პროკურორის დავალება

პროკურორის დავალება

30 ოქტომბერს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩილ კბილაშვილის პირველი სამუშაო დღე თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო და მედიისათვის გამართული საგანგებო ბრიფინგით გაგრძელდა, რომელზეც კბილაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში საკადრო ცვლილებებისათვის მას ერთი კვირა დასჭირდება - სწორედ ამ ვადაში შეიცვლება ყველა მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირი და მათი მოადგილეები, თბილისის პროკურორი და ასევე პროკურორები როგორც საოლქო, ისე რეგიონალურ დონეზე. არჩილ კბილაშვილმა ყველა მოქმედ პროკურორს ასევე დაავალა ორი კვირით გადადონ სასამართლოებში საქმეების არსებითი განხილვა.

”არ გვინდა გაიზარდოს იმ უდანაშაულო ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა, დამნაშავედ ცნონ” - ასეთია ახალი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, პირველივე ინიციატივის მთავარი არგუმენტი. ინიციატივა კი ასეთია: კბილაშვილმა ყველა პროკურორს დაავალა ორი კვირით გადადონ იმ საქმეების არსებითი განხილვა, რომელიც ამ დროისათვის საერთო სასამართლოშია დანიშნული. მიზანი ერთია - რაც შეიძლება ნაკლები უკანონო განაჩენი, აცხადებს არჩილ კბილაშვილი და ადვოკატებსაც მოუწოდებს შემდგომი ორი კვირა გამოიყენონ და დამატებითი ახსნა-განმარტებებით მიმართონ ბრალდების მხარეს:

 ”მიმდინარე რეჟიმის პირობებში არ შეიძლება, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნოს პირი, რომლის მიმართაც საქმის წარმოება სამი-ოთხი თვის წინ დაიწყო და დღეს უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა და, სავარაუდოდ, იგივე ხელწერით ხასიათდება ბრალდება, რომელიც, საერთო ჯამში, ჩვენ მიერ დაგმობილია. სწორედ ამიტომ, განახლებული პროკურორები ხელახლა გადახედავენ იმ ბრალდებებს, რაც წარდგენილია ამა თუ იმ ბრალდებულის მიმართ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას - ან დავუჭერთ მხარს ბრალდებას და გავაგრძელებთ სასამართლო განხილვას, ან მოვხსნით ბრალდებას და პირს პასუხისმგებლობისგან გავათავისუფლებთ”.

ეს განცხადება არ ეხება აღკვეთის ღონისძიებებს, ასევე იმ შემთხვევებს, როდესაც იწურება ცხრათვიანი საპროცესო ვადა ან საპროცესო შეთანხმების შედეგად ადამიანმა უახლოეს ორ დღეში უნდა დატოვოს ციხე - მას კიდევ ორი კვირა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ დატოვებენ.

არჩილ კბილაშვილმა ერთკვირიანი ტაიმ-აუტი ითხოვა საკადრო ცვლილებების გატარებისთვისაც - ეს დრო, მისი თქმით, ამ ორგანოს განახლებისათვის სჭირდება. განახლებაში კი იგულისხმება წამყვანი თანამდებობის პირთა სამსახურებიდან დათხოვნა - მათ შორის, ზედა დონის ხელმძღვანელების, მათი მოადგილეების, საოლქო პროკურორების, თბილისის პროკურორის და მისი მოადგილის შეცვლა. რაიონებში პროკურორების შეცვლის საკითხი კი ინდივიდუალურად გადაწყდება.

ახალმა პროკურორმა საზოგადოებას მოუწოდა, თუ ისინი ბოლო წლების განმავლობაში დანაშაულის მსხვერპლნი ან მომსწრენი გახდნენ და დღემდე შიშის თუ სხვა მიზეზით ამაზე არ ლაპარაკობდნენ, მიმართონ მთავარ პროკურორს, რომელიც, თავის მხრივ, პირობას დებს, რომ მათი განცხადებები უყურადღებოდ არ დარჩება. პირობებს შორისაა ყველა დაუსრულებელი საქმის გამოძიებაც. საქმე აღიძვრება იმ თანამდებობის პირთა მიმართაც, ვის ბრალეულობასაც გამოძიება გამოკვეთს:

”ყველა საქმე, რომლის გამოძიებაც არ არის დასრულებული, დასრულდება და გამოვიძიებთ. ყველა საქმე, რომელშიც ოჯახს, დაზარალებულს მიაჩნია, რომ გამოძიება არასწორად იყო წარმათული, თუნდაც დასრულებული იყოს, კიდევ ერთხელ გადაისინჯება, გამოძიება გაგრძელდება და მივა ლოგიკურ შედეგამდე“.

მედია დაინტერესდა, გამოიძიებენ თუ არა ხელახლა ისეთ გახმაურებულ საქმეებს, როგორიც, მაგალითად, ფოტოგრაფების ან დემეტრაძის საქმეები იყო, რაზეც არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ამ მოთხოვნით თავად დაზარალებულმა უნდა მიმართოს პროკურატურას. თუ ის არ მიიჩნევს, რომ მის მიმართ უკანონო განაჩენი გამოიტანეს, საქმე ვერ გადაისინჯება.
სხვათა შორის, 30 ოქტომბერს მთავარ პროკურორს ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახმა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უკვე მიმართა თხოვნით, ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, ხელახლა გამოიძიონ ეს საქმე.

არჩილ კბილაშვილმა თავისი პირველ სამუშაო დღის დასაწყისში ასევე მოუწოდა ყველა იმ ადამიანს, ვინც თავს პროკურატურის თანამშრომლად მოიაზრებს და სურს იქ მუშაობა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება, უახლოესი ორი დღის განმავლობაში თავისი მონაცემები გადაგზავნოს მისამართზე - www.justice.gov.ge

 ამჟამინდელი საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ყოფილი მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე საკადრო ცვლილებებში ცუდს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ ეს ახალი მენეჯერის უფლებაა, თუმცა სკეპტიკურად უყურებს კბილაშვილის ინიციატივას საქმეების შეჩერებასთან დაკავშირებით:

”არ მგონია სწორი გადაწყვეტილება იყოს თავიდანვე უნდობლობის რიტორიკით საქმის დაწყება მთავარი პროკურორის მხრიდან, რადგან ეს გააჩენს უნდობლობას პროკურორებში, შიშს თანამშრომლებს შორის. არც ის მესმის, როგორ უნდა გააჩერონ ორი კვირით საქმე, როცა მას კონკრეტული საპროცესო ვადები აქვს და ამ ორმა კვირამ ელემენტარულად ეს საპროცესო ვადა დაარღვიოს”.

დავით საყვარელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე შენიშნავს, რომ პროკურატურას აქამდეც ჰქონდა ფუნქცია რეაგირება მოეხდინა ნებისმიერი ადამიანის განცხადებაზე, ვინც მიიჩნევდა, რომ მისი უფლება დაირღვა, და თუ უწყება საჭიროდ ჩათვლიდა, იწყებოდა გამოძიებაც, თუმცა ამჯერად კბილაშვილის მოწოდებას შესაძლოა გამოეხმაურონ ის ადამიანებიც, ვის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი ყველა პროცედურის დაცვით გამოიტანა სასამართლომ. როგორ, რა რესურსით აპირებს ახალი პროკურორი ამ საქმეების გადახედვას, საყვარელიძეს ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ აქვს. ის ფიქრობს, რომ კბილაშვილს, როგორც ახლა უკვე სახელმწიფოს მთავარ ადვოკატს, საჯარო ინტერესების განხორციელების პირობებში სხვა გამოწვევები ექნება:

”მე ვფიქრობ, რომ ფილტრის დაყენება ძალიან რთული იქნება. ის ადამიანებიც, ვის მიმართაც ყველა პროცედურის დაცვით გამოიტანა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი, ისინიც შეეცდებიან, სხვადასხვა პოლიტიკურ თუ დევნის სარჩულს ამოფარებულებმა, მოითხოვონ ჯარიმების დაბრუნება ან მოსთხოვონ სახელმწიფოს რეაბილიტაცია.. მე არ მგონია, რომ ამხელა პასუხისმგებლობის აღება შეუძლია პროკურატურას. ან ვინ იქნება ფილტრი, ვინ შეაფასებს რამდენად სამართლიანია მომჩივანის მოთხოვნა, - ამ ყველაფრის ლოჯისტიკა საკმაოდ რთული იქნება”.

ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია არჩილ კბილაშვილს პირველი რიგის ამოცანად პროკურატურის გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით შევსებას ურჩევს და იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი ადამიანები იმ დეპარტამენტში მაინც იმუშავებენ, ვისაც ძველი საქმეების გადახედვა დაევალება. რაც შეეხება მთავარი პროკურორის ინიციატივას საქმეების დროებით შეჩერების თაობაზე, მუხაშავრია ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას აქვს თავისი გამართლება:

”არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს და ევროკომისარიც კი მიუთითებდა, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში წარმმართველი როლი პროკურატურას ჰქონდა და არა სასამართლოს. ცოტა უცნაურია სამართლებრივი თვალსაზრისით მთავარი პროკურორის მოთხოვნა, მაგრამ სამართლიანობის თავლსაზრისით თუ განვიხილავთ, შეიძლება გამართლებულიც იყოს, რომ ორი კვირით შეჩერდეს საქმეთა განხილვა”.

დაბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ რადგან საქართველოს კანონმდებლობით მთავარ პროკურორს პარტიული საქმიანობის უფლება აღარ აქვს, არჩილ კბილაშვილი დღეიდან აღარ არის პარტია ”ქართული ოცნების” წევრი.