"2008 წლის 16 აგვისტოს ომიდან ორი დღის დაბრუნებული სენაკის 23-ე ბატალიონის ჯარისკაცი, თავდაცვის სამინისტროს მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავი როინ შავაძე ბათუმის ცენტრალური ქუჩიდან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა აიყვანეს და რამდენიმე საათში მისი ცხედარი აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ქაქუთთან ახლოს იპოვეს. როინ შავაძეს სხეულზე 28 ნატყვიარი და უამრავი დაზიანება ჰქონდა. იმ დღესვე გავრცელდა ინფორმაცია შავაძის მოღალატეობის შესახებ, თუმცა გამოძიება არა სამშობლოს ღალატის, არამედ ნარკოტიკების შეძენა-გადაზიდვის ბრალდებით დაიწყო და დღემდე გრძელდება. ოფიციალური ვერსიით, როინ შავაძე ნარკოტიკების შენახვისთვის დააპატიმრეს. როგორც შს იმჟამინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, დაკავებულმა მზვერავმა თბილისში გადმოყვანისას წინააღმდეგობა გაუწია კუდის სპეცრაზმელებს, ბადრაგს იარაღი წაართვა, გაისროლა და გაქცევა სცადა, ამიტომაც "ადგილზე იქნა ლიკვიდირებული". თუმცა ძალოვანებს მხედველობიდან გამორჩათ ის გარემოება, რომ მოკლულს გულმკერდის არეში 22 ტყვია ჰქონდა ნასროლი..." - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით რატომ მოკლეს როინ შავაძე / "საქართველოში აღარ უნდა იყოს სხვა ჩემსავით გამწარებული და გაშავებული ქალი".
"სისხლის სამართლის საქმე დღემდე არ შეწყვეტილა და არც მე მცნეს დაზარალებულად. მოტივი კი ასეთია: "არ არის დადგენილი, რომ გარდაცვლილი როინ შავაძის მიმართ ჩადენილი იქნა დანაშაული. აქედან გამომდინარე, საქმეში არ მოიპოვება საკმაო საფუძველი, რომ გარდაცვლილის ქვრივი ციცინო შავაძე ცნობილ იქნას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ". რა თქმა უნდა, გამოძიებას არ ჩაატარებდნენ და საკუთარ თავს არ დაისჯიდნენ. ძველმა მთავრობამ პასუხი უნდა აგოს ჩემი ქმრის მკვლელობისთვის. როინი მოკლეს იმიტომ, რომ მან აგვისტოს ომის შესახებ იცოდა ისეთი რამ, რაც არ უნდა სცოდნოდა, თორემ მას პირადი მტრები არ ჰყავდა. არ აკმარეს ის, რომ მხეცურად მოკლეს და სამშობლოს მოღალატის სახელიც მიაკერეს. რას უღალატა, ვის უღალატა, რატომ და როგორ? - ამას დამტკიცება ხომ უნდოდა და იოლი ხერხი მოძებნეს - ნარკომანი გამოიყვანეს. კაცი, რომელმაც ოთხი ომი გამოიარა და საქართველოსთვის ცოცხლობდა, მთავრობამ მოკლა. კაცს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა სამშობლოსთვის, დამნაშავის იარლიყი მიაკერეს, მაგრამ ეს მკვდარსაც ვერ დაუმტკიცეს. საქმე ვერ შეკერეს!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე.
"28 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, გადატეხილი ჰქონდა კისერი, წელი, ხელ-ფეხი, თითებიც კი მომტვრეული ჰქონდა და თან ხელში რევოლვერი ეჭირა. მერაბიშვილმა რომ თქვა, ბადრაგს რევოლვერი წაართვა, გაიქცა და იმიტომ ვესროლეთო, წელსა და კისერში გადამტვრეული ადამიანი როგორ უნდა გაქცეულიყო? თუ გაიქცა, თითქმის ყველა ტყვია გულმკერდის არეში როგორ ჰქონდა მოხვედრილი?! ვაჟკაცური იყო და ასეთად დარჩება. მისი მკვლელობიდან ერთი თვის თავზე ევროპის უფლებადამცველ თომას ჰამარბერგს შევხვდი სოზარ სუბართან ერთად. მას შემდეგ შეწყდა ჩვენზე ზემოქმედება - მითვლიდნენ, 50000 ლარი აიღე და გაჩუმდიო. გვითხრეს, შეცდომა მოგვივიდა, ამის სანაცვლოდ ფულს მოგცემთო... შევუთვალე, ჩემი მეუღლის სისხლი და სული არ იყიდება-მეთქი", - განაგრძობს როინ შავაძის მეუღლე.
"ჩემი ნათესავები და ახლობლები დღესაც უმუშევრები არიან, ყველა გაათავისუფლეს სამსახურიდან. ყველანი სოფელში, ერთ სახლში ვიყავით ჩაკეტილი, წყალსაც ვერ ვსვამდით. გვეუბნებოდნენ, რომ წყალს მოგვიწამლავდნენ. გვირეკავდნენ და გვემუქრებოდნენ, გვაშინებდნენ და ქუჩაშიც კი ვეღარ გავდიოდით. სოზარ სუბარს დავურეკეთ და ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა. ჩვენთან ერთად ათევდა ღამეს ჩემი ადვოკატი რამინ პაპიძე, ლადო მგალობლიშვილი - ბათუმის სახალხო დამცველის აპარატიდან. ფორმალურად დამინიშნეს დაცვა. იმ მთავრობამ დამინიშნა დაცვა, რომელმაც ჩემი ქმარი აწამა, მოკლა და როგორ ვენდობოდი?" - აცხადებს ციცინო შავაძე და შეკითხვას - "რატომ ითხოვს თქვენი ადვოკატი რამინ პაპიძე პარლამენტარ გივი თარგამაძის დაკითხვას?" - პასუხობს:
"აუცილებლად უნდა დაიკითხოს გივი თარგამაძე, რადგან სწორედ მან განაცხადა, ეჭვი გვქონდა, შავაძე მოღალატე იყოო. თუ მოღალატე იყო და ეს იცოდნენ, ომში რატომ გზავნიდნენ? როინი ნომერ პირველი მზვერავი იყო და წინა ხაზზე გაგზავნეს მოღალატე კაცი?! ის სამჯერ მიბრუნდა ომში, დაჭრილები გამოჰყავდა, უყურადღებოდ არც გარდაცვლილები დაუტოვებია. მერაბიშვილიცა და ადეიშვილიც არიან პასუხისმგებელი ამ საქმეზე. რა თქმა უნდა, კუდ-მა და სოდ-მა აიყვანა და მოკლა ჩემი ქმარი. "ზემოდან" თუ არ იქნებოდა ბრძანება, ვის შეეძლო მკვლელობის შესრულება? რა ვერ გამოიძიეს ოთხი წლის განმავლობაში? პასუხი იმან უნდა აგოს, ვინც მკვლელობის შემსრულებლებს ედგა სათავეში. ადამიანმა მთელი ცხოვრება სამხედრო სამსახურს და საქართველოს შეალია და ასე "დააჯილდოვეს" ბოლოს!"
"... ქუთაისში ჰყავდათ მისი ნაწილი გადმოყვანილი, ერაყში მიდიოდნენ ისე, რომ როინი არ მიმხელდა. რადგან შინ არ უშვებდნენ, მთხოვა, ჩავსულიყავი და სახლის ეზოდან აღებული მიწა წამეღო. ვკითხე, რად გინდა-მეთქი და მიპასუხა - გეხვეწები, წამომიღე, ლამაზი ყვავილის ნერგი მაქვს, ქოთანში ჩავრგავ და კაბინეტში დავიდგამო. ჩემი ჩატანილი მიწა თურმე ერაყში წაიღო და ისევ უკან ჩამოიტანა. როინი იყო კაცი, რომელიც საქართველოთი სულდგმულობდა... ერთადერთი, რასაც ველოდები, როინის მკვლელების დასჯაა, თორემ მე ისედაც მკვდარი ვარ, ჩემს ქმართან ერთად მომკლეს. ახალ ხელისუფლებასთან მაქვს თხოვნა, სამართლიანად გამოიძიონ ეს საქმე და როინის მკვლელები სამაგალითოდ დაისაჯონ, საქართველოში რომ აღარ იყოს სხვა ჩემსავით გამწარებული და გაშავებული ქალი", - დასძენს ციცინო შავაძე.