ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი კრაზანის შემოსევას ებრძვის. რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირებულმა ფაქტმა - ორი მამაკაცის სიკვდილმა, რომელთა სავარაუდო მიზეზად კრაზანის ნაკბენი სახელდება, სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა.
საინტერესოა რამ გამოიწვია კრაზანის მასობრივი მომრავლება?
მაშინ, როდესაც ხელისუფლება ფაროსანას წინააღდეგ ბრძოლას სხვადასხვა გზით ცდილობდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში შემოეყვანათ იაპონური ჯიშის კრაზანა - „სამურაი“, რომელიც მავნებლის რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებდა. 2018 წლის მარტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. თუმცა, ძალიან მალე, საქართველოში კრაზანები საგრძნობლად მომრავლდა და, როგორც ვნახეთ, ლეტალური შედეგიც დადგა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენჯერმე დავუკავშირდით იმის გასარკვევად, რამდენად ეხებოდა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა კრაზანის მომრავლებას, თუმცა როგორც ოფიციალურ უწყებებს სჩვევიათ, კითხვაზე პასუხი არავინ გაგვცა.
კრაზანის მასობრივი მომრავლება განსაკუთებულ ზიანს მეფუტკრეებს აყენებს, რადგან ის ძირითადად ფუტკრით იკვებება. ზესტაფონის სოფელ ქვედა საზანოში მცხოვრები ფერმერები ფაროსანას შეწამვლის დროს გადარჩენილ ფუტკარს ახლა კრაზანისგან იცავენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ფერმერი, ზაზა დავლაძე საკუთარ შეხედულებას გვიზიარებს: „ფუტკარს კრაზანის სახით ახალი მტერი გამოუჩნდა. ის რამდენიმე მსხვილ ფუტკარს იტაცებს და ამით დიდ საფრთხეს უქმნის მეფუტკრეობას, რომელიც უდიდეს სიმდიდრეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. აქამდე ფუტკარს ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლამ მიაყენა დიდი ზიანი, ახლა კი კრაზანისგან გვიწევს მათი დაცვა და ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყაროს გადარჩენა. ფაროსანას შეწამვლის დროს დაზიანდა დიდი ოდენობის ფუტკარი, ხოლო ფუტკრის ჯიშის გადაშენებამ, დამეთანხმებით, რომ კატასტროფული შედეგი შეიძლება მოუტანოს ჩვენს დედა-ბუნებას. ფუტკრის გარეშე დამტვერვა არ ხდება, დამტვერვის გარეშე კი მოსავალი წარმოუდგენელია“, - ამბობს დავლაძე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კითვა დავუსვით ფუტკრის მოშენების, შენახვისა და მეფუტკრეობის პროდუქტების მიღების სპეციალისტ, ლაშა გურგენიძეს.
რას შეიძლება დავუკავშიროთ კრაზანის ასეთი მომრავლება?
ლაშა გურგენიძე: კრაზანა სულ იყო, თუმცა ასეთი რაოდენობა ნამდვილად იშვიათია. პირველ რიგში, გამომწვევ მიზეზად აუცილებლად უნდა დავასახელო კლიმატური ცვლილებები, დღესდღეობით ჩემი დაკვირვებით რამდენიმე სასარგებლო მწერი არის გადაშენებული, რომელიც ნიადაგის განოყიერებას უწყობდა ხელს. რა თქმა უნდა, თავისი გავლენა აქვს მაღალ ტემპერატურასაც, წვიმის და სიგრილის პერიოდში კრაზანა ვერ და არ გამრავლდება. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მეფუტკრეობის განვითარება. კრაზანა არ გამრავლდება იმ ადგილას, სადაც არ არის ფუტკარი. შესაბამისად მეფუტკრეობის განვითარება, კლიმატური და ტემპერატურის ცვლილებები შეიძლება კრაზანის მომრავლების გამომწვევ მიზეზებად ჩაითვალოს.
არსებობს თუ არა კავშირი ფაროსანასთან ბრძოლასა და იმ კრაზანის მომრავლებას შორის, რომელიც ასე აწუხებს დღეს მეფუტკრეებს?
- კრაზანა 90-იანი წლებიდან მოყოლებული იყო საქართველოში. მას ფუტკრის მგელს ეძახიან. კრაზანას ბარტყს შვიდი ცალი ფუტკარი სჭირდება, რომ გამოიკვებოს. აქედან გამომდინარე, ჩვენც მარტივად დავასკვნით, თუ რა დონის ზიანი შეიძლება მიაყენოს მან ფუტკარს. რაც შეეხება კრაზანასა და ფაროსანას შორის კავშირს, იაპონური კრაზანა, კერძოდ „სამურაი“ ფაროსანას კვერცხებზე დებს თავის გამოჩეკილ კვერცხს. ის ფრთიან ჭიანჭველას წააგავს. მარტივად რომ მიგახვედროთ, ფაროსანას ათი კვერცხიდან სამურაი შვიდზე თავის კვერცხს დებს და სამს ტოვებს, რადგან შთამომავლობა არ გადაშენდეს და საკვები ჰქონდეს ფაროსანას სახით. ის მხოლოდ არეგულირებს ფაროსანის რაოდენობას, ბოლომდე მოსპობა არ შეუძლია.
ფაროსანას ვებრძვით, თუმცა ისეთ სიმდიდრეს ვაყენებთ საფრთხის ქვეშ, როგორიც ფუტკარია.
რამდენიმე ფერმერი ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიბებს მიუღებლად მიიჩნევს, თქვენ რამდენად მისაღებად მიგაჩნიათ ის გზები, რითაც მთავრობა ფაროსანას ებრძოდა კრიტიკული პერიოდის დროს?
- პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ფაროსანა ჭირია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ყველას კარგად მოეხსენება ამერიკაში დღემდე ებრძვიან ფაროსანას. მაგრამ, აქ მთავარია, თუ რამდენად ეფექტური გზებით ებრძვი მას. საქართველოში შემოიტანეს ისეთი პრეპარატები, რომლებიც ზესტაფონის ან ხარაგაულის მსგავს ადგილებში არ ჭრის, რადგან ამ ტერიტორიაზე ათი სახლიდან რვა მაინც დაკეტილია. შესაბამისად, შეწამვლამ ქაოტური ხასიათი მიიღო, იწამლებოდა მხოლოდ ის ადგილები, სადაც ფაროსანას ხედავდნენ და მასშტაბურად მის წინააღმდეგ ბრძოლა არ გაჩაღებულა. ამასთან, არ გაითვალისწინეს ქართველი მეცნიერების არც ერთი მოსაზრება, აღნიშნულ პრეპარატებთან დაკავშირებით. კიდევ ერთი შეცდომა იყო ის, რომ შეწამვლა მოხდა ფუტკრის ღალიანობის პერიოდში. ამ დროს სკიდან გაფრენილი ფუტკარი, რომელსაც ამავდროულად ევალება სკის გასუფთავება და ტკიპებისგან თავის დაცვა, უკან ვეღარ ბრუნდებოდა, რის შედეგადაც ტკიპების რაოდენობა 100 პროცენტით გაიზარდა. ბევრმა მეფუტკრემ ეს ვერ შენიშნა და უამრავი ფუტკარი დაეღუპა.
ეკოსისტემა საკმაოდ რთული საკითხია, რომელიც კაბინეტებიდან ვერაფრით გადაწყდება. სწორედ ამგვარმა გადაწყვეტილებებმა მოგვიტანა ასეთი უარყოფითი შედეგი, ფაროსანა ბოლომდე ვერ გადავაშენეთ და თანაც, უდიდესი ზიანი მივაყენეთ ფუტკარს.
როგორ შეიძლება საზოგადოება ებრძოლოს კრაზანის შემოსევას?
- მთავრობისგან განსაკუთრებულ დახმარებას არ მოველი. ხარაგაულში უსასყიდლოდ დავდიოდი სახლებში და ჩემი ინიციატივით ვეხმარებოდი მოსახლეობას, ვისაც განსაკუთრებით აწუხებდა კრაზანის პრობლემა. ძირითადად ვიყენებ ნავთობპროდუქტს, იქნება ეს ბენზინი თუ დიზელი. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ცეცხლი არ უნდა წავუკიდოთ, რადგან მისი ბუდე ხის მერქნისგან არის დამზადებული და როგორც კი ნავთობპდორუქტი მიესხმება, მის შიგნით არსებული კრაზანა მთლიანად იღუპება. დიზელი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, გამომდინარე იქიდან, რომ ზეთოვანია, დიდხანს რჩება ერთ ადგილას. კრზანები განსაკუთრებით არაეფექტურები ღამის პერიოდში ხდებიან, კბენის ინსტინქტი ნაკლებად განვითარებული აქვთ მაგ დროს. შეიძლება დაიბუდოს ფუღუროში, სახლის კედლებზე, სხვენებში.
მეორე ხერხიც არსებობს მის წინააღმდეგ საბრძოლველად - ორლიტრიანებში, ან ერთლიტრიანებში უნდა ჩაასხან შაქრის სიროფი და ჩაყარონ რამდენიმე სახეობის ხილი, ვაშლი, მსხალი ან ქლიავი და ჩამოკიდონ ხეზე. მასში ჩასული კრაზანა უკან ვეღარ ამოდის. რაც მთავარია, თაფლი არ უნდა გამოიყენონ, რადგან ამ შემთხევაში ფუტკრებს მიიზიდავენ და ისინი დაზიანდებიან, შემდეგ უკვე 3-4 დღეში უნდა ცვალონ ეს სიროფი. სწორედ ეს ორი ხერხი შეიძლება გამოიყენოს საზოგადოებამ და ებრძოლოს კრაზანას.
რამდენად ცუდი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს კრაზანის ნაკბენმა?
- ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ, უმჯობესია ალერგოლოგისგან მივიღოთ რეკომენდაციები, თუმცა ჩემი რჩევებიც შეიძლება გამოგადგეთ. თავდაპირველად, მინდა ზესტაფონში მომხდარ ამბავს გამოვეხმაურო. თუ ადამიანი ალერგიულია და დროულად არ მოხდა შესაბამისი რეაგირება, მაშინ ორმა ან სამმა ნაკბენმა შეიძლება ფატალური შედეგი მოგვცეს. ხარაგაულშიც დაკბინა რამდენიმე ადამიანი, ოღონდ მედიამ ეს ფაქტი საერთოდ არ გააშუქა, მხოლოდ ადგილობრივ დონეზე გავრცელდა. კბენის დროს თუ ადამიანი ტყეში იმყოფებოდა, მეორე ადამიანმა ის ზურგზე უნდა მოიკიდოს და თავდაყირა მიიყვანოს გზამდე, თორემ ნაკბენი სისხლის მიმოქცევას აფერხებს. განსაკუთრებით მძიმე შედეგი მაინც ალერგიულობის ფონზე ხდება.
ყველაფერი ფაროსანას შემოსევის პრობლემით დაიწყო. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს და რამდენად ემხრობით მასობრივ შეწამვლას?
- ის პრეპარატები, რომლებიც მათ გამოიყენეს, არ იყო მიზანშეწონილი. ამაზე რამდენიმე მეცნიერთანაც მქონდა საუბარი. მასშტაბურ შეწამვლაზე უარს ვამბობ, რადგან ის ფაროსანის გარდა სხვა სახეობებსაც აზიანებს, რომლებიც საჭიროა ნიადაგისთვის. თქვენც ხედავთ, რა შედეგი მოიტანა ამ შეწამვლამ, მეფუტკრეები ფუტკრის გარეშე დარჩნენ და შემოსავლის მთავარი წყარო გაუნადგურდათ. ეკოსისტემა რეგულირებადი მექანიზმია, ეს ფაროსანაც რამდენიმე წელში, 3-4 წელში განადგურდებოდა არა ხელოვნური გზით, არამედ ბუნებრივი გზით. მას თავისივე პარაზიტი გაუჩნდებოდა. ბუნება თავად მოაგვარებდა ამ პრობლემას, ჩვენ კიდევ ერთ პრობლემას მეორე და მესამე დავამატეთ და უარეს დღეში ჩავიგდეთ თავი. მე უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნია ის, რომ ყველამ ცალ-ცალკე შეწამლოს კონკრეტული ადგილები და არა მასშტაბურად. შეიძლება ისეთი რაღაც გავაფუჭოთ, რის აღდგენასაც წლები დასჭირდეს და ბუნება ამ ხელოვნურ ჩარევას არ გვაპატიებს. ფაროსანა მაინც არის, ბოლომდე არ განადგურებულა, იმ შხამქიმიკატებით კი სანაცვლოდ ფუტკარი გვინადგურდება.
მიუხედავად აღნიშნული ფაქტით გამოწვეული მძიმე მდგომარეობისა, როგორც მეფუტკრეებისთვის, ისე დანარჩენი მოსახლეობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს.
For.ge სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც რამდენჯერმე დაუკავშირდა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. გვინდოდა გაგვეგო რამდენად სწორად იყო შეფასებული ის რისკები, რაც თან ახლდა ფაროსანის წინააღმდეგ მასობრივ შეწამვლას და რამდენად გაითვალისწინეს ქართველი სპეციალისტების აზრი პრეპარატების გამოყენების პროცესში, თუმცა, ამჯერდაც, ყოველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მოსახლეობას კვლავ თავისი სახსრებით უწევს რამდენიმე პრობლემასთან გამკლავება, რაც ხელისუფლებისადმი ნდობას კიდევ უფრო ასუსტებს.