არჩევნებამდე  და არჩევნების შემდეგ ციხიდან კრიმინალების გამოშვების პროცესს გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს?!

არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ციხიდან კრიმინალების გამოშვების პროცესს გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს?!

"მაქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე და არჩევნების ჩატარების შემდეგაც ციხიდან გამოიყვანეს ათეულობით პატიმარი, რომლებიც ქურდობისა და ყაჩაღობისთვის იხდიდნენ სასჯელს. ამ პატიმრებს ნაცლიდერებმა კონკრეტული დავალებები მისცეს", - აცხადებს ახალგაზრდული ორგანიზაცია "ივერიელების" თავმჯდომარე ლევან კოჭლოშვილი გაზეთ "ყველას სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თუ ამ ინფორმაციით შს მინისტრი დაინტერესდება, მზად ვარ ახსნა-განმარტება მივცე~.

"მათ ყველა ხერხი უნდა გამოეყენებინათ "ქართული ოცნების" კანდიდატისა და მის მხარდამჭერთა საწინააღმდეგოდ, ცემა იქნებოდა ეს თუ ზემოქმედების სხვა ფორმა. პატიმართა პირველი ნაკადი ციხიდან გამოიყვანა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. ისინი, ძირითადად, ზუგდიდსა და სამეგრელოს სხვა რაიონებში მოქმედებდნენ. შემდეგი ნაკადი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილის ძალისხმევით გამოვიდა ციხიდან, სამტრედიაში მიავლინეს კახა კალაძის მომხრეთა გასანეიტრალებლად. ისინი სპეციალურ წვრთნასაც კი გადიოდნენ. ნაცდეპუტატმა არჩილ გეგენავამ ციხიდან ათეულობით მთაწმინდელი კრიმინალი გამოიყვანა არჩევნებამდე სამი თვით ადრე. მათი თარეში მთაწმინდის რაიონში აშკარად შეიმჩნეოდა, განსაკუთრებით - არჩევნების დღეს. გოკა გაბაშვილმა კი ვაკელი კრიმინალები არჩევნების შემდეგ, სულ რაღაც ორი კვირის წინ გამოიყვანა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან კოჭლოშვილი.

"ამ პროცესს ხელმძღვანელობს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია. ციხიდან სპეციალურად გამოყვანილი კრიმინალები გიგა ბოკერიას მითითებებით მოქმედებენ. ყველა დანაშაული, რომელიც მოხდა არჩევნების შემდეგ - ყაჩაღობა, მკვლელობა, ბანკების ძარცვა - იმ პირთა მიერ არის ჩადენილი, რომლებიც ნაციონალებმა ციხიდან სპეციალური დავალების შესასრულებლად გამოიყვანეს. ამ დანაშაულებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, მაგრამ დღემდე ყველა გაუხსნელია", - განაგრძობს "ივერიელების" თავმჯდომარე.

"ადამიანზე, რომელმაც ინფორმაცია გადმომცა, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ სამგორის რაიონის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომელია, მის ვინაობას კი ვერ გაგიმხელთ, მისივე უსაფრთხოების გამო... იმიტომ უნდა დავუჯეროთ, რომ დადასტურდა ამ ადამიანის მოწოდებული ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან ზონდერჯგუფების შექმნაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ექსკლუზიურად დაიბეჭდა თქვენს გაზეთში. გია უდესიანი ამ და სხვა დანაშაულთა ჩადენის გამო, ქვეყნიდან არის გაქცეული. ეს ინფორმაცია კი წყარომ მომაწოდა იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს ნაცმოძრაობის იმ მზაკვრული გეგმის შესახებ, რომლის განხორციელებასაც უახლოეს პერიოდში აპირებენ" - დასძენს რესპონდენტი.

"ის პატიმრები, რომლებიც ბაჩო ახალაიამ, ლადო ვარძელაშვილმა, არჩილ გეგენავამ არჩევნებამდე სამი თვით ადრე გამოიყვანეს ციხიდან და ის პატიმრებიც, რომლებიც გოკა გაბაშვილმა არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში გაათავისუფლა, საქართველოში დესტაბილიზაციას გეგმავენ - ყაჩაღობას, ქურდობას, ძარცვას და სხვ. სურთ, ქვეყანაში რთული კრიმინოგენური ვითარება შექმნან. მათი მიზანია, წარმოაჩინონ, აი, როგორი უსუსურია ახალდანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი და ახალი ხელისუფლებაო. მთავარი კი, ახალი ხელისუფლების მიმართ ხალხში უნდობლობის დათესვაა", - აცხადებს ლევან კოჭლოშვილი და შეკითხვას - "რა გარანტია არსებობს იმისა, რომ დამნაშავე პირები საჭიროების შემთხვევაში დამკვეთებს არ დაასახელებენ?" - პასუხობს:

"ყველაზე საინტერესო ამ საქმეში არის ის, რომ ნაციონალებმა თადარიგი დაიჭირეს და იმ პირთა შესახებ, რომლებიც ციხიდან გამოუშვეს, ინფორმაცია, მონაცემთა ბაზა განადგურებულია. ეს გააკეთეს ნაციონალებმა. თუმცა, ერთი რამ ვერ გათვალეს, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ერთმანეთის ნათესავი, ნაცნობი ან მეზობელია და ყველასთვის ცნობილია, მისი ნათესავი როდის გამოვიდა და რა საქმისთვის იჯდა ციხეში. იმ შემთხვევაში, თუკი შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ინფორმაციით დაინტერესდება, მზად ვარ, ახსნა-განმარტება მივცე".