ზაზა შათირიშვილი:

ზაზა შათირიშვილი: "ხელისუფლებას ენათა არევის თუ, საერთოდ, უენობის სინდრომი სჭირს"

მძევლების გათავისუფლების მიზნით, საქართველოს შსს-მ 28 აგვისტოს, ღამით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია მდინარე ლოპოტის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულად 30 აგვისტოს გამოცხადდა. ცნობილია, რომ სპეცოპერაციისას დაიღუპა სამი ქართველი სამართალდამცავი და 11 დივერსანტი. ამ ოპერაციისადმი უამრავი კითხვა პირველივე დღეებში გაჩნდა. მათი უმეტესობა დღესაც პასუხგაუცემელია. თავდაპირველი ოფიციალური ვერსიით, შეიარაღებულ ჯგუფში საქართველოს მოქალაქეები არ ყოფილან, თუმცა ჟურნალისტებმა მალე გაარკვიეს, რომ მოკლულთა შორის პანკისის ხეობის მკვიდრი ჩვენი თანამოქალაქეებიც იყვნენ. ეს ინფორმაცია დაადასტურა შსს-მაც. თავის მხრივ, დაღესტნურმა ოფიციალურმა გამოცემამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ბრძოლა მოჯაჰედების, კავკასიის იმირატის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მიმდინარეობს: "ჩვ­ე­­ნი ძმები, მოჯაჰედები, საქართველოს ტერიტორიაზე არ­ავითარ ოპერაციას არ გეგმავდნენ. რომ მოენდომებინათ, იოლად ჩაატარებდნენ. მოჯაჰედებს ტყვედ არავინ აუყვანიათ და ეს ტყუილი და ცილისწამებაა საქართველოს მხრიდან. რაც შეეხება ქართულ მხარეს, მათ მუხანათურად გაწირეს მოჯაჰედები და კავკასიის 11 მამაცი შვილი მოკლეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ისინი თვალთმაქცურად იქცევიან, რუსეთის, პუტინის რეჟიმს რომ ასიამოვნონ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები მოჯაჰედების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ მათ, ნუ ატყუებენ საკუთარ ხალხს, ნუ სურთ, ჩირქი მოსცხონ მოჯაჰედებს და ნუ აქვთ იმედი, რომ მუსლიმთა სისხლის სანაცვლოდ რუსების კეთილგანწყობას მოიპოვებენ! ამგვარი მოქმედებებით კიდევ ერთ მტერს გაიჩენთ, რომელიც შურს სასტიკად იძიებს". ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- ინფორმაცია ისეთი მწირი და ფრაგმენტულია, იმდენი რამეა კვლავაც გაურკვეველი, რომ გამიჭირდება ამ პროცესების შე­ფასება. ერთი რამ აშკარაა - ხელისუფლება ლაპარაკობს ბაბილონურ ენაზე, ვგულისხმობ ბაბილონის მშენებლობისას ენების არევ-დარევას. ჯერ გვითხრეს, დაღუპულები (რომლებსაც დივერსანტები არც მინდა ვუწოდო, რადგან გაურკვეველია, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ) საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენო! მერე, როდესაც მათი დამალული ინფორმაცია გა­მჟღავნდა, აღიარეს, იყვნენო და, როგორც იქნა, ცხედრებიც გადასცეს ახლობლებს. არ გამოვრიცხავ, ცოტა ხანში გამოგვიცხადონ, - ვინც იტყვის, თითქოს ჩვენ თავდაპირველად ვთქვით, რომ ჯგუფში საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ - პრორუსული ძალები არიანო.

- სხვათა შორის, შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილის მიერ ამის თაობაზე გაკეთებული განცხადება სამინისტროს ინტერნეტგვერდიდან გაქრა.
- სულაც არ მიკვირს. ეს მათი ხელწერაა. სწორედ ასე იქცეოდა მათი სულიერი მამა - სტალინი. როდესაც ვიღაცას დახვრეტდნენ, მერე ამ ადამიანს დოკუმენტებიდანაც აქრობდნენ. ამ სპეცოპერაციას რაც შეეხება, არ არის გამორიცხული, უფრო შორსმიმავალ, მზაკვრულ გეგმასთანაც გვქონდეს საქმე. ის, რომ სცადეს საქართველოს მოქალაქეების დაღუპვა დაემალათ, ბუნებრივად აჩენს ვარაუდს, რომ ამ პროცესებში სხვაც ბევრი რამ იმალება.

- გავრცელდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადება: "ჩვენ გადავწყვიტეთ, კავკასიაში ზედმეტი დაძაბულობის საბაბი არ შევქმნათ. ამიტომ საქართველოს სიახლოვეს საბრძოლო მოქმედებების სწავლების ჩატარებაზე უარი ვთქვით". - როგორ ფიქრობთ, ეს ამ პროცესს უნებლიეთ დაემთხვა?
- "ნაციონალური" ეთერიდან მოვისმინე, თითქოს შეიარაღებული პირების ლიკვიდაცია მოხდა იმიტომ, რომ მათი რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, რუსეთს მიეცემოდა სალაპარაკო საქართველოში ტერორისტების მო­მზადების თაობაზე… საინტერ­ესო სურათია: ფაქტობრივად, ბოლო 6 წელიწადია, სააკაშვილი გმირულად ებრძვის რუსეთს, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გამოაცხადა, რომ ომში რუსები დაამარცხა, ბეჭზე დასცა და რას აღარ უშვრება. ამ ფონზე კი ჩრდილოკავკასიელებს ანადგურებს იმიტომ, რომ რუსეთს არაფერი ევნოს. ისევ ბაბილონურ ენასთან გვაქვს საქმე. სააკაშვილი, ერთი მხრივ, ებრძვის რუსეთს, მეორე მხრივ კი, აკეთებს ისეთ რამეს, რაც სწორედ რუსეთს აძლევს ხელს. როცა ჩერქეზების გენოციდს აღიარებენ, ამით სწორედ რუსებს უტევს ნუგზარ წიკლაური, თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავთ სპეცოპერაციას და დახოცილ ჩეჩნებსა და ქისტებს. რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებ­ული ადამიანები უკანონოდ არ უნდა დადიოდნენ, მაგრამ კითხვა კითხვად რჩება: რას ემსახურება ინფორმაციის ასეთი გასაიდუმლოებისა და დამალვის მცდელობა? თავის დროზე კავკასიურ ომში ინგლისელები, რუსეთთან დაპირისპირების გამო, სწორედ შამილს უჭერდნენ მხარს, პრინციპით - "ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია", თუმცა არ ვიცი, დღეს ვინ არის ინგლისის როლში… მოკლედ, ხელისუფლებას ენათა არევის თუ, საერთოდ, უენობის სინდრომი სჭირს, რაც, სხვა პრობლემებთან ერთად, ინტელექტის პრობლემაცაა. 

- ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუალედური შეფასება, სადაც ვკითხულობთ: "როგორც მმართველი პარტიის, ისე "ქართული ოცნების" ქმედებები და ურთიერთბრალდების რიტორიკა იწვევს საზოგადოების პოლარიზებას, ქმნის მცდარ წარმოდგენებს და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს"...
- ამჯერად ენ-დი-აი შეეცადა, არც მწვადი დაეწვა და არც - შამფური, ამ შეფასებით გვითხრა, ხელისუფლებაც დამნაშავეა და ოპოზიციაცო. აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ქმედებებზეც, როგორც იქნა, ამოღერღეს - არაპროპორციულად მოქმედებენო. სი­მართლე გითხრათ, ამისთვისაც მადლობის მეტი რა გვეთქმის. "კატის გაზრდილი ლომიდან" ხომ გახსოვთ - აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო? ასე იქცევა ხოლმე ენ-დი-აიც, რომლის "შვილიც" ეს ხლისუფლებაა. ხომ ნახეთ, ენ-დი-აის ოფისში მომუშავე ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში რომ აღმოჩნდა (იგულისხმება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მე-4 ნომერი თინათინ ბოკუჩავა, რომელიც 2009-2011 წლებში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის პროგრამის უფროსი ოფიცერი იყო. - ნ.დ.) როგორც ჩანს, ევროსაბჭოსა და ეუთოს წარმომადგენელთა კრიტიკულმა განცხადებებმა მათზეც იმოქმედა, მოვესწარით იმასაც, რომ ენ-დი-აის საქართველოს ოფისმა, - აქვე ვიტყვი, რომ ყველა ქვეყანას ისეთი ენ-დი-აი ჰყავს, როგორსაც იმსახურებს (იცინის), რაღაცებზე თვალის დახუჭვა ვეღარ გაბედა. არადა, ენ-დი-აი ვისაც უკვეთს ხოლმე გამოკითხვის ჩატარებას, იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან თარხნიშვილიც "ნაციონალური მოძრაობის" სიაშია. 

- 6 სექტემბერს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა საქართველოს. როგორ ფიქრობთ, არჩევნების შესახებ მისგანაც მოვისმენთ მნიშვნელოვან განცხადებებს?
- სავარაუდოდ, ისიც გააკეთებს განცხადებებს სამართლიანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე, როდესაც ასეთი დონის ფიგურა ასეთ დროს ჩადის ქვეყანაში, ეს თავისებურ ელფერს აუცილებლად მისცემს წინასაარჩევნო პროცესებს.

- უკვე ცნობილია, როგორც მმართველი პარტიის, აგრეთვე, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიების შემადგენლობა. რას იტყვით ამ სიებზე?
- "ნაციონალური მოძრაობის" სიებში ძალზე ცოტა ახალი სახეა. ასეთ გადამწყვეტ ვითარებაში ნდობას ყოველთვის ძველ გვარდიას უცხადებენ ხოლმე, თანაც ახალი სახეების მოსაძებნად დროც ნაკლები ჰქონდათ. ანუ, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელისუფლებო მონოლითი კიდევ უფრო შეიკუმშა. ეს ბუნებრივი მოვლენაა.

- "ქართული ოცნების" სია კი ძალიან ჭრელია. მას "აჯაფსანდალიც" კი უწოდეს/.
- კოალიცია არ არის ერთი პარტია, "ქართული ოცნება" დღეს წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების მთელ სპექტრს. იქ არის მემარჯვენეც, მემარცხენეც, ცენტრისტული ძალებიც და ა.შ. დღეს ჩვენ მოწმენი ვართ არა პარტიული ბრძოლისა, არამედ პროცესისა, როდესაც ოლიგარქიული სისტემა დემოკრატიულ სისტემაში უნდა გადავიდეს. ერთ მხარეს ოლიგარქია ხელისუფლების სახით, მეორე მხარეს კი - დემოკრატიული სპექტრი, ამიტომაც მივიღეთ ეს "აჯაფსანდალი". სამომავლოდ, რო­ცა კოალიცია დაიშლება, მივიღებთ სრულიად ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს.

- თუმცა არსებობს კოალიციის დროზე ადრე დაშლის საფრთხე, რამაც შეიძლება სახელისუფლებო კრიზისი გამოიწვიოს. 

- არა მგონია, ასე მოხდეს. დაშლაში ის ვიგულისხმე, რომ "ქართული ოცნების" გარდა სხვა რომ არავინ შევიდეს პარლამენტში, ამ კოალიციის წიაღში შეიძლება დაიბადოს მძლავრი და საინტერესო ოპოზიციური ძალა. როგორც ვიცი, ისეთი მექანიზმებია ჩადებული, რომ კოალიციის ნაადრევი და ერთბაშად დაშლა არ მოხდება. შემთხვევით არ ხდება, რომ ყოვლისშემძლე "ნაციონალური მოძრაობა" ძრწის "ქართული ოცნების" წინაშე და ბიძინა ივანიშვილის გასანეიტრალებლად რაღას არ იგონებს. ახალი ანეკდოტი იცით? - ბაქრაძეს ეჩხუბება სააკაშვილი, - ივანიშვილს ხელი რატომ ჩამოართვიო? ბაქრაძე პასუხობს: რა მექნა, სხვა ყველაფერი შენ ჩამოართვი უკვ­ეო.

- ბატონო ზაზა, ლოპოტის ხეობაში შექმნილმა ვითარებამ საზოგადოებაში კიდევ უფრო გაამძაფრა შიში, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად შესაძლოა ვითარება ქვეყანაში კიდევ უფრო დაიძაბოს, თქვენ რას ფიქრობთ?
- ეს ძალიან აქტუალური კითხვაა, რიგითი მოქალაქეებისგან ხშირად მომისმენია, ეს ხელისუფლება ძალაუფლების შესანარ­ჩუნებლად ყველაფერს იკადრებსო და, ძირითადად, საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი ომის საფრთხეს გულისხმობენ. მე ამას გამოვრიცხავ. თუ ქვეყანაში პროცესები მართლაც გამწვავდა, საფრთხეს სწორედ იმ მიმართულებით ვხედავ, რაც ლოპოტის ხეობაში დატრიალებულმა უბედურებამ დაგვანახვა. ჩემი ვარაუდით, თუ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა ისე, რომ არჩევნებისთვის აღარავის ეცალოს, ეს იქნება არა ქართულ-რუსული კონფლიქტის შედეგი, არამედ სულ სხვა მოვლენა - ცივილიზაციათა შეჯახება. გვესმის ლაპარაკი ისლამისტ ტერორიტსზე, ჯიჰადზე და ა.შ. თუმცა ასეთი დაპირისპირების ალბათობა ძალიან მცირეა. როგორც ჩანს, მავანთათვის ქართულ-რუსული დაპირისპირება არ აღმოჩნდა საკმარისი, აქედან სათავისოდ ბევრი ვერაფერი გამოადნეს. თუ ჩემი ვარაუდი სიმართლესთან ოდნავ მაინც არის ახლოს, შემიძლია გითხრათ, რომ ეს დემონური ჩანაფიქრია. ამაზე არც მინდოდა ლაპარაკი, თუმცა, ალბათ, პრევენციისთვის სჯობს, ყველა საკითხზე საჯაროდ ვილაპარაკოთ.



წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/60268-zaza-shathirishvili-qkhelisuflebas-enatha-arevis-thu-saerthod-uenobis-sindromi-stcirsq.html#ixzz2Ax8b012V