კვერცხზე მოთხოვნამ მკვეთრად იმატა, ამჯერად პროდუქტი არ გაძვირდება, თუმცა მერე ფასი, ალბათ, გაიზრდება

კვერცხზე მოთხოვნამ მკვეთრად იმატა, ამჯერად პროდუქტი არ გაძვირდება, თუმცა მერე ფასი, ალბათ, გაიზრდება

ბოლო პერიოდში კვერცხზე მოთხოვნა ძალიან არის გაზრდილი და ეს მხოლოდ წინასააღდგომო დღეებს არ უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ბაზარი სრულად ადგილობრივი წარმოების კვერცხით მარაგდება, იმპორტი განულებულია და უცხოეთიდან პროდუქტი არ შემოდის.

თურქეთში, რომელიც საქართველოს მთავარი მომწოდებელია, კვერცხის დეფიციტია, ამიტომ იმპორტი შეწყდა, მოთხოვნის 100-ვე პროცენტის დაკმაყოფილება კი ადგილობრივი ფაბრიკებიდან ხორციელდება. ბაზრიდან იმპორტის დროებით შეწყვეტამ კი გამოიწვია ის, რომ ადგილობრივი წარმოების კვერცხზე მოთხოვნა გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, სააღდგომო პერიოდში კვერცხზე ფასების ცვლილება მოსალოდნელი არ არის, რაც დაადასტურა კიდეც მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა დაკუმისისდამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა: კვერცხზე მოთხოვნა ჩვეულებისამებრ ძალიან გაზრდილია. რაც შეეხება ფასებს, არ შეიცვლება“.

მიმდინარე კვირაში დამატებით 10%-ით მოიმატა მოხმარებამ, თუმცა შიდა ბაზრის დაკმაყოფილების პრობლემა არ არსებობს.

ბოლო წლებში დიდი რაოდენობით იმპორტი შემოდიოდა. აშშ-ში იყო ქათმის გრიპი, ამიტომ თურქული წარმოება გადაერთო მთლიანად ამერიკულ ბაზარზე და საქართველო აღარ აინტერესებთ. აქედან გამომდინარე, დროებით, სანამ ეს პრობლემა არსებობს, შეწყდა საქართველოში თურქეთიდან იმპორტი, თუმცა ეს დროებითია და არ არის გამორიცხული, როგორც კი დარეგულირდება ამერიკის ბაზარი, ისევ გადმოერთონ ჩვენსკენ.

რა თქმა უნდა, მოიმატა ჩვენმა რეალიზაციამ, არა მარტო რეალიზაციამ, მოთხოვნაც გაიზარდა, ზოგადად. არ ვიცი რისი ბრალია, უფრო მეტი კვერცხის ჭამა დაიწყო მოსახლეობამ თუ სხვა პროდუქტებია ძვირი და ამიტომ გაიზარდა კვერცხზე მოთხოვნა, - განაცხდა კოდას გენერალური დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილმა.

ამ ეტაპზე კვერცხზე ფასი სტაბილურია და საფასო პოლიტიკის ცვლილება წინასააღდგომოდ არ განიხილება, თუმცა როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, ერთ-ერთ მთავარ სამომხმარებლო პროდუქტზე ფასი წლის დასაწყისში გაზარდეს, რაზედაც დიდი გავლენა ფრინველის საკვებზე მზარდმა ხარჯმა იქონია.

წინასააღდგომოდ არანაირად არ იგეგმება ფასების გადახედვა, არა მხოლოდ სააღდგომოდ, თუ რამე რადიკალურად არ შეიცვალა უახლოესი 6 თვის განმავლობაში არ იგეგმება ჩვენს პროდუქციაზე ფასების მატება. ბოლოს ფასებს გადავხედეთ წლის დასაწყისში და ეს იყო დაახლოებით 2%-იანი მატება, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ 30%-ით გაგვიძვირდა ძირითადი საკვები კომპონენტები - სიმინდი, ხორბალი. დაახლოებით 60 თეთრი ღირდა სიმინდი დეკემბერში და დღეს ღირს 90-95 თეთრი, - განუცხადა ბიზნეს მედიას ჭუჭულაშვილმა.

შესაძლოა, მწარმოებლებს კვერცხზე ფასის გადახედვა მაინც მოუწიოთ. ამის მიზეზია ის, რომ რუსეთმა, საიდანაც მარცვლეულის ძირითადი ნაწილი შემოდის, სიმინდის ექსპორტი საერთოდ აკრძალა.

არასტაბილურია მარცვლეულის მოწოდება, ასევე მისი ღირებულება. ბოლო წლებში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია ხორბლის და სიმინდის ფასმა. შარშან თუ მერყეობდა ხორბლის და სიმინდს ფასი 1 ტონაზე 600-700 ლარამდე, წელს 1000 ლარამდეა მისული. ამასთან, რუსეთმა საერთოდ აკრძალა სიმინდის ექსპორტი მცირე მოსავლიანობის გამო.

საკვების გაძვირება პრობლემაა, რადგან კვერცხის თვითღირებულების 80%- საკვები განსაზღვრავს. ბოლო კვირებში გაძვირება არ მომხდარა და სტაბილური ფასია, თუმცა თუ ასეთი პროგრესიით წავა მარცვლეულის გაძვირება, იძულებული გახდებიან ფერმერები პროდუქცია გააძვირონ. ახალ მოსავლამდე არ ველოდებით, რომ მარცვლეულზე ფასი დაბლა წამოვა, - აღნიშნა ინვეტ ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით შალამბერიძემ.

კვერცხი იმ პროდუქციის ჩამონათვალში, რომლის თვითუზრუნველყოფასაც საქართველო წლებია ახერხებს. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში სამომხმარებლო ფრინველის კვერცხის იმპორტი არ განხორციელებულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში არც საქართველოდან განხორციელებულა სამომხმარებლო კვერცხის ექსპორტი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, კვერცხის ფასი 2.64%-ით გაიზარდა.