებელია, წლების განმავლობაში დანაშაულს სჩადიოდნენ და ერთ დღესაც დემოკრატიული ოპოზიციის მანტია მოისხან.
- ეს ნიშნავს, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ თქვენი თანაგუნდელები ამბობენ, რომ არავის დევნა არ დაიწყება...
- დიახ, არც დაიწყება. თუმცა შესწავლილი იქნება მათი ავტორობით ჩადენილი კანონდარღვევა, კორუფცია იქნება თუ ადამიანის უფლების შელახვა, რათა მსგავსი შეცდომები სხვებმაც არ გაიმეორონ. არ შეიძლება, ახალაიებს ამდენი დანაშაული შერჩეთ. თუ უდანაშაულოები არიან შაშკინი და ადეიშვილი და არაფერი მიუქარავთ, სად გარბოდნენ?.. 1-ლი ოქტომბრიდან თითქმის ერთი თვე გავიდა, მაგრამ მათგან განსხვავებით, სახლში არავის მივვარდნივართ.
- არადა, მუდმივად გვესმის აწ უკვე უმცირესობის მხრიდან, გვავიწროებენო...
- დაასახელონ ერთი კონკრეტული შემთხვევა მაინც, ჩვენ ყოველთვის კონკრეტულად ვლაპარაკობდით ასეთ ფაქტებზე... ასე რომ, რაც უნდა იწუწუნოს ვითომ საცოდავად კუბლაშვილმა, მოსამართლეებზე ზეწოლა არისო, როცა სასამართლო სისტემა სრულყოფილი გახდება, აუცილებლად დავანახვებთ ხალხს, სინამდვილეში ვინ ახორციელებდა მოსამართლეებზე ზეწოლას. არ გამოუვა ბატონ კუბლაშვილს წამებულის მანტიის მოსხმა. მათ უკვე უჭირთ ოპოზიციონერის სკამზე ჯდომა, ვიცი, რომ ძნელია, მე ორჯერ ვიწვნიე ოპოზიციაში ყოფნა, თან ისეთი ხელისუფლების ოპოზიციაში, როგორიც ეს ავაზაკები იყვნენ. მე შურისძიება არ მალაპარაკებს, უბრალოდ, სამართალმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჭამოს პური... რა მნიშვნელობა აქვს, სად და რომელ კუნძულზე იმყოფებიან ისინი, XXI საუკუნეა, საბედნიეროდ, მსოფლიოში არსებობს ინტერპოლი. მიწის გულში თუ ჩაძვრებიან, არ ვიცი, თორემ დამალვას ვერ შეძლებენ. მათ საქმეებს გიორგი ცაგარეიშვილი, ირაკლი ალასანია ან ბიძინა ივანიშვილი კი არა, სამართლიანი სასამართლო გამოიძიებს.